არქიტექტურა, არქეოლოგია

ზუგდიდში აღმოჩენილი ჭისებრი ორმო სპეციალისტებმა დაათვალიერეს

ზუგდიდში, ცენტრალური მოედნის შემოსასვლელთან, საავტომობილო გზის საფეხმავლო ბილიკის მარჯვენა მხარეს ახლად აღმოჩენილი ჭისებრი ორმო და მიმდებარე ტერიტორია დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. როგორც გაირკვა, ტერიტორიაზე აღმოჩენილია მეოცე საუკუნის 20-30 წლების ზუგდიდის მიწისქვეშა კომუნიკაციის ნაშთები და ცილინდრული ფორმის კერამიკის გვიმით ამოყვანილი ჭა, რომელიც მთლიანად თიხის მასალითაა ამოყვანილი და სიღრმეში ერთმანეთზე გადაბმისას თანდათან ვიწროვდება.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოცულობითი სამუშაოების გამო თითქმის შეუძლებელია მისი სიღრმის განსაზღვრა. დიამეტრი კი, დაახლოებით, 1 მეტრია. ექსპედიციის წევრებმა ასევე ვიზუალურად შეისწავლეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღმარანში ბონდო მებონიას საკარმიდამო ნაკვეთი, სადაც, საცხოვრებელი სახლის უკან, მიწის სამუშაოების დროს წითლად გამომწვარი კერამიკის, კერძოდ ქვევრის ფრაგმენტები იპოვეს.
გარდა ამისა, ამ ადგილას ბაზილიკური ტიპის მცირე ზომის ნაეკლესიარი მდებარეობს. როგორც ჩანს, ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, გარედან საგულდაგულოდ და დამუშავებული კირქვით ყოფილა მოპირკეთებული, რომლებზეც ჩუქურთმები ყოფილა დატანილი. ზუგდიდის მერიის ცნობით, ეკლესია, ზოგადად მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნით თარიღდება.

მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას განმარტებით, მერია შემდგომი სამუშაოებისთვის საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს, რათა აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის სახე ქალაქში შენარჩუნდეს.

imedinews.ge

კომენტარები

კომენტარი