კინო

საქართველო ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

საქართველო ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეცამეტედ იქნება წარმოდგენილი. ბერლინის ევროპული კინოს ბაზრობაზე თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტი“ მსოფლიო პრემიერა შედგება.

European Film Promotion-ის გადაწყვეტილებით, ირაკლი კვირიკაძე 10 ყველაზე ნიჭიერ ევროპელ „ამომავალ ვარსკვლავს“ შორის მოხვდა. Shooting Stars-ის ნომინაციაში ქართველი მსახიობი რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის მოხვდა. 19 თებერვალს კი Berlinale Palast-ში თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award გადაეცემა.

სექცია BERLINALE CLASSICS მაყურებელს მსოფლიოში ათწლეულების წინ აღიარებული 7 ფილმის აღდგენილი ვერსიების მსოფლიო პრემიერებს შესთავაზებს. მათ შორის ერთ-ერთი მიხეილ კალატოზიშვილის კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმი – „მიფრინავენ წეროები“ იქნება.

Market Screenings-ის ფარგლებში, გაიმართება ზაზა ხალვაშის ახალი ფილმის „ნამე“ ჩვენება.

14-22 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობისას, ბერლინში კრიტიკოსთა კვირეული გაიმართება. კვირეულს ანა ურუშაძის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმის – „საშიში დედა“ გერმანული პრემიერა გახსნის.

„ნეთვორქინგის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პლატფორმაზე Berlinale Talents წელს სამი ქართველი კინემატოგრაფისტი იქნება წარმოდგენილი:

• ანა სარუხანოვა – რეჟისორი
• რატი წითელაძე – რეჟისორი, პროდიუსერი
• ნინო ვარსიმაშვილი – სცენარისტი, პროდიუსერი

კოპროდუქციის ბაზრობის ფარგლებში, 19 თებერვალს გაიმართება Books at Berlinale Books at Berlinale-სთვის ქართული ლიტერატურული ნაწარმოები პირველად შეირჩა. ბერლინში დაგეგმილ ფიჩინგზე კინოპროფესიონალების წინაშე დათო ტურაშვილის რომანი „სხვა ამსტერდამი“ წარდგება, რომელიც 12 საუკეთესო ნაწარმოებს შორის მოხვდა.

ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 15 თებერვლიდან 25 თებერვალამდე გაიმართება.

ავტორი: ლიზა ციციშვილი

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი