კულტურა

კულტურის მინისტრი ლიტველ კოლეგას შეხვდა

24 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ლიტვის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს ლიანა რუოკიტე–იონსონს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლიტვას შორის კულტურული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და ხელი მოაწერეს პროგრამას „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2018-2020 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

შეხვედრას ასევე ესწერებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი მეუღლესთან ივეტა გედვილაიტესთან ერთად, ლიტვის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მრჩეველი ევალდას სტანკევისიუსი, საქართველოს ეროვნული მუზუემის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის რექტორი რევაზ კიკნაძე და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ვაშაძე.

ლიტვის კულტურის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, 24 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, დაგეგმილია ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ლიტვური ფოტოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვიტას ლუცკუსის გამოფენის „მოგზაურობებიდან“ გახსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სერიები ფოტოგრაფის მოგზაურობიდან თბილისში, აზერბაიჯანსა და ბაშკირეთში 1981 წელს და ალტაის მხარეში 1985 წელს. დამთვალიერებელი, ასევე, გაეცნობა 1968-1986 წლებში მისი მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს სერიიდან „პორტრეტები ახლოდან“. ლუცკუსის ცნობილი ნამუშევრების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო-კოლექცია საქართველოს სერიიდან, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისათვის დაიბეჭდა და პირველად გამოიფინება ფართო საზოგადოების წინაშე.

ლიანა რუოკიტე–იონსონი, მცხეთასა და ძველ თბილისსაც მოინახულებს.

 

კომენტარები

კომენტარი