ლიტერატურა

უმბერტო ეკო – “ინტერნეტიდან გუტენბერგამდე” (წიგნი თუ კომპიუტერი)

“არტნიუსი” გთავაზობთ უმბერტო ეკოს ცნობილ ესეს “ინტერნეტიდან გუტენბერგამდე”:

თარგმანი რუსულიდან – მარინე ხუციშვილი

პლატონს, “ფედროსის” დასასრულს ასეთი მაგალითი მოჰყავს: დამწერლობის სავარაუდო გამომგონებელი ჰერმესი ფარაონს უჩვენებს თავის აღმოჩენას: “ეს გამოგონება ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, დაიხსომონ ის, რაც სხვაგვარად დავიწყებას მიეცემოდა”. ფარაონი უკმაყოფილოა: “მოხერხებულო ტოტ, მეხსიერება საოცარი ნიჭია, მას შენარჩუნება უნდა. შენი გამოგონების წყალობით ადამიანებს მეხსიერება დაუჩლუნგდებათ, ისინი დაიხსომებენ არა შინაგანი ძალისხმევით, არამედ – გარეგანი საშუალებებით”.

ამაში დავეთანხმოთ ფარაონს. როგორც ყველა ახალი ტექნიკური მხარდაჭერა, წერაც ადუნებს ადამიანს. მაგალითად, ავტომობილი ვნებს ფეხით სიარულს, წერა სახიფათოა, რადგან ადამიანებს სთავაზობს გაქვავებულ სულს, მინერალურ მეხსიერებას.

მაგრამ ჩვენს დროში დამწერლობის არსებობას ასე არ განიცდიან. ჯერ ერთი, ვიცით, რომ წიგნი სხვისი ფიქრების მითვისების საშუალება კი არა, პირიქით, საკუთარი აზრების მწარმოებელი მანქანაა. მხოლოდ დამწერლობის გამოგონების წყალობით შევინარჩუნეთ ისეთი შედევრი, როგორიცაა, მაგალითად, პრუსტის “დაკარგული დროის ძიებაში”; მეორეც, თუ ოდესღაც გონებას წვრთნიდნენ, ფაქტები რომ არ დაეკარგათ, დამწერლობის გამოგონების შემდეგ მეხსიერების ვარჯიში ამ ფაქტების წიგნში შესანარჩუნებლად დასჭირდათ. წიგნები ძილს კი არ ჰგვრიან გონებას, აკაჟებენ.

ფარაონი გამოხატავდა უძველეს შიშს, შიშს იმისას, რომ ახალი ტექნიკა რაღაც კარგს, დიდად ფასეულს, სულიერს შეცვლიდა ან მოსპობდა. ფარაონმა თითქოს ჯერ ნაწერზე მიუთითა, შემდეგ – ადამიანის მეხსიერების სიმბოლოზე და თქვა: ეს (ანუ დამწერლობა) მოკლავს იმას (ანუ მეხსიერებას).

აქ უადგილო არ იქნება ვ.ჰიუგოს “პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან” ციტირება. სწორედ ამ წიგნში აბატი კლოდ ფროლო მიუთითებს ჯერ წიგნზე (იმ დროს მხოლოდ იწყებოდა წიგნების ბეჭდვა), შემდეგ თავის ტაძარზე და ამბობს: “ეს მოკლავს მას”. XV საუკუნეში ბეჭდვა ახალი გამოგონებული იყო. მანამდე ხელნაწერები მხოლოდ მცირერიცხოვანი ელიტისთვის იყო განკუთვნილი, ფართო მასების განსწავლა კი ტაძრის ფრესკებსა და სკულპტურულ ფიგურებს ევალებოდა. შუასაუკუნეების ტაძარი თითქოს მუდმივი, შეცვლელი ტელეპროგრამა იყო, რაც ადამიანებს სიცოცხლისათვის აუცილებელს აძლევდა. წიგნები ხომ მოსწყვეტდნენ საბაზო ფასეულობებს, ხელს შეუწყობდნენ ზედმეტ ინფორმირებულობას, წმინდა წერილის თავისუფალ განმარტებასა და არაჯანსაღ ცნობისმოყვარეობას.

მარშალ მაკ-ლიუენის წიგნის, “გუტენბერგის გალაქტიკის” თანახმად, ბეჭდვის გამოგონებიდან თანამედროვე ავტორებამდე გადაილახა აზროვნების სწორხაზოვნება, ხოლო 1960-იანი წლებიდან მას ცვლის უფრო გლობალური აღქმა: ჯერ ტელეგამოსახულებების, შემდეგ კი სხვა ელექტრონული საშუალებების სახით. თვითონ მაკ-ლიუენი თუ არა, მისი მკითხველები თითქოს თითს იშვერდნენ ჯერ მანჰეტენის დისკოთეკისკენ, შემდეგ კი წიგნისკენ – სიტყვებით: “ეს მოკლავს მას”.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა საკმაოდ სწრაფად აითვისეს იდეა, რომ ჩვენი ცივილიზაცია ორიენტირებული ხდება გამოსახულებებზე, რაც, თავის მხრივ, წიგნიერების დონეს დასცემს. ახლა ეს ისეთი ტრუიზმია, რასაც ჟურნალის სტატიების უმეტესობაში შეხვდებით. მართლაც სასაცილოა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სწორედ მაშინ ალაპარაკდნენ სიტყვიერების დაცემაზე, როცა მსოფლიოს სცენაზე კომპიუტერი გამოჩნდა.

უდავოა, კომპიუტერი იარაღია გამოსახულების წარმოება-გადამუშავებისა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ძველი კომპიუტერები საწერი საშუალება იყო და არა – სანახაობითი: ეკრანზე მიცოცავდნენ სიტყვები და სტრიქონები, მომხმარებელს კი უნდა წაეკითხა. იმ კომპიუტერების თაობის ბავშვებმა ველური სისწრაფით ისწავლეს კითხვა და ახლა ისინი გაცილებით სწრაფად კითხულობენ, ვიდრე წიგნებზე ორიენტირებული უნივერსიტეტის პროფესორები. მოზარდები, თუ ისინი პროგრამირებაზე მუშაობენ, უნდა გამოიცნონ ლოგიკური პროცედურები, ალგორითმები და სწრაფად ბეჭდონ სიტყვები და ციფრები. ამ თვალსაზრისით კომპიუტერი ადამიანებს გუტენბერგის გალაქტიკაში აბრუნებს. ის, ვინც ღამღამობით განუწყვეტლივ დაძვრება ინტერნეტში, იარაღად სიტყვას იყენებს. თუ ტელეხედვა სახეებით წარმოდგენილი სამყაროა, დისპლეი უნივერსალური წიგნია, სადაც სამყარო სიტყვებითაა წარმოდგენილი და გვერდებადაა დაყოფილი.

პირველი კომპიუტერები (წარმოშობით დინოზავრები) ურთიერთობდნენ ნაწერი სტრიქონების საშუალებით. ეს იყო, თუ გნებავთ, მორბენალი წიგნი. თანამედროვე კომპიუტერებში გამოჩნდა ჰიპერტექსტები. ახლა წიგნი მარცხნიდან – მარჯვნივ, მარჯვნიდან – მარცხნივ ან ზემოდან ქვემოთ იკითხება (გააჩნია წერის შერჩეულ ხერხს). ჰიპერტექსტი მრავალგანზომილებიანი ქსელია, რომელშიც თითოეული წერტილი თუ კვანძი დამოუკიდებლად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე უკავშირდება ტექსტის ნებისმიერ წერტილსა თუ კვანძს.

ახლა ვუახლოვდებით მკვლელობათა ისტორიის დასასრულს, ანუ რა მოკლავს რას. გვარწმუნებენ, რომ ჩD ავიწროებს წიგნებს. ეს რეალობაა თუ მეცნიერული ფანტასტიკა?

თვით ბეჭდვის გამოგონების შემდეგაც კი წიგნის გარდა ინფორმაციის ბევრი მატარებელი ასრებობდა. ესაა ფერწერაც, ხალხური გრავიურებიცა და ზეპირი სწავლებაც, მაგრამ წიგნი რჩებოდა სამეცნიერო ცოდნის გადაცემის ბაზად. წიგნივე იყო დიდაქტიკისთვის ოპტიმალური მასალა.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სრულყოფასთან ერთად რაღაც შეიცვალა. არცთუ დიდი ხნის წინ ენების შესწავლის ერთადერთი საშუალება (მოგზაურობის გარდა) იყო სახელმძღვანელო, ახლა ხომ სწავლობენ ბავშვები ფირფიტებით, ფილმებით, არჩევენ წარწერებს საფუთავებზე. შესაძლებელია, არაჩვეულებრივად შეისწავლო ფილმებით ძველი რომის ისტორია. ოღონდ სინამდვილის ამსახველი ფილმების შერჩევაა საჭირო. ჰოლივუდის შეცდომა ის კი არაა, ტაციტუსისა და ე.გიბონის ნაცვლად ფილმებს რომ გვჩრის, არამედ ის, რომ იგი ამ ისტორიკოსთა სიამაყით აღსავსე, ან ყოყოჩა და დათაფლული ვერსიებია. კარგი სამეცნიერო-პოპულარული ფილმით, რომ აღარაფერი ვთქვა კარგ ჩD-ზე, გენეტიკას სახელმძღვანელოზე უკეთესად ასწავლი. დღესდღეობით მასობრივი ინფორმაციის ბევრი საშუალება კულტურულ მუშაობაშიც მონაწილეობს, კულტურამაც ხომ უნდა გამოიყენოს მისი შესაძლებლობები. აუცილებელია მხოლოდ გულმოდგინედ მოფიქრებული საგანმანათლებლო მიდგომა. ენების შესასწავლად ფირი სახელმძღვანელოზე უკეთესია. აზრიანად შერჩეული კომენტარების საშუალებით კომპაქტ-დისკზე ჩაწერილი შოპენით უკეთესად შეიძლება გაერკვე მუსიკაში, ვიდრე კომპოზიტორის მრავლისმომცველი ბიოგრაფიით. ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდეს ვერბალური და ვიზუალური კომუნიკაციები (მათ სხვადასხვა ამოცანა აქვთ), უნდა სრულიყოს ერთიცა და მეორეც.

შუა საუკუნეებში ხალხისთვის ვიზუალური კომუნიკაცია ნაწერზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. შარტრის ტაძრის ვიზუალური “სახელმძღვანელო” არაფრით ჩამოუვარდება ონორე ოტონსკის “სამყაროს სახეს”.

გამომსახველობას პლატონური ძალა აქვს, იგი ცალკეულ იდეას საყოველთაოდ გარდასახავს. ვიზუალური კომუნიკაციის საშუალებით ადვილია დარწმუნების სტრატეგიის შემუშავება. როდესაც გაზეთში წავიკითხავ, რომ მისტერ იგრეკმა იქსი პრეზიდენტად წამოაყენა, ვიცი, რომ გადმოცემულია მისტერ იგრეკის აზრი. მაგრამ თუ ტელევიზორში ჩემთვის სრულიად უცნობი პირი (არადა, სხვა კი არავინ, თუ არა მისტერ იგრეკი) აგიტაციას უწევს იქსის პრეზიდენტობას, მაშინ ინდივიდუუმის აზრი აღიქმება, როგორც საყოველთაო ნების გამოხატულება.

ხშირად ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან მალე გაიხლიჩება (ან უკვე გაიხლიჩა) ორ კლასად. ერთი, რომელიც მხოლოდ ტელევიზორს უყურებს, ანუ მხოლოდ მზა სახეებსა და სამყაროს შესახებ მზა განსჯას ღებულობს და მეორე, რომელიც კომპიუტერის ეკრანს უყურებს, ანუ შეუძლია შეარჩიოს და გადაამუშაოს ინფორმაცია.

თემა სამეცნიერო ფანტასტიკისათვის: მომავალი, სადაც უმრავლესობა მხოლოდ ვიზუალური ტელეკომუნიკაციებით სარგებლობს. ეს კომუნიკაცია კი კომპიუტერული და ლიტერატურული ელიტის მიერ იგეგმება.

დავუბრუნდეთ ჩვენს თემას: გაანადგურებს თუ არა კომპუტერი წიგნს? არის ორი კატეგორიის წიგნი: ერთი – საკითხავი, მეორე – ცნობარები და საკონსულტაციო წიგნები. პირველი იმ პრინციპით იკითხება, რასაც მე ვუწოდებ “დეტექტიურ ისტორიას”. იგი იწყება იმით, რომ პირველ გვერდზე ხდება მკვლელობა, რომელსაც მთელი წიგნის მანძილზე იძიებენ, რათა ბოლო გვერდზე აღმოჩნდეს, რომ, როგორც ყოველთვის, მკვლელი სახლმმართველია. ავტორს სურს, კითხვა პირველი გვერდიდან დაიწყოთ, წაიკითხოთ მის მიერ შემოთავაზებული გამოძიების შესახებ და შემდგომ დასკვნასაც თვითონვე მოგართმევთ. ერთადერთნი, არანორმალურები, ვინც ასე არ კითხულობს მსგავს წიგნებს, უნივერსიტეტის პროფესორები არიან. ისინი ციებიანივით ახტებიან გვერდებს, ეძებენ რა მინიშნებებსა და ანალოგიებს პირველსა და ბოლო თავს შორის. მათი საუკეთესო საქმიანობაა, გამოიკვლიონ ბიბლიასთან კავშირი და ა.შ. მაგრამ კითხვის ეს ხერხები არასპეციალისტს, რბილად რომ ვთქვათ, ხელოვნურად მოეჩვენება.

არსებობს წიგნების მეორე კატეგორიაც: წიგნები კონსულტაციისთვის, ცნობარები, ენციკლოპედიები, სახელმძღვანელოები. ბუნებრივია, რომ სკოლაში წიგნს თავიდან ბოლომდე კითხულობ. პრინციპში, ასეთი წიგნების ერთიანად წაკითხვა არაა აუცილებელი და საკითხავი თემის შერჩევა შეგიძლია. ვთქვათ, როცა გინდა ლოგარითმის განმარტება, პოულობ ამა და ამ გვერდზე. ასეთი წიგნი თაროზე ინახება არა იმისთვის, რომ ძილის მოსაგვრელად წაიკითხო, არამედ ათ წელიწადში ერთხელ რომ გადაშალო. ასეთი წიგნები სპორადული დანიშნულებისაა და არასოდეს იკითხება სიტყვასიტყვით. ისტორია ისეთი ადამიანისა, ენციკლოპედიას თავიდან ბოლომდე რომ წაიკითხავს, ფსიქიატრებისთვის მზა დიაგნოზია. ნორმალური ადამიანები ამ წიგნს გადაშლიან, რათა გაიგონ, როდის მოკვდა ნაპოლეონი ან როგორია გოგირდმჟავას ფორმულა. უნივერსიტეტის პროფესორები ხომ ენციკლოპედიას გამოძრომის განსაკუთრებულ ხერხად ხმარობენ. ნორმალური საკითხავი წიგნის კითხვა მათ არ შეუძლიათ, სამაგიეროდ, განსაკუთრებულად მკაცრი სისტემით ხელმძღვანელობენ ენციკლოპედიაში ჩახედვისას.

დავუშვათ, მინდა ვნახო, შეეძლო თუ არა ნაპოლეონს, კანტს შეხვედროდა. რასაკვირველია შემიძლია ჩავძვრე ნაპოლეონის ან კანტის ბიოგრაფიებში, უფრო კი კანტისაში, თუ გავითვალისწინებთ, რამდენ ადამიანს შეხვედრია ნაპოლეონი. აი, კანტის ბიოგრაფიაში კი ნაპოლეონთან შეხვედრას მოიხსენიებენ. ამ ცნობის მოსაპოვებლად მე მომიწევს თაროებზე ძრომიალი, დამქანცველი, ბინძური ფიზიკური სამუშაოს შესრულება ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ამიტომ ხომ არ გამოიყურებიან უნივერსიტეტის პროფესორები ასე ღონემიხდილნი და დამტვერილნი?

ჰიპერტექსტში კი, როგორც თევზმა წყალში, შემიძლია ვიცურაო სხვადასხვა აზრობრივ ფენებში. განსხვავებით ენციკლოპედიისგან, სადაც ჩემთვის საჭირო ცნობები გაფანტულია, ჰიპერტექსტი მომცემს ყველა სიტყვის ჩამონათვალს ასო ა-ზე, ყველა იმ შემთხვევას გამოვავლენ, როცა ნაპოლეონის სახელი ემთხვევა კანტისას, შევადარებ ბევრი ადამიანის ბიოგრაფიულ თარიღებს. მოკლედ, იმ ყველაზე მტვრიან, ბინძურ და მომქანცველ ფიზიკურ სამუშაოს რამდენიმე წუთში ვასრულებ.

ადამიანს, შესაძლოა, უბრალოდ არ ჰყოფნის ფული “ბრიტანიკის” შესაძენად, მაგრამ რომც ეყოს, ეს ფული მაინც არასაკმარისი აღმოჩნდება შესაფერისი ბინის დასქირავებლად, ეს ფოლიანტები რომ დაეტიოს. შეეცადეთ, იაპონელს აჩუქოთ “ბრიტანიკა” და ნახავთ, სად ააკოკოლავებს ამ წიგნებს.

ჰიპერტექსტი უსარგებლოდ აქცევს ლექსიკონებსა და ცნობარებს. მაგრამ შეუძლია თუ არა კომპიუტერს საკითხავი წიგნის შევიწროება? – აი, ესაა საკითხავი. ასევე, შეუძლია თუ არა ჩD-ღOM-ს შეცვალოს საკითხავად განკუთვნილი ნაწარმოების ბუნება?

როდესაც თორმეტ საათს კომპიუტერთან გავატარებ და თვალები ჩოგბურთის ბურთივით გამიხდება, საარსებო მოთხოვნილებას ვგრძნობ, ჩავეგდო ნებისმიერ სავარძელში და ჩავეფლო გაზეთში ან საყვარელ ლექსებში. ვიტყვი ასე: კომპიუტერები წიგნიერების ახალ ფორმას ავრცელებენ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იმ ინტელექტუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რასაც თვითონვე აძლევენ სტიმულს.

წიგნის მომავლის შესახებ სან-მარინოში გამართულ სიმპოზიუმზე რეჟი დერბე ამბობდა, რომ ძველებრაული კულტურა წიგნს ეყრდნობოდა, რადგან ძველი ებრაელები მომთაბარეობდნენ. ეს მეტად მნიშვნელოვანი დაკვირვებაა. ეგვიპტელები თავს უფლებას აძლევდნენ, თავიანთი ისტორია ობელისკებზე ამოეკვეთათ, მაგრამ მოსეს არ შეეძლო. ვისაც წითელი ზღვით უნდა სიარული, თავისი სიბრძნე მხოლოდ გრაგნილის ფორმით შეუძლია თან წაიღოს და არავითარ შემთხვევაში – ობელისკის სახით. სხვათა შორის, მეორე მომთაბარე ცივილიზაცია – არაბებისა, ასევე ეყრდნობოდა წიგნს და უპირატესობას ანიჭებდა დაწერილ ნახატს.

წიგნებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვთ: თვით თანამედროვე დაჟანგულ ქაღალდზე დაბეჭდილიც კი, რომელიც ცოცხლობს არაუმეტეს 70 წლისა, უფრო გამძლეა და დღეგრძელი, ვიდრე მაგნიტური ჩანაწერი.

ჰიპერტექსტუალურ ფორმაში დეტექტივს შეუძლია, მკითხველს ამოარჩევინოს მოვლენათა განვითარების სასურველი შესაძლებლობა და საკუთარი სიუჟეტი შექმნას. მისი გადასაწყვეტია, მკვლელი სახლმმართველი იქნება, ვინმე სხვა, თუ სულაც – გამომძიებელი.

ეს იდეა ახალი არაა. კომპიუტერის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე მწერლები ოცნებობდნენ ბოლომდე ღია ტექსტზე, რისი უთვალავი სახით გადაწერა მკითხველს საკუთარი სურვილისამებრ შეეძლებოდა. ასეთი იყო სტეფან მალარმეს “წიგნის” იდეა.

ესაა ფიზიკური დეფორმაციისთვის მზადმყოფი ტექსტის იდეა, რაც მკითხველს სრული თავისუფლების შთაბეჭდილებას უქმნის. მაგრამ ეს თავისუფლების ილუზიაა. ერთადერთი მანქანა, რომელიც უთვალავი წიგნის წარმოშობას ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს, ათასწლეულების წინაა გამოგონილი. ესაა ანბანი. საბოლოო ჯამში ასოები შობს მილიარდ ტექსტს და ეს ასეა ჰომეროსიდან დღემდე. ამ თვალსაზრისით, ყველა კარგი წიგნის ამოსავალი ლექსიკონები და გრამატიკაა. უებსტერის ლექსიკონის სწორად გამოყენების შემთხვევაში სრული შესაძლებლობა გაქვთ,, დაწეროთ “დაკარგული სამოთხე”.

ჰიპერტექსტუალური რომანი შემოქმედების ყურადსაღებ გაკვეთილს გვაძლევს, მაგრამ წერილობით “ომსა და მშვიდობას” მივყავართ არა უსაზღვრო თავისუფლებამდე, არამედ გარდუვალობის მკაცრ კანონამდე. თავისუფლებისათვის სიცოცხლისა და სიკვდილის ეს გაკვეთილი უნდა გავიაროთ და მხოლოდ წიგნებს შეუძლიათ გადმოგვცენ ჩვენ ეს ცოდნა.

კომენტარები

კომენტარი