კინო

ქართველი რეჟისორი ლოს ანჯელესში დააჯილდოვეს

ოსკარის კამპანიის ფარგლებში გამართულ კინოფესტივალზე Asian World Film Festival ანა ურუშაძე დააჯილდოვეს. ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს საუკეთესო ახალი რეჟისორის ჯილდო გადაეცა. – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდიდან  ვიგებთ.

Asian World Film Festival უკვე რამდენიმე წელია ლოს ანჯელესში იმართება და იგი სხვადასხვა ქვეყნიდან ოსკარის კანდიდატ ფილმებს მასპინძლობს.

ანა ურუშაძის „საშიში დედა” წელს საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე.
ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარს უკვე წარმატებული საფესტივალო კარიერა აქვს. „საშიში დედა” ლოკარნოს 70 -ე საიუბილეო კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდის” მფლობელი გახდა, როგორც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარი, მალევე კი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრი გადაეცა.

„საშიშ დედა” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს (სტუდიები „არტიზმი” და „ჯემინი”) და ესტონეთის (სტუდია „Allfilms”) კოპროდუქციაა. მთავარ როლს კი ფილმში ნატო მურვანიძე ასრულებს.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად ითვლება, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება. ნომინანტთა ვინაობა კი დეკემბრის თვეში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი