კულტურა

რუსთავის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან

რუსთავის დრამატული თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში 30 ნოემბერს რონალდ ჰარვუდის ”კვარტეტს” წარმოადგენენ, რომლის რეჟისორი თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა. „კვარტეტის“ ქართული ვერსიის ავტორი თამაზ გოდერძიშვილია.

რა ხდება მაშინ, როდესაც დიდებული დღეები ერთ დღესაც წარსულად იქცევა  და მისი გახსენება ცნობილ ხელოვანებს აწ უკვე მოხუცთა თავშესაფარში უწევთ.  ტკბილი მოგონებების საღერღელს ჯუზეპე ვერდის დაბადების დღის სამზადისი უშლით,  როდესაც მათ ოპერა ,,რიგოლეტოდან“ კვარტეტის შესრულებას ავალებენ. სწორედ რეპეტიციების დროს  იხსენებენ ისინი რთულ და ამავე დროს  სასიამოვნო წარსულს. მიეცემა თუ არა ძველ თანავარსკვლავედს მაყურებლის წინაშე ძველ ამპლუაში წარდგომა, ამას უშუალოდ სპექტაკლზე მისული მაყურებელი იხილავს.

გარდა პრემიერისა, რუსთავის თეატრში სამი მსახიობის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაცაა დაგეგმილი. 30 ნოემბერს თეატრის შესასვლელში რუსთავის თეატრის მსახიობების, ნათელა მუხულიშვილის, ირაკლი ბექაიასა და ჯემალ მაზიაშვილის ვარსკვლავები  გაიხსნება.

,,კვარტეტის“ საპრემიერო ჩვენება 30 ნოემბერს, 1 და 3 დეკემბერს, 19.00 სთ-ზე, რუსთავის თეატრის ცისფერ დარბაზში შედგება.

კომენტარები

კომენტარი