ბლოგი კულტურა

რა არის ტრადიცია და რა კითხვებს პასუხობს ის?

სუხიშვილები, ცეკვა აჭარული

ტრადიცია – წინა თაობებიდან არაწერილობითი მემკვიდრეობის გზით მიღებული და დამკვიდრებული აზროვნებისა და ქცევის სტანდარტთა ერთობლიობა, ინფორმაცია საზოგადოებრივი ცხოვრების ადრინდელი გამოცდილების, რწმენა-წარმოდგენების, სოციალური პოზიციისა და ინსტიტუტების შესახებ. ტრადიცია მოიცავს სოციალური და კულტურული გამოცდილების დიდი ერთობლიობის მხოლოდ იმ კომპონენტებს, რომლებიც საზოგადოების წინაშე პერიოდულად წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტის ყველაზე ეფექტურ საშუალებად იქცნენ და რომლებიც შენარჩუნდნენ ისტორიული, სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებების შემდეგ. ტრადიცია კულტურის თვითმყოფადობის ერთ-ერთი გამომხატველია, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

ტრადიცია პასუხობს კითხვებს: როგორ უნდა მოვიქცეთ? როგორ წარმოგვიდგება სამყაროს არსი? როგორ ვარჩევთ კეთილსა და ბოროტს? რა არის სწორი და რა – არასწორი?

ლომისობა, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია

ტრადიცია მოიცავს სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს, რომლებიც არა მხოლოდ გადაეცემიან თაობიდან თაობას, არამედ ნარჩუნდებიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მრავალი თაობის ცხოვრების მანძილზე. ტრადიცია განსაზღვრავს არა მარტო იმას, რა გადაიცეს მემკვიდრეობით, არამედ იმასაც, თუ როგორ გადაიცეს იგი. ეს ტერმინი გამოიყენება ქცევის წესებისა (სტრუქტურის) და რწმენა-წარმოდგენების ხასიათის თითქმის იდენტურ ფორმებში განმეორებადობის აღსაწერად და ასახსნელად. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული თაობა, მემკვიდრეობით იღებს რა ტრადიციების გარკვეულ ერთობლიობას, უცვლელი სახით გადასცემს მას მემკვიდრეებს. ყოველ თაობაში ხდება ტრადიციათა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია და გადარჩევა.

რთველი, ფოტო: ევროპული სკოლა

ამგვარად, ტრადიცია მოიცავს სოციოკულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს (მატერიალური და სულიერი ფასეულობები), სოციოკულტურული მემკვიდრეობითობის პროცესებს და ამ პროცესის წარმართვის საშუალებებს. ტრადიციები ქმნიან საზოგადოებისა და სოციალური ჯგუფების “კოლექტიურ მეხსიერებას” და უზრუნველყოფენ მათ თვითიდენტიფიკაციასა და შემდგომ განვითარებას.

განასხვავებენ ტრადიციის როლს, ერთის მხრივ, არქაულ და პრეინდუსტრიულ, მეორე მხრივ, დიფერენცირებულ საზოგადოებებში. მიიჩნევა, რომ პირველ მათგანში ტრადიციის გავლენა საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორეში.

ალილო, ფოტო: Tinatinb

აუცილებელია განვასხვავოთ ტრადიცია და ტრადიციონალიზმი. ეს უკანასკნელი იდეოლოგიური მიმდინარეობაა, რომელიც ტრადიციათა კონსერვაციისა და უცვლელი სახით შენარჩუნებისათვის იბრძვის. ტრადიციონალიზმი ასევე განიხილება კულტურულ მახასიათებლად ოპოზიციურ წყვილში “ტრადიციულობა-ინოვაციურობა”.

კომენტარები

კომენტარი