ვიზუალური ხელოვნება

“ჰილასი და ნიმფები” – ხელოვნების ძალა და მნიშვნელობა

ხელოვნების კრიტიკოსი – ჯორჯ მილერშიპი ყვება თავის გამოცდილებაზე, თუ როგორ შეცვალა ხელოვნების ნაწარმოებმა მისი ცხოვრება.

2018 წლის იანვარში მანჩესტერის ხელოვნების გალერეის კედლებიდან ჯონ უილიამ უოტერჰაუზის „ჰილასი და ნიმფები“ (1896) ჩამოხსნა სონია ბოისმა, რომელიც იქნება პირველი შავკანიანი ხელოვანი ქალი, ვინც ბრიტანეთს წარმოადგენს ვენეციის ბიენალეზე 2021 წელს. ნახატი იქ ეკიდა საუკუნეზე მეტ ხნის მანძილზე.

„ჰილასი და ნიმფები“ ჩემთვის საყვარელი ნახატია. წლების მანძილზე, მე ვნახულობდი მას და თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ვიკარგებოდი მასში ჭვრეტისას. ნახატში ჰერკულესის საყვარელ ბიჭს – ჰილასს აცდუნებენ ნიმფები. მოგვიანებით ისინი მას შეიყვანენ წყალში და დაახრჩობენ. ჩემთვის ეს არის იმ ყველაფრის სინონიმური, რაც მე მიყვარს და არ მიყვარს ხელოვნებაში და სწორედ ამ ნახატმა აანთო ჩემში სურვილი – ხელოვნების შესწავლისთვის მიმეძღვნა ცხოვრება.

მანჩესტერის ხელოვნების გალერეა, 2018

გალერეის კურატორთა გუნდთან მუშაობის შედეგად, ბოისმა დადგა ნამუშევრის „ჩამოხსნა“, როგორც შენობის სექციის – „მშვენიერების ძიებაში“ კრიტიკის ნაწილი. სექციაში იყო წარმოდგენილი სასტიკი და სახიფათო femme fatales-ების ვიქტორიანული რეპრეზენტაცია. ჩამოხსნის მიზანი იყო ქალთა წარმოდგენის „ვიქტორიანული ფანტაზიის გამოწვევა“.

ნახატი ბოისისთვის პატრიარქატის დომინანტურობას უსვამს ხაზს, იგი წარმოგვიდგენს „მამაკაცის მზერას“ – ნიმფები მხოლოდ სექსუალურები როდი არიან, ისინი ხელმისაწვდომები არიან. უოტერჰაუზი ხატავს მათ კანს მდენად  გლუვს , რომ ის ანათებს; მხატვარი აჩვენებს მათ მკერდს და მათი მზერა მაყურებლის მზერას არ ხვდება, ამდენად თავისუფლად შეგიძლიათ ათვალიეროთ შიშველი სხეულები. ამგვარ ნახატებში ქალის გამოსახულებას მამაკაცი ფლობს.

სონია ბოისი

მეორე საკითხია ის, რომ მამაკაცების მიერ განსაზღვრულ კულტურაში, მუზეუმები და გალერეები ქალთა მსგავს ობიექტიფიკაციას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა ბოისი აცხადებს: „რაც მშვენიერია ზოგიერთისთვის, ის სხვისთვის შეიძლება წარმოადგენდეს პრობლემატურ და დამამცირებელ სისტემას“. ბოისი პირველი არ ყოფილა, 1913 წელს სუფრაჟისტებმა დააზიანეს პრე-რაფაელიტების ნახატები.

ბოისის მიერ ნახატის ჩამოხსნამ გამოიწვია პროტესტი, მნახველები აკრავდნენ წარწერებს ცარიელ ადგილზე, საუბრობდნენ ცენზურაზე, ამბავი გახმაურდა და მალე ნახატზე ყველა საუბრობდა – ბოისის მიზანი მიღწეულ იქნა – თემა განხილვის საგანი გახდა, რის შემდეგაც ნახატი, ცხადია დაბრუნდა თავის ადგილას.

ნახატმა ორჯერ შეცვალა ჩემი ცხოვრება – პირველად – როცა მამამ მის სანახავად წამიყვანა და ხელოვნებით ჩემი დაინტერესება გამოიწვია და მეორე – როცა ნახატის ჩამოხსნამ გამიმყარა ჩემი ინტერესი იმის მიმართ, თუ რას ნიშნავს ხელოვნება და როგორ ასახავს იგი საზოგადოებას, რომელშიც იგი შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი