ვიზუალური ხელოვნება

„ცუდი ფერწერის კარგი მხატვარი“ – გეორგ ბაზელიცის ხელოვნება

2018 წელს ვენეციის ბიენალეს პარალელურად გახსნილ ერთ-ერთ უდიდეს გამოფენებს შორის იყო გეორგ ბაზელიცის რეტროსპექტივა აკადემიის გალერეაში – ის გერმანელი ნეოექსპრესიონისტის კარიერის მეექვსე ათწლეულს ეძღვნებოდა. მხატვარი 80 წლის გახდა და ამ ასაკს მან მაიღწია ცოცხალი კლასიკოსის და  ყველაზე ძვირადღირებული გერმანელი მხატვრის სტატუსით. მაგრამ, რაც მთავარია, შეასრულა თავისი საკვანძო განზრახვა. თავად ბაზელიცი ამბობდა, რომ „სურდა აუცილებლად გამხდარიყო ცნობილი“ და ამატებდა: „ტალანტი – მეორეხარისხოვანია, მთავარია არ იყო ისეთი, როგორც ყველა“.

მხატვრის ნამდვილი სახელი და გვარია ჰანს-გეორგ კერნი, ფსევდონიმი უკავშირდება მშობლიურ ქალაქ დოიჩბაზელიცს. ფერწერა ბავშვობიდანვე იტაცებდა. თუმცა, მაშინ ხატავდა კლასიკურ პორტრეტებს და პეიზაჟებს. 20 წლის ასაკში ბაზელიცი ჩაირიცხა სამხატვრო სასწავლებელში გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ უკვე მეორე კურსზე ის გარიცხეს „სოციალურ-პოლიტიკური უმწიფრობისთვის“.

„როდესაც მე გამრიცხეს, აღარ მაძლევდნენ ტალონებს, რომლითაც შემეძლო პროდუქტების ყიდვა. მითხრეს, რომ თუ ვიმუშავებდი მრეწველობაში ერთ წელიწადს, მერე შემეძლებოდა სამხატვრო სკოლაში დაბრუნება სხვაგვარი – „სწორი აზროვნებით“. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს გამანადგურებდა და ამიტომ გადავწყვიტე დასავლეთში წასვლა.“ – ყვება ბაზელიცი. იგი მართლაც გადავიდა დასავლეთ ბერლინში, სადაც ხელოვნების უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა და აქ უკვე დაიწყო ახალდაბადებულ ჟანრთან – ნეოექსპრესიონიზმთან მისი ურთიერთობა.

ბაზელიცის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო 1963 წელს და იგი მაშინვე გაეხვა სკანდალში. მისი ორი ნახატი „წყალში ჩაყრილი დიდი ღამე“ და „შიშველი ადამიანი“ – უხამსობად გამოაცხადეს და კონფისკაციას დაექვემდებარა. ერთ-ერთ მათგანზე ასახული იყო ბიჭი, რომელიც მასტურბირებდა.

„წყალში ჩაყრილი დიდი ღამე“

მხატვარზე სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა, რომელიც მოგვიანებით დახურეს. ორივე ტილო შესრულებული იყო ექსპრესიონისტული მანერით. თვითონ ბაზელიცი ამბობდა: „მე მუდამ მიყვარდა ექსპრესიონიზმი, ისევე როგორც ნებისმიერ ევროპელს. მაგრამ მე კიდევ უფრო მეტად აღმაფრთოვანებდა იგი იმიტომაც, რომ მას ვერ იტანდა მამაჩემის თაობა…“.

“შიშველი ადამიანი”

ბაზელიცის ნამუშევრების განმასხვავებელი ნიშანი იყო გადაბრუნებული ფიგურები. მათი ხატვა მან 60-იანი წლების დასასრულს დაიწყო. გამოსახულების გადაბრუნებით მხატვარი კონკრეტულ მიზანს ისახავდა – წაერთვა ხელოვნებისთვის ჩვეული ავტომატიზმი და ეიძულებინა მნახველი მიეღწია ფერწერულ ტილომდე „დაბრკოლების“ გადალახვით.

ბაზელიცი და სხვა ექსპრესიონისტები აკრიტიკებდნენ ყველაფერს „გლუვს და ლამაზს“ და თვითონ „სიმახინჯის ესთეტიკას“ აღიარებდნენ. სხვათაშორის, კრიტიკოსებმა ბაზელს უწოდეს კიდეც „ცუდი ფერწერის კარგი მხატვარი“.

70-იანების მიწურულს ბაზელიცი სკულპტურამ გაიტაცა და მასში უფრო მეტი ხარისხით, ვიდრე ფერწერაში, გამოვლინდა მხატვრის ექსპრესიონიზმი. ობიექტზე ის მუშაობდა ნაჯახით და ხერხით, ყველანაირი წინასწარი ესკიზების გარეშე. თავად ბაზელიცი აგროვებდა აფრიკული სკულპტურების ნიმუშებს და მათმა არქაულმა გამოძახილებმა ასახვა ჰპოვა მის საკუთარ ნამუშევრებში. ბაზელიცი ამბობდა: „მხატვარი არ ატარებს არანაირ პასუხისმგებლობას. მისი სოციალური როლი ასოციალურია.“ თუმცა, მან შექმნა ერთი სკულპტურული ჯგუფი სამოქალაქო თემაზე. ნაწარმოებში „დრეზდენელი ქალები“ ბაზელიცი დრეზდენის დაბომბვას ასახავს.

„დრეზდენელი ქალები“

ბოლო წლებში ბაზელიცი ხატავდა თავისი ადრინდელი ნახატების „რიმეიკებს“ და კიდევ 0-ოვანი წლების მიჯნაზე შექმნა „რუსული ნახატების“ ციკლი – სოცრეალიზმის კლასიკური ტილოების საკუთარი ვერსიები. მხატვარმა მთლიანად გააუქმა მათი სიუჟეტები, გადააქცია რა ისინი მხიარულ „ფარსებად“. ამგვარად, ბორის იოჰანსონის ნახატიდან „ურალის ძველ ქარხანაში“, ბაზელიცმა მხოლოდ აიღო მუშის ფიგურა და გადააბრუნა, ტილოზე თანაბარი წრეებიც კი ჩანს. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ესაა საღებავების ქილების კვალი, ბაზელიცი ქმნიდა თავის ნამუშევრებს ტილოს იატაკზე განთავსებით.

„ურალის ძველ ქარხანაში“ , 1999

ხანდაზმულ ასაკშიც კი ბაზელიცი არ წყვეტს პუბლიკის ეპატირებას. რამდენიმე წლის წინ, თავის ინტერვიუში გაზეთ „Der Spiegel”-თან, მან განაცხადა, რომ ქალი-მხატვრები ვერ ხატავენ. „ისინი უბრალოდ არ გადიან ბაზარზე შესამოწმებლად, არ გადიან ღირებულების გამოცდას. როგორც ყოველთვის, ბაზარი მართალია“. ამით მან ნამდვილი სკანდალი გამოიწვია. „ბაზელიცმა გამოთქვა აღმაშფოთებელი და პროვოკაციული აზრები და ჩვენ ვალდებულნი ვიყავით მათზე რეაგირება მოგვეხდინა. – აღნიშნა მაშინ სახელოვნებო დილერმა – აივან ლინდსეიმ. – თუმცა, მან ახლა მიაღწია ისეთ ასაკს, როცა მას აღარ აღელვებს ჩვენი აზრი“.

კომენტარები

კომენტარი