კულტურა

20 აპრილს თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

20 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.

წლევანდელ ფესტივალში ქართული და უცხოეთიდან მოწვეული 19 საგუნდო კოლექტივი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი 27 აპრილამდე გაგრძელდება. მისი მიზანია, ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია. შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია ტარდება და მან ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული აკადემიური და ბავშვთა გუნდები. ასევე, პროფესიული გუნდები უცხოეთიდან: ახალგაზრდული კამერული გუნდი „რაფსოდია“ მოლდავეთიდან და ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის რუსული გუნდი.

„თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ 2011 წელს თბილისის მერიის ხელშეწყობით და ხელოვნებათმცოდნე – ქალბატონ მაია ჩაჩავას ინიციატივით დაარსდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე.თბილისის მერიის დაფინანსებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით ფესტივალი ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება. მისი პარტნიორი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნოკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

„თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალის“ საზეიმო დახურვა გაიმართება 27აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შესრულდება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის – ოთარ თაქთაქიშვილის ორატორია „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ სოლისტების, შერეული გუნდის, ვაჟთა ოქტეტისა და ორკესტრისათვის.

კომენტარები

კომენტარი