ვიზუალური ხელოვნება

ჯონათან ჯოუნსი – სტენდალის სინდრომი

ფლორენციის უფიცის გალერეაში მნახველს გულის შეტევა ჰქონდა ბოტიჩელის „ვენერას დაბადების“ ჭვრეტისას. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს სპეციფიკური შემთხვევაა იტალიის რეგიონის – ტოსკანას ამ ქალაქისთვის – ადამიანები ავად ხდებიან მეტისმეტი მშვენიერებისგან, რასაც სტენდალის სინდრომი უწოდეს.

მე ეჭვი ოკულტიზმზე მაქვს. შეიძლება არსებობდეს რაღაც ძველი შავი მაგია, რომელიც შემორჩა რენესანსის ამ საოცარ მიწაზე, რომელიც მის ხელოვნებას გამორჩეულ ძალმოსილებას აძლევს?  რადგან ბოტიჩელიმ, შესაძლოა ჩაიფიქრა „ვენერას დაბადება“ როგორც მაგიური ჯადო და მიქალენჯელოს „დავითი“, კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი რამ ფლორენციაში, დაადანაშაულეს ქალაქისათვის ავი თვალის ცემაში მეთექვსმეტე საუკუნის პირველ წლებში.

1873 წლამდე “დავითი” იდგა Palazzo Vecchio-ს წინ, ფლორენციაში

არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ სტენდალის სინდრომი რეალურია და ის მხოლოდ ფლორენციისათვისაა დამახასიათებელი. სახელი მას ეწოდა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული დაფიქსირებული შემთხვევისგან, როცა ფრანგმა რომანისტმა და კრიტიკოსმა – სტენდალმა თავი დაიავადმყოფა ხელოვნებით 1817 წელს. სხვა გალერეებში რატომ არ ავლენენ სიმპტომებს, დაწყებული თავბრუხვევიდან და დამთავრებული გულის პრობლემებით? ლონდონში, Tate Modern ზოგჯერ თავს მტკენს, მაგრამ ეს უფრო მეტად უკავშირდება იარლიყებს. და ადამიანები უყურებენ ბოტიჩელის ეროვნულ გალერეაში ყოველგვარი შესამჩნევი ავადმყოფური ზეგავლენების გარეშე.

სტენდალი

უეჭველია, რომ სწორედ დიადი ხელოვნების აშკარა კონცენტრაცია ფლორენციაში არის ის, რაც იწვევს ამ პრობლემებს. მისი ისტორიული ცენტრი კომპაქტური, მცირე ტერიტორიაა, რომელიც გამორჩეულად სავსეა ქანდაკებებით, მოვარაყებით, შადრევნებით, ფრესკებით, გუმბათებითა და გამოქანდაკებული კარებით. თვით Santa Maria Nuova-ს საავადმყოფო, სადაც ტურისტებს მკურნალობენ ამ სინდრომზე, მიეკუთვნება მე-15 საუკუნეს – ლეონარდო და ვინჩი აქ კვეთდა გვამებს. ხელოვნების მოყვარულთათვის, მღელვარება, გამოწვეული იქ ჩასვლით, სადაც ამდენი ცნობილი ხელოვნების ნაწარმოებია შეკრებილი, ჰგავს შეხვდეთ ყველა თქვენს გმირს ერთდროულად. უფრო ცინიკურად, ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ გრძელი რიგები სტრესის ერთ ფენას ამატებს გულზე.

Santa Maria Nuova-ს საავადმყოფო, ფლორენცია

უცნაური ესთეტიკური დაავადება უეჭველად რენესანსის ხელოვნების განსაკუთრებული ძალის მტკიცებულებაა. ამ საუცხოო რამემ, და როგორც ის არის წარმოდგენილი ფლორენციაში მას შემდეგ, რაც ჯორჯო ვაზარიმ დაიწყო უფიცის მშენებლობა 1560 წელს, შექმნა თვით ის იდეა „ხელოვნებისა“, როგორ ხელოვნებასაც ჩვენ დღეს ვიცნობთ, როგორც რაღაც ჰიპნოზური ჯადოქრობის მქონეს. მედიჩის ოჯახს და სხვა ფლორენციელ ვაჭრებსა და ბანკირებს სწამდათ, რომ ხელოვნებას შეეძლო გაეხადა ისინი ბედნიერები, ბრძენები და ცივილიზებულები, ანტიკური რომაელების მსგავსად, რომელთაც ისინი პატივს სცემდნენ. ისინი ასევე ფიქრობდნენ, რომ ნახატი ან ქანდაკება შეიძლებოდა ყოფილიყო თილისმა ან ჯადო, რომელიც სექსუალურ ნაყოფიერებას ზრდის ან თავიდან არიდებს კატასტროფას.

ყოვლადწმინდა გამოცხადების ტაძარი, ფლორენცია

დღეისათვის, “სასწაულებრივი“ ნახატი „გამოცხადება“, რომელიც, როგორც ამბობენ, ანგელოზების დახმარებით შეიქმნა, საბურველჩამოხსნილია მისი თაყვანისმცემლებისთვის ფლორენციის ყოვლადწმინდა გამოცხადების ტაძარში. და მაგია კვლავ მოქმედებს. ბოტიჩელი გარდაიცვალა 1510 წელს, მაგრამ მისი ხელოვნება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ძირს აგდებს ვიღაცას 500 წელზე მეტი ხნის შემდეგ. იმ დროისათვის, ამ ადგილას იყო გენიოსების უნიკალური თანავარსკვლავედი – ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი და მიქელანჯელო, ყველა ერთად – რომელმაც დატოვა ბრწყინვალება, რაც ჯერ კიდევ შეგიძლიათ განიცადოთ ტურის გიდებისა და ძვირადღირებული კაფეების მიუხედავად. თუ გული არ შეგიღონდათ ფლორენციაში, თქვენ სინამდვილეში არ ყოფილხართ იქ.

კომენტარები

კომენტარი