კულტურა

ატენის სიონის ეკლესიის ინტერიერისა და საპირე წყობის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების მე-2 ეტაპი დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ატენის სიონის ეკლესიის ინტერიერისა და საპირე წყობის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების მე-2 ეტაპი დაასრულა.

კონსერვაციის პროცესი, რომელიც კედლის დასავლეთ სეგმენტებზე მიმდინარეობდა, ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის რესტავრატორების მიერ განხორციელდა.

შესრულებული სამუშაოების შედეგად მოიხსნა ცემენტის ხსნარით ადრე შევსებული ფრაგმენტები, გაფხვიერებული ქვის ზედაპირი კი სპეციალური ხსნარების მეშვეობით კონსერვირდა: ამოივსო ბზარები, განხორციელდა მიკრობზარების კონსოლიდაცია, ჩამოტეხილ ქვებს კი კირხსნარის გამოყენებით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ეკლესიის ინტერიერის დასავლეთისა და სამხრეთის აფსიდის კონქებში არსებული ფასადური წყობიდან ქვების ჩამოცვენის რისკი დაზიანებული სახურავიდან წლების წინ ნადენმა წყალმა შექმნა, რამაც ისინი საფუძვლის ფენას მოაცილა. მათი ძირითად კოსტრუქციაზე ხელახალი ჩაბმა უჟანგავი ლითონის ანკერებისა და სათანადო მინარევების გამოყენებით მოხერხდა.

მომავალი წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ატენის სიონის კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოებს დაიწყებს, რომელიც სამხატვრო აკადემიის მხარტვარ-რესტავრატორების ჯგუფის მიერ, ლონდონის კურტოს უნივერსიტეტის სპეციალისტების კონსულტაციებით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი