ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

სკანდალი: საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საფრთხე ემუქრება

მწერალი, მთარგმნელი და რედაქტორი გვანცა ჯობავა სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს წარსადგენ პროექტს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საფრთხე ემუქრება. გვანცა ჯობავა “ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს” მიმართავს და  ოფიციალურ პასუხს ელოდება, თუ რამ მიიყვანა დეა მეტრეველი იმ ნაბიჯამდე, რომ მან, პროექტამდე რამდენიმე თვით ადრე,  გათავისუფლებაზე განცხადება დაწერა.

გთავაზობთ გვანცა ჯობავას განცხადებას უცვლელად:

SOS!!!! ყველას, ვისთვისაც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენის ბედი სულერთი არ არის! მივიღე გამაოგნებელი ინფორმაცია, რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა სამსახურიდან განთავისუფლების მოთხოვნით განცხადება დაწერა! წიგნის ცენტრიდან ამ საკითხზე დადასტურება არ მაქვს, თუმცა, ჩემი, სულ სხვა წყაროდან მიღებული, ინფორმაცია, ფაქტობრივად, სარწმუნოა!

ვფიქრობ, თუ ვინმეს ამ ცუდ ამბავზე შეუძლია კომპეტენტური აზრი გამოთქვას, ერთ-ერთი ნამდვილად მე ვარ, რადგან 2014 წლიდან, როდესაც ამ პროექტს ხელი მოეწერა, და იქამდეც, სხვადასხვა სტატუსით, ჩართული ვარ ამ პროექტის მზადების ყველა პროცესში, მაქვს მუდმივი თანამშრომლობა დეა მეტრეველთან, ვარ და ვყოფილვარ მისი პარტნიორიც და გუნდის წევრიც, ერთ აზრზეც ვყოფილვართ და კიდეც გვიკამათია, ჯანსაღი ოპონირებაც გვქონია, მაგრამ ყოველთვის მივსულვართ კონსესუსამდე, იმიტომ რომ მე ამ ადამიანში მუდმივად ვხედავ უდიდეს ენთუზიაზმს, შრომისმოყვარეობას, პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და თავგანწირულ სიყვარულს იმ საქმის, რომელსაც ემსახურება, რაც ძალზე იშვიათია ჩვენს რეალობაში. დეასთვის ფრანკფურტის პროექტი ცხოვრების პროექტია, რომელსაც ძალიან ბევრი წელი, ენერგია, გული და სული შეალია, და ზუსტად ვიცი, რომ ადამიანები ცხოვრების პროექტიდან ასე ჩვეულებრივ არ მიდიან. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ დეამ ასეთი ნაბიჯი გადადგა, თუ ვინმემ მას ენთუზიაზმი ჩაუკლა, ჩემთვის პირადად ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობა კატასტროფულად საგანგაშოა, და მას კი ამ დროს ხელ-ფეხი აქვს შეკრული. თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ მისი მოთხოვნა არ დადასტურებულა და არც დადასტურდება!

ბოლოს კი, რადგანაც ძალიან კარგად ვიცნობ ამ ურთულესი პროექტის სპეციფიკას, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ მიმაჩნია, პროექტის განხორციელებამდე რამდენიმე თვით ადრე პროექტის მენეჯერის შეცვლა ნიშნავს, რომ პროექტი ჩავარდება! რომ ის დიდი წარმატება, რომელსაც წლევანდელ ბაზრობაზე მივაღწიეთ, მაღალი სტანდარტები, რომლის მოლოდინი ჩვენს უცხოელ კოლეგებში წლევანდელი უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ივენთებით შევქმენით, საპნის ბუშტივით გასკდება! და რადგანაც, სამწუხაროდ, კარგად ვიცი, რომ საქართველოში ენთუზიასტებს არათუ არ უფრთხილდებიან, არამედ სძულთ მათი თავგანწირული შრომის ყურება და მათი დამსახურებული წარმატება კიდევ უფრო დიდი სიძულვილის მიზეზი ხდება ყოველთვის, გავრცელებულ ამბავთან დაკავშირებით მინდა, რომ საზოგადოებამ დაუყონებლივ მიიღოს სრული პასუხი იმაზე, თუ რა ხდება, რატომ ხდება, რამ მიიყვანა დეა ასეთ ნაბიჯამდე; როცა ბაზრობამდე სულ რამდენიმე თვეღა რჩება, როგორ შეიძლება ამდენი კითხვის ნიშანი არსებობდეს და რას აპირებენ გადაწყვეტილების მიმღები პირები?”

კომენტარები

კომენტარი