კულტურა

ფრანკფურტი Georgia Made by Characters-ის საიმიჯო მასალებით შეიფუთა

როგორც მოგეხსენებათ, წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით აა წარმოდგენილი.

ბაზრობის ფარგლებში, ფრანკფურტი Georgia Made by Characters-ის საიმიჯო მასალებით შეიფუთა, სადაც მეტროები, ქუჩები და მთავარი ოფისი ქართული ანბანის დიზაინით მოირთო.

“ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა” კონკურსის გზით უზრუნველყო პროექტის ძირითადი კონცეფციის შექმნა, რომელიც ეფუძნება ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და ზოგადად დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებს, პერსონაჟებს. ანბანით მოთხრობილი საქართველო / Georgia Made by Characters – კონცეფცია მარკეტინგულმა კომპანიამ connect შექმნა, რომლის ტექსტის ავტორი თანამედროვე მწერალი აკა მორჩილაძეა, ხოლო ბრენდინგი გია ბოხუას, კახა კახაძეს და თაკო ჭაბუკიანს ეკუთვნის.

ამ კონცეფციის იდეის მიხედვით, ცენტრისა და JWT Metro- ს თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ცნობილი ანიმაციური ვიდეო რგოლი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ქართული ანბანის 33 ასონიშნით აცნობს საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ლიტერატურას. ამავე კონცეფციაზე დაყრდნობით, შეიქმნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი, რომლის პროგრამა შინაარსობრივად მრავალფეროვანია, მრავალფუნქციური და ინტერაქტიული. პავილიონში მოწყობილ 2 სცენაზე 10-14 ოქტომბერს 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება და ქართულ ლიტერატურას გააცნობს, გაიმართება დისკუსიები და ლიტერატურული კითხვები.

პავილიონში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი მათ შორის ცენტრის მიერ მხარდაჭერილი 300 გამოცემა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი კულტურული და 500-მდე ლიტერატურული აქტივობა.

საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის საშემოდგომო პროგრამა დატვირთულია ლიტერატურული, საგამოფენო, მუსიკალური, კინოსა და თეატრალური ღონისძიებებითა და კულინარიული შოუებით.

კომენტარები

კომენტარი