კულტურა

„საქართველოს სინფონიეტას“ YouTube არხზე კონცერტების ჩვენება გრძელდება

საქართველოს სინფონიეტა“ განაგრძობს კონცერტების ჩვენებას YouTube-ზე და 17 მაისს, 19:00 საათზე გთავაზობთ კონცერტის ჩანაწერს გდანსკის გოლდბერგის ფესტივალიდან (პოლონეთი).

„Gdansk Goldberg Festival“  2006 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ალინა რატკოვსკა, რომელსაც ქართველი მსმენელი „თბილისის ბაროკო ფესტივალიდან“ უკვე კარგად იცნობს. 2014 წლის 12 სექტემბერს, “საქართველოს სინფონიეტამ” ფესტივალის ფარგლებში კონცერტი გამართა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია, ინგრიდა გაპოვა (სოპრანო) და დირიჟორი პაველ კოტლა.

ეს იყო რეგიონში არსებული ერთადერთი ბაროკოს ორკესტრის პირველი გასტროლი ევროპაში და შესაბამისად მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. სწორედ ამ ისტორიული კონცერტის ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ 17 მაისს „საქართველოს სინფონიეტას“ YouTube არხზე.

„საქართველოს სინფონიეტას“ YouTube კონცერტების ციკლი 22 მაისს გაგრძელდება და წარმოდგენილი იქნება ორკესტრის უახლესი პროექტი, კოსტიუმირებული კონცერტი – „13 არია“, რომელიც 2019 წლის „თბილისის ბაროკოს ფესტივალის“ ფარგლებში განხორციელდა. კონცერტის პროგრამა მოიცავს ვოკალურ და ინსტრუმენტულ არიებს ბაროკოს ეპოქიდან. „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ: მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი) და ქეთევან ქართველიშვილი (ალტი), კოსტიუმების მხატვარი – უტა ბექაია.

26 მაისს წარმოდგენილი იქნება ტელევიზია „პიკის“ მიერ გადაღებული, ირინა ხანგოშვილის დოკუმენტური ფილმი „ქართველი მუსიკოსები ამსტერდამში“. ეს ფილმი მოგვითხრობს ქართველი მუსიკოსებზე, რომელთაც კონცერტი ამსტერდამის კონცერტაგებაუს დარბაზში გამართეს და ფილმთან ერთად ამ კონცერტის ფრაგმენტებიც იქნება წარმოდგენილი. კონცერტში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობდნენ: ნინო გვეტაძე, ლევან ცხადაძე, გიორგი გვანცელაძე, დირიჟორი მარკუს პოშნერი და სხვა.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სპეციალურად ბავშვებისთვის ნაჩვენები იქნება სერგეი პროკოფიევის „პეტრე და მგელი“. ამ უნიკალური ნაწარმოებით ბავშვები გაიცნობენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ეზიარებიან კლასიკური მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს. ნაწარმოები შესრულდა 2011 წელს,  „თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალზე“ და „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ასრულებდნენ: კერსტენ მაკკოლი (ფლეიტა), გიორგი გვანცელაძე (ჰობოი), ლევან ცხადაძე (კლარნეტი), ბრამ ვან სამბეკი (ფაგოტი), ვოფგანგ გააგი (ვალტორნა), კონსტანტინე ჩადუნელი (ვალტორნა), ბაჩანა ბექაური (ვალტორნა), ფრიც დამროვი (საყვირი), მამუკა ბექაური (ტრომბონი), ვიმ ვოსი (დასარტყამი ინსტრუმენტები), გიორგი გიგუაშვილი (ტიმპანი), მთხრობელი კი გახლდათ ლევან წულაძე.

ყველა კონცერტის YouTube პრემიერა 19:00 საათზე დაიწყება და შეგიძლიათ უყუროთ „საქართველოს სინფონიეტას“ YouTube არხზე – www.youtube.com/c/georgiansinfonietta

კომენტარები

კომენტარი