ვიზუალური ხელოვნება

შიშის მომგვრელი ხელოვნება

ხომ არ დაავიწყდა ხელოვნებას შიშის მოგვრა ჩვენთვის? წარსულში ხელოვანებს ესმოდათ, რა იყო შიში და იყენებდნენ მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ემოციურ ბერკეტს. შუა საუკუნეების და რენესანსის რელიგიური ხელოვანები განსაკუთრებით კარგად გრძნობდნენ მის შემზარავ ძალას. მორწმუნეებისთვის აუცილებელი იყო იმის შეხსენება, თუ რა ელოდათ მათ სიცოცხლის შემდეგ, თუ არ იქნებოდნენ ღვთისმოსავები ამ ცხოვრებაში, ამ ფუნქციას კი ასრულებდა მარადიული ტანჯვის საზარელი სურათები (რომელიც, ჩვეულებრივ, ეკლესიის შესასვლელთან იყო განთავსებული, რათა დაეტოვებინა წარუშლელი შთაბეჭდილება).

იტალიის ქალაქ პადუაში, სკროვენის ტაძრის მოხატულობა ეკუთვნის მე-13 საუკუნის ფლორენციელ ოსტატს – ჯოტო დი ბონდონეს. მისი ღრმად შემაშფოთებელი „განკითხვის დღე“ შეიძლება არ იყოს ფაქიზი, მაგრამ ეფექტურია. „კურთხეულნი განლაგდებიან მოწესრიგებულ მწკრივებად ქრისტეს მარჯვნივ“, როგორც ერთი სწავლული აღწერს სცენას „მაშინ, როცა დაწყევლილთა ნაკადი დამახინჯებული ფორმებით, დაგრძელებული სხეულებით, ქვემოთ მიედინება… მათ თავს ესხმიან დემონები, ჩხვლეტენ, წვავენ და გლეჯენ შუაზე“.

ჯოტო, “განკითხვის დღე”

იერონიმუს ბოსხი, მიქელანჯელო, ფრანსისკო გოია, ანრი ფუსელი, ედუარდ მუნკი… ვინ აგრძელებს მათ ტრადიციას მეოცე საუკუნეში? ორი ნაკლებად ცნობილი ნაწარმოები, რომელიც საუკუნის წინ შეიქმნა, აჩვენებს, რომ შიშის ნამდვილი სახის მოთხოვნილება არ დაკარგულა. 1920 წელს ბრიტანელი ხელოვანი ვინიფრედ ნაითსი რომის პრესტიჟული სტიპენდიით დაჯილდოვდა მისი დრამატული სცენისთვის ნახატზე, რომელიც ბიბლიური წარღვნით იყო შთაგონებული.

ვინიფრედ ნაითსი “წარღვნა” (1920)

ამავე პერიოდში ესპანელი ექსპრესიონისტი ხოსე გუტიერეს სოლანა ქმნის ამავე თემატიკის ნახატს, თუმცა აქ უფრო ფაქიზი ნიუანსებია და მიმიკის დონეზე შეინიშნება ემოცია.

ხოსე გუტიერეს სოლანა, “კლოუნები” (1920)

მაგრამ რა ხდება დღეს? პირველი, რაც შეიძლება გავიხსენოთ, ესაა დემიენ ჰირსტის ცნობილი, ბრილიანტით ინკრუსტრირებული თავის ქალა „ღვთის სიყვარულისთვის“ (2007), იგი აგრძელებს ხელოვნების ისტორიაში დამკვიდრებულ ტრადიციას memento mori (გახსოვდეს სიკვდილი), რომელიც თავის ქალას და ჩონჩხს იყენებს, არა იმდენად იმ მიზნით, რომ შეგახსენოს საკუთარი მოკვდავობა, არამედ იმიტომ, რომ შეგაშინოს სიკვდილის გარდაუვალობით.

დემიენ ჰირსტი, “ღვთის სიყვარულისთვის”

თუმცა, მიმომხილველი კელი გროვიერის აზრით, ჰირსტის ბრილიანტებით შემკული ქალა იმდენად შიშს არ აღძრავს, რამდენადაც საგონებელში გაგდებს და გაღიზიანებს იმაზე ფიქრით, რომ რა ძვირი დაჯდა ამის გაკეთება და რამდენად შეიძლება გაიყიდოს იგი. ფასი იყო 50 მილიონი ევრო, მართლაც რომ „ღვთის სიყვარულისთვის“.

ბრიტანელი ძმები ჯეიკ და დინოს ჩეპმენებიც ეთამაშებიან შიშის თემას, თუმცა მათ ნახატში „ჯოჯოხეთი“, იქნებ არაცნობიერადაც, ნაკლებია საშინელი, ვიდრე სულელური.

ჩეპმენები, “ჯოჯოხეთი” (2000)

კელი გროვიერის აზრით, პორტუგალიელი პაულა რეგოს ნახატიც უფრო მეტად უარყოფს შიშს, ვიდრე იწვევს. ალბათ დროა ხელოვანებმა ისევ აღმოაჩინონ შიში.

პაულა რეგო, “პოლიციელის ქალიშვილი” (1987)

კომენტარები

კომენტარი