ვიზუალური ხელოვნება

ქართველი ვიზუალური ხელოვანის აღიარება უმაღლესი დონის ღონისძიებაზე

ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის მიერ ორგანიზებულ, ქალაქის საკულტო ღონისძიება “Tribeca Ball”-ზე ქართველი ვიზუალური არტისტის, ლევან სონღულაშვილის შემოქმედებამ კრიტიკოსების და ღონისძიების მონაწილეთა მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება 3 აპრილს ჩატარდა.

“Tribeca Ball”-ზე  თავი მოიყარეს  ცნობილმა მხატვრებმა, მუსიკოსებმა, ჰოლივუდელმა მსახიობებმა და  ვიზუალური ხელოვნებით დაინტერესებულმა ბიზნესმენებმა. თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების  არტისტების გარემოცვაში, არტ-დილერებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი აღმოჩენებისთვისაც მიეგნოთ. სწორედ ერთ-ერთი  აღმოჩენა იყო ქართველი არტისტი.
„ჩემი ახალი, 2016 – 2017 წლის ნახატების  სერია, კონცეპტუალური პროექტი სახელწოდებით –  “სტიქსი”, რომლის პრეზენტაციამ ნიუ იორკში კრიტიკოსთა და მხატვართა უმაღლესი შეფასებით ჩაიარა, მანჰეტენზე ჩელსისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის გალერისტთა და კოლექციონერთა ინტერესის ობიექტად იქცა. 21 აპრილს კი, “Open Studios”-ზე, სადაც ჩემი სახელოსნოს სტუმრები კვლავ არტ-სამყაროს მნიშვნელოვანი სახეები იყვნენ, ასევე საინტერესო კავშირები დამყარდა, სადაც რამდენიმე პროექტში თანამშრომლობა შემომთავაზეს“,- უთხრა „არტნიუსს“ ლევან სონღულაშვილმა.

იმავე დღეს, 21 აპრილს, ცოცხალი ამერიკელი როკ-ლეგენდის, იგი პოპის დაბადების დღეც აღინიშნა, რომელსაც 70 წელი შეუსრულდა. მუსიკოსმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიიღო მილოცვა. ამერიკის ერთ-ერთმა უდიდესმა, ბრუკლინის მუზეუმმა კი ოფიციალური მილოცვა მუზეუმის კოლექციაში დაცული, ლევან სონღულაშვილის  ერთ-ერთი ნამუშევრით გააკეთა, რომელიც მათ “ინსტაგრამის” გვერდზეც განთავსდა.

შეგახსენებთ, 2016 წლის 21 თებერვალს, ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმისა და ტერნერის პრიზიორის, ცნობილი ბრიტანელი კონცეპტუალისტი არტისტის, ჯერემი დელერის უჩვეულო პროექტი “იგი პოპის ლაიფ კლასი” განხორციელდა. სწორედ დელერმა და მუზეუმის კურატორებმა შეარჩიეს ლევან სონღულაშვილი ამ პროექტისთვის, რომლის ფარგლებშიც ქართველმა არტისტმა ამერიკელი როკის პიონერის სხეული, შერეული ტექნიკით, ვიზუალური ხელოვნების ნაწარმოებად აქცია.

ლევან სონღულაშვილის  ნამუშევრები “ნიუ-იორკ თაიმსმა”, “გარდიანმა” და სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. ნახატებმა მუზეუმის მუდმივ კოლექციაში დაიდო ბინა. სწორედ ამ ნამუშევრით მიულოცეს პოპს დაბადების დღე.

ბრუკლინის მუზეუმში 2016 წლის 4 ნოემბერს  უნიკალური გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით – ”იგი პოპის ლაიფ კლასი”, რომელიც უკვე ექვსი თვეა მიმდინარეობს. დამთვალიერებელს საშუალება აქვს  დიურერის, ეგონ შილეს, მაქს ბეკმანის ნახატებთან ერთად, ლევან სონღულაშვილის ნამუშევრებიც იხილოს. ბრუკლინის მუზეუმმა ლონდონში გამოსცა ამავე სახელწოდების წიგნი, რომელშიც ვრცელი და საინტერესო ტექსტური თუ ვიზუალური მასალაა წარმოდგენილი, მათ შორის პროექტის დღეს შექმნილი ყველა ნამუშევარი. ახლახან ასევე ცნობილი გახდა, რომ ექსპოზიცია, რომელიც 2017 წლის 26 მარტს უნდა დასრულებულიყო, გამოფენისადმი დიდი ინტერესის  გამო, 18 ივნისამდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი