კულტურა

ქეთი დოლიძე: “კულტურის სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურება”

თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე კულტურის სამინისტროს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურება. – ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge-დან ვიგებთ.

ინომსახიობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ პირველ არხთან საუბრის დროს ქეთი დოლიძემ აღნიშნა, რომ ეს მზაკვრული გეგმაა, რომელიც წლების წინ ყოფილი მინისტრის ნიკოლოზ რურუას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჰგავს.

„ეს იმიტომ ხდება, რომ მინისტრს მასთან არსებული უმნიშვნელო გაუგებრობის მოგვარება არ სურს. ეს იმიტომ ხდება, რომ თუმანიშვილის თეატრი აღარ განვითარდეს. ამ მზაკვრული შეთქმულების კიდევ ერთი მთავარი გმირი ქუთაისის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, უსინდისო კაცი გიორგი სიხარულიძეა, რომელიც ერთადერთია ვინც სამინისტროს ამ ზრახვას დასთანხმდა. მე არ ვიცი, ამას როგორ გადავიტან, თუმცა თეატრიდან წავალ და არაფრის დადგმას და შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებას არ ვაპირებ. რაც შეეხება ნინელი ჭანკვეტაძეს, რომელიც აცხადებს, რომ მე თურმე კარგი რეჟისორი ვარ, თუმცა შეიძლება კარგი მენეჯერი არ ვიყო, მაინტერესებს აქამდე სად იყო. რატომ არ უთქვამს რომ ცუდი მენეჯერი ვარ, ან რატომ მომიწერა ხელი რეკომენდაციაზე“ – განაცხადა ქეთი დოლიძემ.

საქართველოს 23 პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელთაც კანონით განსაზღვრული ოთხწლიანი ვადა გაუვიდათ, კულტურის სამინისტრომ კონკურსი 11 ივლისს გამოაცხადა.

კინომსახიობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ორი კანდიდატურის განაცხადი იყო შეტანილი – მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელის და ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი სიხარულიძის.

საბოლოო გადაწყვეტილება სამინისტროს ჯერ არ გაუხმოვანებია.

კომენტარები

კომენტარი