ლიტერატურა

პულიცერის პრემიის 2017 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს

ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს “პულიცერის პრემიის” 2017 წლის გამარჯვებულები ცნობილია. New York Times-მა წელს სამი ჯილდო მოიპოვა. ერთ-ერთი ჯილდო კი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დაწერილ სტატიაში მიიღო. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

New York Times-მა ჯილდოები მოიპოვა სამ კატეგორიაში: მთავარი მოვლენის ფოტორეპორტაჟი, პუბლიცისტური ნაშრომი და საერთაშორისო თემის გაშუქება.

სწორედ მესამე კატეგორიით გათვალისწინებული სტატიები შეეხებოდა რუსული “უხილავი ხელის” ჩარევას ამერიკის პრეზიდენტის წინასაარჩევნო პროცესში. აღსანიშნავია, რომ მრავალი სტატიის მიუხედავად, ოფიციალურ მოსკოვსა და ვაშინგტონს არასდროს დაუდასტურებია ეს ინფორმაცია, თუმცა რა ხდებოდა ჟურნალისტების მიკროფონებსა და კამერებს მიღმა, ჯერ დაზუსტებით არავინ იცის. ფაქტი კი ერთია, რომ რუსეთის მიერ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, აშშ-ში არა ერთი თანამდებობის პირის სავარძელი დარჩა ცარიელი.

“საზოგადოების სამსახურში ყოფნისთვის”, რაც ამ შემთხვევაში საგამოძიებო პუბლიცისტიკას გულისხმობს, “პულიცერის პრემია” მიიღეს  New York Daily News-მა და Propublica-მ, რომლებიც სტატიებს აქვეყნებდნენ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ რასობრივი უმცირესობებისა და ღარიბი ადამიანების მიმართ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ.

ნომინაციაში “განმარტებითი ჟურნალისტიკა” გამარჯვებული გახდა საერთაშორისო კონსორციუმი McClatchy და გაზეთი Miami Herald-ი, რომლებმაც ერთობლივად გამოიძიეს ე.წ. პანამის დოკუმენტების საქმე.

“პულიცერის პრემია” მიიღო Washington Post-ის ჟურნალისტმა დევიდ ა.ფერენთჰოლდმა სტატიაში, რომელიც დონალდ ტრამპის ქველმოქმედების რეალურ სურათს წარმოაჩენდა.

სხვადასხვა ნომინაციაში მიიღეს ჯილდოები გამოცემებმა: East Bay Times, Charleston–Gazette Mail, Salt Lake Tribune, New Yorker.

“პულიცერის პრემია” 1917 წლიდან, ყოველწლიურად, გაიცემა აშშ-ში. ჟურნალისტიკაში ის უმაღლეს ჯილდოდ ითვლება, რომელიც მისი დამაარსებლის, უნგრული წარმოშობის ჟურნალისტისა და საგაზეთო გამომცემლის ჯოზეფ პულიცერის გვარს ატარებს. პრემია გაიცემა ჟურნალისტიკის, ხელოვნებისა და მწერლობის განხრით არსებულ კატეგორიებში. ჯილდოს მიღება შეუძლია მხოლოდ აშშ-ში მომუშავე ჟურნალისტს, რომელიც დასაქმებულია ამერიკულ გაზეთსა თუ ახალი ამბების ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი