ლიტერატურა

„საქართველო – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ის საპატიო სტუმარი ქვეყანა” ფარგლებში მომზადებული საგამომცემლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მედიათეკაში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, პროექტის „საქართველო – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ის საპატიო სტუმარი ქვეყანა” ფარგლებში მომზადებული საგამომცემლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საგამომცემლო პროგრამის ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლითაც წელს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი, მათ შორის სამი ეროვნული სტენდი – ქართველი გამომცემლების კოლექტიური სტენდი, ქართული საბავშვო ლიტერატურის სტენდი და სახელოვნებო წინებისა და ინოვაციური პროექტების სტენდი; და ასევე შინაარსობრივი პროგრამა, რომელიც 150-მდე მწერლის, გამომცემლის, ლიტერატურის კრიტიკოსისა და მთარგმნელის მონაწილეობით 80-მდე ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებები ეროვნული სტენდის სცენაზე, საპატიო სტუმრის პავილიონის მცირე სცენასა და ბაზრობის სხვა სცენებზე გაიმართება.

პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ასოციაციის მიერ გაგა ლომიძის ავტორობით, საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის შექმნილი ინგლისურენოვანი, ილუსტრირებული წიგნი „33 ამბავი ქართული წიგნის შესახებ“ და საგამომცემლო კატალოგი.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის საგამომცემლო პროგრამას ორგანიზებას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პროფესიონალთა გუნდი უწევს.
პროგრამა ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი