ვიზუალური ხელოვნება

სევდისა და ლტოლვის ფოტოები

ამერიკის შეერთებული შტატების მეოცე საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების ისტორიულ ასახვათა უმრავლესობა წარმოგვიდგენს ომის შემდგომი ბუმის ეპოქის მხიარულ, ხმაურიან სურათს: მაღალი ხელფასები, უმუშევრობის დაბალი დონე, როკენროლის რევოლუცია, სამოქალაქო უფლებები და თავისუფალი სიყვარულის ადრეული ექოები.

მაგრამ ჩამოთვლილთაგან ვერც ერთს ვერ შეიგრძნობთ დეივ (დეივიდ მარტინ) ჰითის შედევრში – „დიალოგი მარტოობასთან“ (1965), რომელსაც კანადის ეროვნული გალერეის ყოფილმა კურატორმა – ჯეიმს ბორკომენმა უწოდა „1960-იანებში ფოტოგრაფის მიერ შექმნილი უმნიშვნელოვანესი წიგნი“. მასში წარმოდგენილია 1952-62 წლებში, ნიუ იორკიდან კორეამდე სხვადასხვა ადგილებში გადაღებული 82 ფოტო, რომლებიც დაჯგუფებულია მარტოობის თემის ირგვლივ თემატური ვარიაციების მიხედვით (ანარქია, სიღარიბე, ახალგაზრდობა და სხვ.).  

ჩაფიქრებული პერსონაჟები, რომლებმაც ხშირად არც იცოდნენ ფოტოგრაფის იქ ყოფნის შესახებ, დროში შეჩერებულნი და გარემომცველი ხალხმრავლობისა და ხმაურიანი სამყაროსგან იზოლირებულნი არიან. ჰითი მათ გვიჩვენებს ახლოდან და ავლენს მათ ღრმად ჩაძირულობას ფიქრებში და მაინც – სწრაფვას ურთიერთობისკენ. მისი ფოტოები წარმოადგენს იშვიათ ფანჯარას, საიდანაც ვხედავთ რიგითი ამერიკელების მელანქოლიასა და მღელვარებას, იმ დროს, როცა მთელ ქვეყანაში ეპოქალური მოვლენები ვითარდებოდა.  

სევდიანი ფაქტია, მაგრამ შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ჰითმა დაიჭირა ეს ხმაჩახშობილი მღელვარება ასეთი მეტყველი ფორმით. 1931 წელს, ფილადელფიაში დაბადებული თვითნასწავლი ხელოვანი 4 წლის ასაკში მიატოვეს მშობლებმა. მისი პირველი გამოფენა 1958 წელს მოეწყო იმავე ადგილას მანჰეტენში, სადაც ისეთი ბიტნიკები იკრიბებოდნენ, როგორებიცაა: ჯეკ კერუაკი და ალენ გინზბერგი. დეივ ჰითი გარდაიცვალა 2016 წელს, მისი აღიარება კი დაიწყო 2018 წლის შემოდგომიდან, პარიზში გამართული მისი წიგნის განხილვის შემდეგ.

ობოლთა თავშესაფარში გაზრდილი დეივისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 1947 წელს ჟურნალში ნანახი, სიეტლის ობოლთა თავშესაფრის ფოტო-მიმოხილვა. მან დაიწყო ქუჩაში გამვლელების გადაღება. კორეის ომში მსახურებისას ის ჯარისკაცების კონტემპლატიურ მომენტებს აღბეჭდავდა ფირზე.

1957 წელს იგი ნიუ იორკში ფუძნდება და თანამოაზრეებსაც პოულობს. გუგენჰაიმის მუზეუმის დაფინანსებით იგი მოგზაურობს ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში და ასახავს აშშ-ს საზოგადოების სეისმურ ბიძგს. თუმცა ის უფრო სხვა იყო, ვიდრე ფოტოჟურნალისტი. 1987 წელს იგი ამბობს: „ჩემი აზრით, არსებობს განსხვავება პოეტის ინტროვერტულობას და ჟურნალისტის ექსტროვერტულობას შორის. ეს არ ნიშნავს კარგს ან ცუდს, ეს მხოლოდ ხასიათის საკითხია. წლების მანძილზე, ჩემი შემოქმედება უფრო პირადული და შინაგანი ხდებოდა.“

ჰითის ფოტოები ასახავს ომის შემდგომ მშფოთვარე განწყობას, რაც გამოწვეული იყო ინდივიდებსა და მათ უფრო ფართო ურბანულ გარემოს შორის სწრაფად ცვალებადი ურთიერთმიმართებით. დეივ ჰითი იყო დაჭრილი პიროვნება და მისი ხელოვნება ფორმირდა მისი სწრაფვით სხვასთან კავშირისადმი და ამის ქრონიკული შეუძლებლობით. ჰითი 1987 წელს ამბობს: „მე მჯერა, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება დედის დაკარგვას, ემოციურ ტრავმას. მე ამ ნაწარმოების შექმნით ვცდილობდი მივსულიყავი გლოვის მომენტამდე, მაგრამ ის უფრო და უფრო მძირავს, იმის ნაცვლად, რომ შვება მომგვაროს.“

ჰითი ფოტოებს განგებ ამუქებდა სხვადასხვა მეთოდებით (დაწვა, გათეთრება და სხვ.), რათა მნახველის ყურადღება სურვილისამებრ მიემართა. მის წიგნში, ფოტოების თანმიმდევრობა ოსტატურადაა განსაზღვრული. მისი ერთ-ერთი გამოფენის ორგანიზატორი, კეით დევისი ამბობს, რომ ჰითი უბრალო ფოტოებს „გარდაქმნიდა რაღაც უფრო მითიურსა და ძლევამოსილში მნიშვნელობის მხრივ“.

კომენტარები

კომენტარი