ბლოგი კულტურა

როგორია კულტურის მეცნიერული განსაზღვრება?

თრიალეთის თასი, ძვ. წ II ათასწლეული, დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

“კულტურა” ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული.

თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი “კულტურა” XVII საუკუნიდან იხმარება. მიჩნეულია, რომ დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეულის სახით იგი პირველად გამოიყენა გერმანელმა იურისტმა და ისტორიკოსმა სამუელ პუფენდორფმა (1632-1694), რომელიც კულტურას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას უპირისპირებდა.

ამერიკელი სოციოლოგების ა.კრიობერისა და კ.კლაკჰონის მიერ 1952 წ. ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 1871 წლიდან 1919 წლამდე კულტურის ცნების სულ 7 დეფინიცია იყო შემოთავაზებული (პირველი, როგორც ითვლება, ცნობილ ინგლისელ მეცნიერს ე.ბ.ტაილორს ეკუთვნის); 1920-დან 1950 წლამდე კი მათ სხვადასხვა ავტორთან იგივე ცნების 157 განსაზღვრება დათვალეს. 1963 წელს კრიობერმა და კლაკჰონმა ხელახლა გამოსცეს თავიანთი ნაშრომი. ამჯერად დეფინიციათა რიცხვი გაცილებით დიდი იყო, რადგან პირველი გამოცემიდან გასული ათი წლის განმავლობაში გაჩნდა კულტურის ცნების ახალი ინტერპრეტაციები. კულტურის განსაზღვრებათა ეს მიმოხილვა ყველაზე სრული იყო იმჟამად არსებულთაგან, თუმცა ზოგიერთი ნაკლი მაინც ჰქონდა: ავტორები, ძირითადად, ინგლისურ-ამერიკულ ლიტერატურაში არსებული მიდგომებით იფარგლებოდნენ და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ გერმანულ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში არსებულ მრავალფეროვან განსაზღვრებებსა და კონცეფციებს.

დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კულტურის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია: ისტორიული, სტრუქტურული, სტრუქტურულ-ფუნქციური, სისტემური (ფ.ბოასი, კ.ლევი-სტროსი, ბ.მალინოვსკი, ა.რადკლიფ-ბრაუნი, ლ.უაიტი) და სხვ.

ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან, ფიროსმანი 1906წ.

კულტურის ფენომენი სხვადასხვა მეცნიერების შესწავლის ობიექტია. თვით ცნების უნივერსალურობა და ყოვლისმომცველობა საშუალებას იძლევა, განვიხილოთ იგი მრავალ ასპექტში: როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო; სოციალური ინსტიტუტი; პიროვნების განვითარების დონის მახასიათებელი; საზოგადოების მარეგულირებელი ნორმების სისტემა; სოციალური გამოცდილების გადაცემის მექანიზმი; თვითდეტერმინაციის ფენომენი და ა.შ. ამდენად, სრულიად ბუნებრივია განსაზღვრებათა ზემოთ ნახსენები სიმრავლეც.

ფართო აზრით, კულტურის ცნება ხაზს უსვამს ადამიანის განსხვავებას ყველა სხვა ბიოლოგიური არსებისაგან. კულტურაში იგულისხმება არა ცალკეული შემოქმედებითი აქტი, არამედ შემოქმედება როგორც ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულება სამყაროსადმი, რომლის მეშვეობით იგი ქმნის “ახალ სამყაროს” და საკუთარ თავს. თითოეული კულტურა განუმეორებელი სამყაროა, რომლის შიგნით არსებობს ადამიანის (ადამიანთა) სწორედ ასეთი დამოკიდებულება გარემომცველი სინამდვილისა და საკუთარი თავისადმი.

შეიძლება ჩამოვთვალოთ კულტურის ცნების მრავალი საინტერესო და ორიგინალური დეფინიცია. ნებისმიერი განსაზღვრება მოიცავს ამ ფენომენის ერთ ან რამდენიმე მხარეს, ავტორის ინტერესისა და კვლევის ობიექტიდან გამომდინარე. ყოვლისმომცველობისა და ამომწურაობის პრეტენზია კი ვერც ერთს ვერ ექნება. კვლევის პროცესში ვსარგებლობთ ე.წ. სამუშაო განსაზღვრებებით, რომლებიც შეესაბამება ჩვენი კონკრეტული მუშაობის მიზანს. მაგალითად,, ქართულ კულტურაზე საუბრისას, შეიძლება დავკმაყოფილდეთ იმ უზოგადესი განსაზღვრებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მასში ვიგულისხმოთ ქართველთა მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილი “მეორე ბუნება”, რომელიც, თავის მხრივ, თავად აყალიბებდა თაობებს და განაპირობებდა ქართველებად მათ თვითიდენტიფიცირებას. თუმცა, სხვა შემთხვევაში, შეიძლება მოგვიხდეს მივმართოთ რომელიმე სხვა დეფინიციას.

“ტკივილი არის ახალგაზრდობა” სამეფო უბნის თეატრი

კულტურის კვლევის, მისი სახის განსაზღვრის მცდელობისას მხედველობაში უნდა გვქონდეს ის გარემოება, რომ, ერთი მხრივ, “სხვა, ჩვენი კულტურისაგან განსხვავებული კულტურის ადამიანებთან დიალოგი თანამედროვე ცნობიერების განუყოფელი ფუნქციაა”, მეორე მხრივ კი, “კულტურა, ყველაზე ფართო მნიშვნელობით, არის ის, რის გამოც შენ უცხოდ იქცევი, როგორც კი შენს სახლს დატოვებ… როცა იმყოფები შენს ჯგუფში, იმ ადამიანებს შორის, რომლებთანაც საერთო კულტურა გაქვს, შენ არ გიხდება ფიქრი საკუთარ აზრებსა და ქცევაზე, რადგან შენც და ისინიც, პრინციპში, ერთნაირად ხედავთ სამყაროს, იცით, რას შეიძლება მოელოდეთ ერთმანეთისაგან. მაგრამ უცხო საზოგადოებაში უსუსურობისა და დეზორიენტირებულობის გრძნობა გეუფლება”. ეს ეხება არა მხოლოდ ცოცხალ კონტაქტს ადამიანებს შორის, არამედ, აგრეთვე, კულტურის კვლევის პროცესს. ჩვენ კითხვებს ვუსვამთ წარსულში ან სხვა კულტურის ფარგლებში მცხოვრებ ადამიანებს, ვცდილობთ, გავშიფროთ მათ მიერ დატოვებული თუ მოწოდებული ინფორმაცია. მაგრამ კითხვები, რომლებზე პასუხსაც ვეძებთ, განსაზღვრულია თანამედროვე ცნობიერებით, კულტურით, რომლის მატარებელი ჩვენ ვართ, სიტუაციით, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. პრობლემები, რომელთაც მკვლევართა მიერ მუშავდება, ჩვენი (საკუთარი) კულტურის აქტუალური პრობლემებია.

“სხვა ეპოქათა, საზოგადოებათა და კულტურათა ადამიანებს ჩვენ ვუსვამთ “ჩვენს” კითხვებს და ვცდილობთ, მივიღოთ მათგან “მათი” პასუხები, რადგან დიალოგი მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი”.

ბუნებრივია, ჩვენ ვხედავთ სხვა კულტურას (ან სხვა ეპოქის ჩვენსავე კულტურას) არა ისე, როგორც იგი საკუთარ თავს გაიაზრებდა. კულტურის კატეგორიები, მახასიათებლები, რომლებითაც ჩვენ მასზე ვმსჯელობთ, “არ არის თავად ცოცხალი, ხორცშესხმული კულტურა; ეს მხოლოდ კულტურის ცოცხალ სხეულზე დადებული ერთგვარი კოორდინატთა სისტემაა, რომლის ანალიზი ვერ შეცვლის კულტურის რეალური ფუნქციობისა და მოძრაობის შესწავლას”.

ჩვენ ვაგებთ მხოლოდ მოდელს და ეს კულტურის კვლევის ერთ-ერთი გზაა, რომლის აბსოლუტიზაცია ისეთივე შეცდომა იქნებოდა, როგორც მისი უგულებელყოფა. ეს სწორედ ის გზაა, რომელსაც იყენებენ კულტურის მეცნიერებანი, განსხვავებით, მაგალითად, საისტორიო მეცნიერებისაგან, რომელიც ამ მოდელის რეალურ ფუნქციობას, მის დინამიკას სწავლობს. ეს ორი გზა ავსებს და აზუსტებს ერთმანეთს. ისტორიულ-კულტუროლოგიური კვლევა შესაძლებელია მხოლოდ საისტორიო მეცნიერების მონაცემებზე დაყრდნობით. თავის მხრივ, ამგვარი კვლევის შედეგების გათვალისწინება ისტორიკოსს წარსულის სურათის “გაცოცხლების”, საკვლევ საკითხთა მკაფიოდ განსაზღვრისა და სხვადასხვა ხასიათის აღრევათა თავიდან აცილების შესაძლებლობას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი