ვიზუალური ხელოვნება

სიურრეალიზმი – ფემინური მოძრაობა

ფრანკფურტის შოუ-გამოფენაზე წარმოდგენილია 34 ქალი მხატვრის 260 ნამუშევარი, ისინი იყვნენ ისეთივე მეამბოხეები, როგორც მამაკაცი სიურრეალისტები. ქალი ხელოვანების წვლილი სიურრეალისტურ მოძრაობაში შესაძლოა კარგადაა ცნობილი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმემ მოიპოვა ის აღიარება, რომელსაც იმსახურებდა. ფრანკფურტის ახალი გამოფენისთვის შეკრიბეს 34 მნიშვნელოვანი ხელოვანი, რომელთაგან რამდენიმე დიდი ხნის განმავლობაში ყურადღების მიღმა რჩებოდა და იყო გარიყული მამაკაცების მიერ დომინირებული ხელოვნების ისტორიული წესრიგიდან.

მათი შემოქმედების რაოდენობა და მრავალფეროვნება აჩვენებს როგორი ცენტრალური იყო ქალური პერსპექტივა სიურრეალიზმისთვის მისი წარმოშობისთანავე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. გამოფენაზე წარმოდგენილია ნახატები, ქაღალდის ნამუშევრები, სკულპტურები, ფოტოები და ფილმები, რომელთაგან ზოგიერთი იშვიათად თუ უნახავს ვინმეს აქამდე.

დოროთეა ტენინგი, დენის ძაბვა (1942)

ასევე წარმოდგენილია ნამუშევრები ნაკლებად ცნობილი ხელოვანებისა, როგორებიცაა ტოიენი, ბრიჟიტ ტიშნორი, ალის რაჰონი, კეი სეიჯი და იტელ კოლქუჰონი, მათ გვერდით არიან უფრო ცნობილი თანამედროვეებიც: ფრიდა კალო, მერეტ ოპენჰაიმი, ლი მილერი, კლოდ კაჰუნი, ლეონორა კერინგტონი, დორა მაარი და დოროთეა ტენინგი. წარმოდგენილია ჟერმენ დიულაკის „ნიჟარა და ღვთისმსახური“, გადაღებული 1927 წელს. იგი მიჩნეულია პირველ სიურრეალისტურ ნამუშევრად ფილმის ისტორიაში.

ლეონორ ფინი, “ქთონური ღვთაება დარაჯობს ახალგაზრდა კაცის ძილს” (1946)

1944 წელს, ანდრე ბრეტონი, სიურრეალიზმის უმაღლესი ქურუმი წერდა: „ სწორედ ახლაა დრო ქალის იდეები გაბატონდეს კაცის იდეებზე, რომლის სიღატაკე უკვე საკმაოდ ცხადი გახდა დღევანდელი მღელვარების ფონზე. განსაკუთრებით ხელოვანზეა დამოკიდებული, რაც შეიძლება მეტი პრივილეგია მიანიჭოს ფემინურ სისტემას მასკულინური სისტემის საპირისპიროდ, რათა ექსკლუზიურად ქალის თვისებებს მიექცეს ყურადღება“. გამოფენა მხარდაჭერილია, მათ შორის ფინანსურადაც, რამდენიმე ქალის მიერ, მათ შორისაა ფრანგი ხელოვანი ვალენტენ ჰიუგო.

მერეტ ოპენჰაიმი, Venus Primitive 1962 (1933)

შოუზე წარმოდგენილია ბევრი მნიშვნელოვანი სიურრეალისტური თემა, მაგალითად, როგორიცაა „მშვენიერი ცხედარი“, ერთობლივი ნამუშევრები, ავტომატური წერა და მითიური არსებები, ასევე ქვეცნობიერის ლანდშაფტები. „მთლიანობაში, მოძრაობა მრავალ ხმრივ არის „ფემინური“, რამდენადაც იგი უარყოფს ყველაფერს, რაც არის ტრადიციულად მასკულინური, პატრიარქალური და იმპერიალისტური სტრუქტურის“ აღნიშნავს გამოფენის კურატორი ინგრიდ პფაიფერი. გამოფენის განსაკუთრებულ ფოკუსშია ავტოპორტრეტები, ჟანრი, რომელიც ქალმა სიურრეალისტებმა თავისად აქციეს, რადგან კაცი სიურრეალისტები მას ნაკლებად ასრულებდნენ.

კომენტარები

კომენტარი