კულტურა

კულტურის სამინისტრომ თეატრებში არსებული ხელფასების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სახელმწიფო თეატრებში არსებული საშუალო ხელფასების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გადაწყვეტილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღეს.

გავრცელებული მონაცემების მიხედვით, თბილისში არსებულ კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ თეატრებში სულ დასაქმებულია 973 მსახიობი. რეგიონების თეატრებში კი 462 მსახიობი.

თეატრებს შორის მსახიობის საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ის 1 328 ლარს შეადგენს. მსახიობის საშუალო ხელფასის ოდენობით მეორე ადგილზეა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, სადაც საშუალო შრომითი ანაზღაურება 1 186 ლარია. პირველ სამეულს ასრულებს მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და აქ მსახიობის საშუალო ხელფასია 1 078 ლარი. მეოთხე ადგილზეა თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი 1 034 ლარიანი საშუალო ხელფასით.

თბილისში არსებულ კიდევ 8 თეატრში, რომლებიც ასევე კულტურის სამინისტროს სისტემაში შედის, მსახიობის საშუალო შრომითი ანაზღაურება 1 000 ლარზე ნაკლებია. ყველაზე დაბალია მსახიობის საშუალო ხელფასი თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ის შეადგენს 358 ლარს.

17 რეგიონული თეატრიდან მსახიობის საშუალო ანაზაურება ყველაზე მაღალია ქუთაისის მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ 704 ლარია. რეგიონულ თეატრებში კი საშუალო ანაზღაურება ყველაზე დაბალია გურჯაანის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში და ის 230 ლარს შეადგენს.

teatrebi-khelfasebi

კომენტარები

კომენტარი