კულტურა

“საქართველომ გამორჩეული ადგილი უნდა დაიკავოს მსოფლიოს მუსიკალურ სივრცეში“

საქართველოში პროფესიული მუსიკის განვითარების ხელშეწყობის გააქტიურება გადაუდებლად აუცილებელია – ასე აფასებს ქვეყნის მუსიკალურ სივრცეში არსებულ მდგომარეობას საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პიანისტი შორენა ცინცაბაძე, რომელმაც პრობლემის მოსაგვარებლად „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“ დაარსა და დაიწყო პროექტი„ MISA“ (მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია).

„საქართველო უმდიდრესი მუსიკალური კულტურის მქონე ქვეყანაა, რომელმაც, როგორც ფოლკლორის, ისე კლასიკური მუსიკის განხრით მსოფლიო კულტურულ სივრცეში თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. ასეთი ტრადიციების მიუხედავად, დღეს საკმაოდ რთული სურათი იკვეთება.  სამწუხარო ვითარებაა  ქვეყნის წამყვან უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.  ბოლო წლების მაჩვენებლებით იკლო იქ სწავლის მსურველთა რაოდენობამ  და მთელი რიგი განყოფილებები შეუვსებელიც რჩება. მუსიკალური ხელოვნება ეს ის სფეროა, რომელიც მეტად ავთენტურია ქართველი ადამიანისათვის. მასიურად დამახასიათებელი განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი კი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველომ გამორჩეული ადგილი დაიკავოს მსოფლიოს თანამედროვე მუსიკალურ სივრცეში“,- აცხადებს MISA-ს სამხატვრო ხელმძღვანელი  შორენა ცინცაბაძე.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე,  „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“ დავარსეთ, რომლის უმთავრეს მისიას ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების დახმარება – მათში მოტივაციის გაზრდა, ასევე შემოქმედებით და კარიერულ წინსვლაში დახმარება წარმოადგენს. ამის მისაღწევად ჩვენი ორგანიზაცია სხვადასხვა ღონისძიებებს უკვე მესამე წელია ატარებს. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“- ამბობს  MISA-ს სამხატვრო ხელმძღვანელი.

– დეტალურად რომ განმარტოთ, როგორია მუსიკის საზაფხულო აკადემიის ფორმატი, რა აქტივობები ხორციელდება პროექტის განმავლობაში და როგორ ირჩევიან ის ახალგაზრდები, ვინც საბოლოოდ აკადემიის მონაწილის სტატუსს ირგებს?

– მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია წელს მესამედ ჩატარდება და გაიხსნება გალა-კონცერტით თბილისის ვ.სარაჯიშვილის დიდ საკონცერტო დარბაზში. წინა 2 წლის განმავლობაში ყველა მონაწილეს თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან ბათუმში ჩამოსვლა უწევდა, ვინაიდან მასტერკლასები ბათუმში იმართებოდა. თუმცა წელს გავზარდეთ მასშტაბები –  აკადემიის პირველი კვირა თბილისში ჩატარდება და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის  სამუსიკო  სკოლებიდან შერჩეულ ახალგაზრდებს შეეძლებათ   მონაწილეობა. “MISA”-ს მეორე კვირა კი ბათუმში  ჩატარდება.  ამ ხნის განმავლობაში 13-დან 25 წლამდე მონაწილეებს ამერიკიდან და ევროპიდან მოწვეული მსოფლიო დონის მუსიკოსები მასტერკლასებს ჩაუტარებენ.  ვიდრე ახალგაზრდები ამ ეტაპამდე მივლენ, აუცილებელია მათი მუსიკალური შესაძლებლობების შეფასება. ჩვენს პროექტში განსაკუთრებულად ნიჭიერი ახალი თაობა მონაწილეობს, რომელთაც მოსმენების მეშვეობით ვარჩევთ. გარდა მასტერკლასებისა, აკადემია ითვალისწინებს გაკვეთილებს ფურცლიდან კითვაში და კამერული ანსამბლების შექმნაში. განსაკუთრებულად ნიჭიერ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ  ექსპრომტად შემდგარი კამერული ანსამბლებით წარდგნენ მსმენელების წინაშე.  ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ ახალი სახეები და ახალი, უცნობი ადამიანები, რომლებიც დიდ პოტენციალს ფლობენ, თუმცა რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებენ საკუთარ ნიჭს გზა გაუკვალონ. მოსმენებს მაისში ვგეგმავთ და დეტალური ინფორმაცია დროსა და ადგილზე, განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე misa.ge. თუმცა მათ, ვინც მოსმენებში გარკვეული მიზეზების გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას, ვთავაზობთ თავიანთი შესრულებით მუსიკალური ნომრის ვიდეო-ვერსია გამოგვიგზავნონ ამავე ვებგვერდის მეშვეობით. პროექტში მონაწილეობა არის სრულიად უფასო და  ერთადერთი მიზანი, რაც გვაქვს, არის ის, რომ  ახალგაზრდა მუსიკოსებმა    მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია კარიერული ზრდის თვალსაზრისით.

 – რომელ მუსიკალურ საკრავებს მოიცავს MISA და ასევე საინტერესოა იმ უცხოელი პროფესორების ვინაობაც, ვინც ქართველ ახალგაზრდებს მასტერკლასები უნდა ჩაუტაროს.

–  წელს მოწვეულ პროფესორებს შორის არიან ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი, ნიუ იორკის მენესის სკოლის პროფესორი ჯერომ როუზი, მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი, კლარნეტისტი არტურ ნაზიულინი და გერმანიაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, მევიოლინე  ნანა იაშვილი.    აკადემია სამ მუსიკალურ საკრავს – ფორტეპიანოს, კლარნეტს და ვიოლინოს  წარმოაჩენს. ადგილობრივ  ახალგაზრდებს ეძლევათ უნიკალური შანსი რამდენიმე დღის განმავლობაში უსასყიდლოდ იმუშაონ მსოფლიო დონის მუსიკოს-შემსრულებლებთან. გარდა იმისა, რომ პროექტი  საშემსრულებლო დონის სრულყოფასა და მუსიკალური გემოვნების დახვეწას უწყობს ხელს, ის ასევე შესანიშნავი საშუალებაა ქართველმა ახალგაზრდებმა დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები, მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა გაცვლით პროგრამებზე და, რაც მთავარია,  საუკეთესოებს ეძლევათ  ასევე უნიკალური შანსი აისრულონ პროფესიული ოცნება – სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგნენ მსმენელთა წინაშე დიდ საკონცერტო დარბაზებში.

– აქვს თუ არა პროექტს სახელმწიფო და ადგილობრივი სტრუქტურებიდან მხარდაჭერა?

– კულტურის სამინისტროსთან გარკვეული კოორდინაცია გვქონდა, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგა. გვითხრეს, რომ პროექტის მხარდასაჭერად ამ ეტაპზე ფინანსები არ აქვთ, თუმცა ჩვენ მაინც ვცდილობთ გარკვეულწილად შეთანხმებას მივაღწიოთ და ეს პროექტი გახდეს სახელმწიფო სტრუქტურების ინტერესის საგანი. წელს ბათუმის მერიამ გამოგვიყო გარკვეული დაფინანსება, რომელიც ბათუმში აკადემიის მუშაობას მოხმარდება.  ვმუშაობთ თბილისის მერიასთანაც და  მოლოდინები გვაქვს, თუმცა დადასტურებულად ჯერ ვერაფერს ვიტყვით.  ვფიქრობთ, რომ  „MISA“-მ გაამართლა და საჭიროებს მეტ მხარდაჭერას, როგორც სახელმწიფო დონზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რათა წლიდან წლამდე კიდევ უფრო მასშტაბური, სასარგებლო და საინტერესო გახდეს. ცხადია, მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკდემიის მხარდაჭერით, ქმედით დახმარებას გავუწევთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რათა სრულყონ თავიანთი ოსტატობა, მეტად განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც შემდგომში ასახვას ჰპოვებს ადგილობრივი სიმფონიური და ოპერის თეატრის ორკესტრების მუსიკალური საკრავების დეფიციტის აღმოფხვრასა და საერთო მუსიკალურ საშემსრულებლო დონის ამაღლებაზე. ანუ, ქალაქს უჩნდება შანსი – მეტად დააინტერესოს და მოიზიდოს ახალი კადრები, რათა სამუსიკო სასწავლო დაწესებულებები შეივსოს შესაბამისი კონტიგენტით და შედეგად, შენარჩუნებულ იქნას ძალიან მნიშვნელოვანი კატეგორია მუსიკოსებისა.  უნდა მოხდეს ახალგაზრდა თაობის მოტივირება, რათა თავიანთი მუსიკალური კარიერა საქართველოს დაუკავშირონ.

– რა ვითარებაა საქართველოში კლასიკური მუსიკის განხრით?

– მოგეხსენებათ, საქართველოში არ გვაქვს ფუფუნება მრავლად გვყავდეს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო დონის პროფესიონალი ხელოვანები. მათი უმეტესობა ძირითადად ემიგრაციაშია. აქედან გამომდინარე, ჩვენს სამშობლოში მსგავსი პროექტების განხორციელება დიდი სტიმულია   ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, რომელთაც  საშუალება მიეცემათ მოსინჯონ  თავიანთი შესაძლებლობები სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებთან, ასევე  გამოცდილ მუსიკოსებთან მასტრეკლასებისას და ა.შ.   ამისათვის მათ არ მოუწევთ უცხო ქვეყნებში გამგზავრება, რაც მოგეხსენებათ, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

–  არის თუ არა დაწესებული რაიმე პრიზები მუსიკის საერთაშორისო  საზაფხულო აკადემიის მონაწილეთათვის?

–  აკადემიის გამორჩეულ მონაწილეებს  საინტერესო პრიზები ელით. მათ შორის სპივაკოვის ფონდის სტიპენდია – 300 დოლარი 4 თვის განმავლობაში, ასევე საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა კონცერტებში მონაწილეობისა. ამასთანავე, ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარსდგნენ მსმენელთა წინაშე  სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან  ერთად. ღონისძიების ფარგლებში ჩამოსულ უცხოელ პროფესორებს   სპეციალურ პრიზს გადასცემს  საქართველოში ყველაზე ძველი ბრენდის, გამორჩეული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „სარაჯიშვილი“. უცხოელ პროფესორებს და აკადემიის მონაწილეებს ეკოლოგიურად სუფთა ქართული სოფლის ნაწარმის მაღაზია „ხურჯინი“ გადასცემს ტკბილეულს, სასმელებს და სხვა სახის ნუგბარს.

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის ჩამოყალიბებას მხარს უჭერენ და ეხმაურებიან  მუსიკის სამყაროში აღიარებული ხელოვანებიც.

„ეს შესანიშნავი იდეაა, მითუმეტეს, რომ საქართველო მდიდარია უაღრესად ნიჭიერი, ღმერთით დაჯილდოებული ბავშვებით, რომელთაც, სასურველია, სწორედ საქართველოდან გაუკეთონ დიდი კარიერა, რათა მათ არ დასჭირდეთ კარიერისთვის საზღვარგარეთ წასვლა. გისურვებთ დიდ წარმატებას ამ საქველმოქმედო პროექტში!“- ამბობს ცნობილი მევიოლინე ლიანა ისაკაძე.

„საქართველო გამორჩეული მუსიკალური კულტურის მქონე ქვეყანაა, მართებულად მიმაჩნია ყოველგვარი აქტივობა ამ სფეროს წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ კი მას მართლაც ჭეშმარიტ პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს.

სასიხარულო იყო ” მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის” შესახებ ინფორმაციის მიღება. თავად ამ აკადემიის დამფუძნებელი შორენა ცინცაბაძე ჩემთვის კარგად ნაცნობი მუსიკოსია, რომელსაც საკმაოდ ძლიერი სკოლა აქვს გავლილი და დღეს ატქიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა. მჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით აკადემია დიდ წარმატებას მიაღწევს. ზემოთქმულიდან გამომდინარე მე რეკომენდაციას ვუწევ ” მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის” დაარსებას“- ამბობს კანადაში მოღვაწე პროფესორი, ქართველი პიანისტი მარინა მდივანი.

„დღეს, როდესაც ასე მწვავედ დგას საქართველოში კლასიკური მუსიკისადმი ახალგაზრდობის დაინტერესებისა და მუსიკოსის პროფესიის არჩევის საკითხი,” მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის” დაარსება მეტად საჭირო და დროულ ღონისძიებად მიმაჩნია.

“მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის” დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი მოსკოვის კონსერვატორიისა და ასპირანტურის კურსდამთავრებული ახალგაზრდა პიანისტი შორენა ცინცაბაძე, რომლის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ არაერთ ქვეყანაში, ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას ამ საქველმოქმედო, მეტად საჭირო პროექტის–ახალაგზრდა ქართველ შემსრულებლებზე დახმარების, წარმატებით განხორციელებაში. ამდენად, სიამოვენებით ვუწევ რეკომენდაციას “მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის” დაარსებას და მჯერა რომ იგი არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას დაულოცავს გზას მაღალი ხელოვნებისკენ“,- ამბობს მსოფლიოში სახელგანთქმული მომღერალი  მაყვალა ქასრაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი