კინო

სკანდალი ჰოლივუდში: უმა თურმანის ბრალდება ტარანტინოს მიმართ და რეჟისორის პასუხი

New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში ცნობილმა მსახიობმა უმა თურმანმა ჰარვი ვაინშტაინი ძალადობაში დაადანაშაულა. ვაინშტაინის მიმართ მსგავსი ბრალდებები ახალი არ არის, მსგავსი განცხადება არაერთმა ჰოლივუდელმა მსახიობმა გაავრცელა. თურმანთან ინტერვიუ საინტერესო სხვა გარემოების გამოა. გარდა ამ ბრალდებისა, მსახიობი რეჟისორი კვენტინ ტარანტინოსაც ადანაშაულებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში.

მსახიობი ამბობს, რომ Pulp Fiction-ის პრემიერის შემდეგ ჰარვიმ მასზე იძალადა, რის შემდეგაც უმა თურმანი ამ ამბის მოსაყოლად ტარანტინოსთან მივიდა, თუმცა რეჟისორის მხრიდან ამას შედეგი არ მოჰყოლია და ტარანტინომ კვლავ განაგრძო ვაინშტაინთან თანამშრომლობა.

გარდა ამისა, მისი თქმით, Kill Bill-ის გადაღებების დროს, კვენტინმა უმას გაუმართავ მანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვა, რაზეც პასუხად უარი და თხოვნა მიიღო, რომ ეს არ გაეკეთებინათ. საბოლოოდ, მსახიობი დაშავდა და მომხდარის გამო ტარანტინოს ეჩხუბა.

უმა თურმანი ამბობს, რომ ტარანტინო ამ ქმედებით მას სასიკვდილოდ იმეტებდა და თავს დამნაშავედაც კი არ მიიჩნევდა, პირიქით უყვიროდა მას.

ცოტა ხნის წინ, თურმანის ბრალდებას უპასუხა ტარანტინომაც.

”ვაინშტაინს ვაიძულე, რომ უმასთვის ბოდიში მოეხადა და მე ბოლომდე მსახიობის მხარი დავიჭირე. ჩვენ ამ თემაზე ბევრჯერ გვისაუბრია. უმას  უნდოდა, რომ მომხდარის შესახებ ყველას სცოდნოდა, შესაბამისად, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ამ კომენტარის გაკეთება მომიწევდა. ეცადეთ სხვა მხრიდან შეხედოთ მომხდარს. მე არ ვიცოდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა, ამიტომ ვნანობ, თუმცა რაც შეეხება ყვირილს, ეჭვიც არ მეპარება, რომ მისთვის არ მიყვირია და არ მიიძულებია მანქანაზე დაჯდომა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით პარტნიორები. მომხდარმა კი, ჩემი და უმას ურთიერთობა გააუარესა. მიუხედავად ამისა, კონტაქტი ერთმანეთთან არ დაგვიკარგავს.” – განაცხადა ტარანტინომ.

უმა თურმანის და კვენტინ ტარანტინოს დუეტი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მსახიობს ტარანტინოს მუზადაც კი მიიჩნევენ.

გთავაზობთ ეპიზოდს, რომელმაც უმა თურმანის გაბრაზება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი