Uncategorized არტ მენეჯმენტი ვიზუალური ხელოვნება კულტურა

ხელოვნების სასახლემ ცნობილი ინგლისელი მხატვრის ნამუშევარი შეიძინა

თბილისის ხელოვნების სასახლემ მე-18-მე19 საუკუნეებში მოღვაწე ცნობილი ბრიტანელი მხატვრის, თომას ვეინვრაითის ნამუშევარი შეიძინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია ავრცელებს:

“არ ვიცი საქართველოში არის თუ არა კიდევ სხვა მუზეუმი, რომელსაც პრესტიჟულ საერთაშორისო სახელოვნებო აუქციონებზე ძვირფასი ნიმუშის შეძენა შეუძლია, როგორც ამას მსოფლიოს სხვა დიდი სიძველეთსაცავები აკეთებენ. ძალიან საამაყოა და თავისებური ადრენალინია როცა შეგიძლია ლუვრთან, ერმიტაჟთან, დრეზედენის გალერეასთან ან სულაც მეტროპოლიტენთან ერთად ივაჭრო და ევროპის წამყვანი კერძო გალერეებიდან შენი ქვეყნის ეროვნული საგანძურის შესავსებად ძვირფასი ნამუშევარი წამოიღო! არადა რაც თავი მახსოვს სულ პირიქით იყო, ძირითადად აქედან გაჰქონდათ, აქედან ყიდულობდნენ და ამდიდრებდნენ სხვა ქვეყნების მუზეუმებს. დღეს კი პირიქით მოხდა, ეს ფრიად გასახარი და ჩვენი მუზეუმის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფაქტი ვერ იქნებოდა, რომ არა ჩვენი სასახლის მუდმივი მეგობარი, მხარდამჭერი და სერიოზული დონორი Bezhuashvili Education Foundation / დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი ეს მეგობრობა კი ვერასოდეს დაიწყებოდა, რომ არა ჩემი მუდმივი მხარდამჭერები მანანა მანჯგალაძე და ნათია ბანძელაძე Jesika Szikora, მათზე ბევრს არაფერს ვიტყვი, ერთს ავღნიშნავ ხაზგასმით, მანანა მანჯგალაძე იმ იშვიათ მეგობართა რიცხვს მიეკუთვნება ვისაც საქმის მხარდაჭერა წარმოუდგენელი ენთუზიაზმით შეუძლია…

სწორედ ამიტომაც ფონდმა ამ ბოლო 2 წელიწადში ხელოვნების სასახლისათვის არაერთი გამორჩეული ხელოვნების ნიმუში იყიდა, თუმცა ამ ყველა შენაძენს შორის დღევანდელი მაინც განსაკუთრებულად მომწონს. მაშ ასე წარმოგიდგენთ გამორჩეული ინგლისელი მხატვრის თომას ვეინვრაითის (1749-1883) ბრწყინვალე ბრიტანულ პეიზაჟს სახელწოდებით: „ხედი წყლის პირას“. (ტილო, ზეთი, 1830 წელი). თომასი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინგლისელ მხატვრად ითვლება, მისი ნამუშევრები 1832-1862 წლებს შორის არაერთხელ გამოფენილა ინგლისის სამეფო სამხატვრო აკადემიაში. და დიახ ამ სახელგანთქმული ავტორის ნახატი დღეს საქართველოშისამუდამოდ ჩამობრძანდა, მას ახლავს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, სახელოვნებათმცოდნეო კვლევა და საერთაშორისო სერთიფიკატი. თომას ვეინვრაითი პირველი ინგლისელი პეიზაჟისტია, რომელიც ქართულ სახელმწიფო კოლექციაში მოხვდა, არადა მისი ნახატებით მსოფლიოს არაერთი წამყვანი მუზეუმი იწონებს თავს…. შეიძლება ვიღაცას ზედმეტ ფანტაზიორობად მოეჩვენოს, მაგრამ მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ვიცი რომ აუცილებლად დადგება დრო როცა ჩვენც დიდი მუზეუმებისა და გალერეების მსგავსად ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის მსოფლიო შედევრებს ვიყიდით და ჩვენს მუზეუმში გამოვფენთ”- განაცხადა ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ.

კომენტარები

კომენტარი