კინო

სერიალ “მხედვარს” მეორე სეზონიც ექნება

ახლახან, Netflix-ის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალ “მხედვარს” მეორე სეზონიც ექნება, რომლის გადაღებებიც 2020 წლის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში დაიწყება, პრემიერა კი 2021 წელს შედგება.

ცნობილია, რომ მეორე სეზონი რვა ეპიზოდით იქნება წარმოდგენილი, მთავარ როლში კი ისევ ჰენრი კავილს ვიხილავთ.

როგორც იცით, სერიალი პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ფენტეზის ჟანრში შექმნილ რომანთა ციკლს ეფუძნება, რომელიც გვიყვება სამყაროზე, სადაც მონსტრები და ადამიანები იძულებულნი არიან ტერიტორიები გაიყონ. ამ ბრძოლაში უბრალო ადამიანები დახმარებას “მხედვარებს” – მონსტრებზე მონადირეებს სთხოვენ.

“მხედვარის” მთავარი გმირი გერალტია, რომელსაც ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ეპიცენტრში ვხედავთ. მას, როგორც ყველა სხვა მხედვარს, ბავშვობაში გადატანილი მრავალმხრივი მუტაციების მეშვეობით, განვითარებული აქვს შესაძლებლობები: ძალა, რეაქცია, დაჩქარებული მეტაბოლიზმი და ა.შ. გერალტი მონსტრებს ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ ანადგურებს.

ანჯეი საპკოვსკის საკულტო საგა რვა წიგნისგან შედგება. პირველი ნაწილი 1986 წელს გამოიცა, უკანასკნელი კი – 2013 წელს. ნაწარმოებების მიხედვით პოლონეთში გადაიღეს სერიალი, შეიქმნა სამი ვიდეო თამაში, დაიწერა და დაიდგა როკ-ოპერა, ხოლო პოლონეთში გამოიცემოდა კომიქსები გერალტისა და ნაწარმოებების სხვა გმირების თავგადასავალთა შესახებ. სერია ითარგმნა უამრავ ენაზე, მათ შორის ქართულადაც.

აღსანიშნავია, რომ 70 წლის პოლონელი მწერალი Netflix-ის სერიალში კრეატიული კონსულტანტის ამპლუაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ სერიალის პირველი სეზონის პრემიერა Netflix-ზე 20 დეკემბერს შედგება.

კომენტარები

კომენტარი