ვიზუალური ხელოვნება

სტრიტარტის ხელოვნება – რაზე ლაპარაკობს ქალაქი?

სტრიტარტი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ურბანული ხელოვნებაა. ნახატები ქალაქის კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე, ნაგვის ურნებზე და სხვა ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეგხვდეს. ის არ მოითხოვს პროფესიონალურად შესრულებულ ნახატს, მთავარია ნამუშევარი პოლიტიკური, სოციალური, კულტურლური თუ რაიმე სხვა ხასიათის მესიჯის მატარებელი იყოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრიტარტი გრაფიტისგან სწორედ ამით განსხვავდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიღოს ფლომასტერი, პულივიზატორი, საღებავი და თავისი სათქმელი ქალაქის სხეულს წააწეროს.

სტრიტარტი 1920-იან წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც ამერიკაში ბანდებმა დაიწყეს წარწერებისა და ნახატების გაკეთება მეტროს ვაგონებსა და ავტბუსებზე. თუმცა უფრო სერიოზული სახე ამ ხელოვნებამ 1980-იანი წლებიდან მიიღო. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ახალგაზრდები ცდილობდნენ ეპოვნათ სხვადასხვა გზა, რათა სოციო-პოლიტიკურ ვითარებაზე თავიანთი აზრები დაეფიქსირებინათ.

აღსანიშნავია სწორედ ამ პერიოდში მოღვაწე კანადელი მხატვარი რიჩარდ ჰამბლტონი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი სტილით. ის კედლებზე ადამიანების ჩრდილებს ხატავდა, უსახოებს, მხოლოდ სილუეტით, რაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე.

უნდა ვაღიაროთ, რომ სტრიტარტი არ არის ხელოვნებაში ფეხის მოკიდების გზა. ეს უფრო შენი აზრის გამოხატვის საშუალებაა, ან უბრალოდ რაიმე აზრის, რომელსაც არ ჰყავს ავტორი, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი აზრიც არსებობს. სწორედ ამიტომ, ხშირია, რომ სტრიტარტისტები ფსევდონიმს იყნებენ, ან საერთოდ არ აწერენ ავტორის ვინაობას.

კიდევ ერთი გამორჩეული სტრიტარტისტი კიტ ჰარინგია, რომელიც რიჩარდ ჰამბლტონთან ერთად მოღვაწოებდა. მისი ნახატები მკვეთრი ფერებით გამოირჩევა და უფრო მეტად ანიმაციურია.

ყოველდღიურად სტრიტარტი ხელოვნების უფრო და უფრო დიდ ნაწილს იკავებს. ამის გამო გახშირდა ისეთი ნახატებიც, რომელიც არანაირ მესიჯს არ ატარებს, მაგრამ ძალიან ლამაზია და ხალხის უმრავლესობას მოსწონს. ამის გამო, შესაძლოა, მომავალში სტრიტარტი თავის საფუძველს მოსწყდეს, მაგრამ როდესაც საჭირო იქნება ხელოვნების ეს ფორმა თავის სათქმელს ისევ აღბეჭდავს ქალაქების კედლებზე.

საინტერესოა რა ხდება საქართველოში და როგორ ვითარდება ხელოვნების ეს ფორმა ჩვენს ქვეყანაში. დღესდღეობით ყველაზე ცნობილი ქართველი სტრიტარტისტი გიორგი გაგოშიძე, იგივე გაგოშაა. ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ, კულტურულ თუ სხვა პრობლემებზე ყველაზე სწრაფად რეაქცია სწორედ მას აქვს.

2018 წლიდან საქართველოს მერიამ სტრიარტის ხელშეწყობა დაიწყო. თავად ეს წინადადება ძალიან უცნაურია, რადგან თვითონ სტრიარტის სუბკულტურა თავის თავში წინააღმდეგობას, მწვავე მესიჯებს, ჩარჩოების არარსებობას მოიცავს, სახელმწიფოს მხრიდან კი ამის ხელშეწყობა პრინციპულად ეწინააღმდეგება ხელოვნების ამ სფეროს ფუნდამენტს. მერიის ხელშეწყობით დაიწყო პროექტი ,,ნიკო’’, რომლის ფარგლებშიც ოცამდე მხატვარი შეირჩა. მათ გმითა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი მოხატეს.

საინტერესოა, რომ მხატრვების შერჩევისას კრიტერიუმები ამგვარი იყო: არა პოლიტიკა, არა სიბილწე, არა რელიგია, არა რეკლამა. ასე ვთქვათ, კასტინგი ჩატარდა, რის მიხედვითაც ჩარჩოში მოექცა სტრიარტი. პროექტის წარმომადგენლები ხსნიან, რომ ქუჩაში საჯაროდ გაცხადებული მესიჯები რაღაც საზღვრებში უნდა მოექცეს, რათა მარაზმში არ გადავიდეს. შესაძლოა ნაწილობრივ მართალიც არის, როდესაც სტრიტარტის ხელოვნების განვითარებაზე ვსაუბრობთ.

როგორც ვახსენე, სტრიტარტი სახელოვნებო სფეროს ნაწილი გახდა, ანუ სუბკულტურის საზღვრები გაარღვია და კულტურად გადაიქცა. კულტურა კი ვერ გაექცევა საზოგადოების მოთხოვნებს და სახელმწიფოსაც ურჩევნია, რომ მასზე კონტროლი თავად აიღოს.

სტრიარტი ჩვენი კანონდმებლობით, როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, დასჯადია და ის ვანდალიზმად ითვლება. თავდაპირველად ჯარიმა 500 ლარი იყო, თუმცა ბოლო წლებში მხოლოდ თბილისისათვის შეიცალა კანონი და ჯარიმა გაორმაგდა. ალბათ, თბილისს სხვა რეგიონებთან შედარებით მეტი კონტროლი სჭირდება და ამიტომ.

ხშირია ნამუშევრების გადაღებვაც, რაც ერთი შეხედვით ავტორისთვის მტკივნეული პროცესი უნდა იყოს, თუმცა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გაგოშა აღნიშნავს, რომ სტრიტარტისტი არ ხატავს სახელისთვის, ის მესიჯს აჟღერებს, რაც შესაძლოა ეფემერულიც იყოს და ეს ნორმალურია. ერთი რამ კი ცხადია, რაც მეტად გადაიღებება კედლები, მით მეტი ადგილი იქნება ახალი ნამუშევრებისთვის, ქალაქში კი იმდენი ქუჩაა, რომ  სახელმწიფოს დაკვეთებთან ერთად თავისუფალი არტისტების ნამუშევრებსაც თავისუფლად დაიტევს.

კომენტარები

კომენტარი