ლიტერატურა

ალეკო შუღლაძე: “სამწუხაროდ, ისევ ჩაკეტილნი ვართ და დანარჩენი მსოფლიოსთვის”

ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში, სტატუსის ფორმატით, სეზონს აჯამებს:

“ვფიქრობ, რომ ამ სეზონში ჩემი მივლინებები და გასტროლები დასრულდა. ალბათ ბოლო შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში მექნება და მერე დავისვენებ, საკუთარ თავში ჩავბრუნდები, ტექსტზე ვიმუშავებ, დავიწყებას მივეცემი, იქნებ ახალი რომანიც დავასრულო.

ჩემთვის წარმატებული წელი იყო, ვერაფერს ვიტყვი, ამდენსაც არ ველოდი. მთელი საქართველო მოვიარე, უცხოეთშიც მოვხვდი, ახალი მეგობრები შევიძინე.

რაც შეეხება ლიტერატურულ კონკურსს, იმ გამარჯვებას, პირველ რიგში, მკითხველთან ერთად, იმ მწერლებს მივუძღვნიდი და გავუნაწილებდი, რომლებსაც, მიუხედავად დამსახურებისა, ჯერ არ გაუმარჯვიათ. ბევრი მათგანი მარტო კონკურსში გამარჯვებას კი არა, უფრო დიდ აღიარებასაც იმსახურებს.

სამწუხაროდ, ისევ ჩაკეტილნი ვართ და დანარჩენი მსოფლიოსთვის თითქმის არ ვარსებობთ. მიუხედავად, ჩვენი გამომცემლების, კულტურის სამინისტროს და წიგნის ცენტრის მართლა ძალიან დიდი მცდელობებისა, საოცრად ჭირს ქართული ლიტერატურის საზღვრებს გარეთ გატანა. როგორც ქართული დიპლომი და ათასობით სხვა ნაწარმი ვერ ფასობს უცხოეთში, ისევე ჩვენი ნაფიქრალი, ტექსტი, პოეზია, პროზა, მთლიანად ჩვენი ცხოვრებაც, უცხოელ გამომცემლებს საერთოდ არ ადარდებთ. უნდა ეხვეწო, თავი დაიმცირო, ელოდო გაუთავებლად, ინერვიულო და ძალიან დიდი შანსია, რომ მაინც ბორტს მიღმა დარჩე.

კი, ვიღაცას გაუმართლა (კარგ ტექსტთან ერთად გამართლებაც აუცილებელია, სხვანაირად არ გამოდის) და რომელიმე უცხოურ გამომცემლობაში დაბინავდა. კიდევ კარგი, გულით მიხარია, თორე სრული აბსურდი იქნებოდა. მაგრამ ბევრი კვლავ თამაშგარე მდგომარეობაშია. ეს ფაქტია, მწერლებს ჰკითხეთ, თუ ჩემი არ გჯერათ.

დანარჩენები ვერაფერში ჩავეწერეთ: ვერც სიუჟეტში, ვერც სიტყვის ძალაში, ვერც გულწრფელობაში, ვერც რომელიმე გერმანელის, ან ავსტრიელის, ანდა შვეიცარელის გემოვნებაში. ჩვენი „საბაც“ და ჩვენი ბესტსელერობაც ძალიან ჰკიდიათ. დავიჯერო, ასეთი სუსტები და უგემოვნონი ვართ?

ჯერ აქ არის და ჩვენ გამომცემლებთან მიდის თავის მოწონება, გარჩევები, პროცენტები, შეხლა-შემოხლა, ბოლოში შეყვარება, ანდა გამიჯვნა. ამის მერე უკვე ჩვენს გამომცემლებთან და სხვა, ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად, უცხოელებს ვეჩალიჩებით გაერთიანებული ძალებით.

რაღაცნაირად დამცირებულად ვგრძნობ თავს.

ამიტომ ვიკრიბებით ასე ხშირად და საუბრებში და კიდევ რაღაც-რაღაცებში გულს ვაყოლებთ ხოლმე – მაგარი გამძლენი ვართ – სულ უფრო და უფრო მიყვარდებიან მწერლები. ბევრი მათგანი თითქოს არავის ეპუება და ამბობს, მთავარია საქართველოში მიცნობდნენ და აქაც თუ არ ვეცოდინებით, მაგასაც არაუშავსო, მაგრამ, ღრმად ჩაფიქრებულს, სადღაც გულის სიღრმეში სურს, რომ ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს მისი ნამუშევარი, გაუგოს, მისცეს სტიმული მომავალი ნაწარმოებისთვის.

აქ ისევ მახსენდება, რომ არაფერი მეთქმის, არ მინდა, უმადური ვიყო. ახალი მეგობრების შეძენასთან ერთად, ალბათ ბევრი ძველი გავანაწყენე – ბოდიშს გიხდით, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, არაფერი პირადული, მხოლოდ ხელოვნებაა. გვინდა, არ გვინდა, ერთ გემზე ვართ ყველანი”

კომენტარები

კომენტარი