საშემსრულებლო ხელოვნება

“საქართველოს სიმფონიეტა” 1 მარტს კონცერტს გამართავს

1 მარტს, “სინფონიეტა სთეიჯიზე” თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა” კამერული მუსიკის კონცერტს გამართავს. სოლისტები გახლავთ: საქართველოს სინფონიეტას პირველი ჩელო – ნატალია ბინდუსი და ჟენევის მუსიკისა და ბერნის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი – დენის სევერინი.

ნატალია ბინდუსმა ჟენევის მუსიკის უნივერსიტეტი – Haute Ecole de Musique de Geneve (შვეიცარია) პროფესორ დენის სევერინის ხელმძღვანელობით დაამთავრა. მან მასტერკლასები გაიარა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: დენის შაპოვალოვი (მოსკოვი), პაველ გომჟაკოვი (ესპანეთი), რაფაელ როსენფელდ (შვეიცარია), გუსტავ რივინიუსი (შვეიცარია), გიდო შიფენი (გერმანია), ფრანსუა გიო (შვეიცარია), ფრანს ჰელმერსონი (შვეიცარია), ერიხ ჰობართი (შვეიცარია). მასტერ კურსები ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა კამერულ ანსამბლებთან: ტრიო “Gryphon” (ანალე პატიპატანაკონი, რომან ბორისი, ჯეიმს პარკერი), ტრიო “Wanderer” (ჟან-მარკ-ფილიპს-ვარჯაბედიანი, რაფაელ პიდუ, ვენსან კოქი), შვეიცარია.

17 წლის ნატალია ოდესის კამერული ორკესტრის (უკრაინა) კონცერტმაისტერი გახლდათ. მას უთანამშრომლია ისეთ ორკესტრებთან, როგორიც არის “Sinfonietta de Geneve”, ბერნის სიმფონიური ორკესტრი (შვეიცარია), “Soloists of Luxembourg”, ოდესის ფილარმონიული ორკესტრი (უკრაინა). მოწვეულ მუსიკოსად უმუშავია სხვადასხვა ორკეტრში იტალიაში, გერმანიაში და სხვა.

2019 წლიდან ნატალია ბინდუსი „საქართველოს სინფონიეტას“ პირველი ჩელოა.

დენის სევერინი ჟენევის მუსიკისა და ბერნის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორია. ის ასწავლის ჩელოზე დაკვრას, ასევე არის ბაროკოს ჩელოს და კამერული მუსიკის პედაგოგი.

მას ხშირად იწვევენ, როგორც მასწავლებლად, ასევე ხელმძღვანელად სხვადასხვა საორკესტრო პროექტებისა ისეთ სასწავლებლებში, როგორიც არის: კატარინას უმაღლესი სამუსიკო ცენტრი (მადრიდი, ესპანეთი); იაზეპს ვიტოლსის სახელობის მუსიკის აკადემია (რიგა, ლატვია); ცენტრალური სამუსიკო კონსერვატორია (პეკინი, ჩინეთი); ფერენც ლისტის სახელობის მუსიკის აკადემია (ბუდაპეშტი, უნგრეთი) და ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტი (ხარკოვი, უკრაინა). იგი  რეგულარულად მართავს საზაფხულო მასტერკლასებს გერმანიში, საფრანგეთში, პოლონეთში, რუსეთში, საქართველოსა და ბრაზილიაში.

დენის სევერინი გახლავთ საბერძნეთის, იტალიისა და ესპანეთის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, იგი ასევე ექო კლასიკის გამარჯვებული – ECHO KLASSIK (2015) და გრემის ჯილდოს მფლობელია – GRAMMY AWARDS (2007).

დენის სევერინი თანამშრომლობს თანამედროვეობის ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ნატალია გუტმანი, ქრისტოფ კუანი, სერჯო აცოლინი, ჟორდი სავალი, ქრისტოფ ჰოგვუდი, ჩეჩილია ბარტოლი, ჰაინც ჰოლიგერი და სხვა მრავალი.

დენისი სხვადასხვა კამერული და ბაროკოს ანსამბლის წევრია, მათ შორის: საფორტეპიანო ტრიო – Spyros , შვეიცარიის ბაროკოს სოლისტები, Les Solostes de Geneve (შვეიცარია), Ars Antiqua Austria, Wiener-Akademie (ავსტრია), Ensemble Baroque de Limoges (საფრანგეთი), Capella Gabetta, Harmonie Universelle (გერმანია), The Russian Virtuosi of Europe (ლონდონი, ინგლისი).

დენის სევერინი მონაწილეობს მსოფლიოს პრესტიჟულ ფესტივალებში და კონცერტებს მართავს ისეთ ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, როგორიც არის: Queen Elizabeth Hall (ლონდონი, ინგლისი), Concertgebouw (ამსტერდამი, ნიდერლანდები), Musikverein Wien (ავსტრია), Konzerthaus Berlin (გერმანია), Philharmonic Society Concert Hall (პრაღა, ჩეხეთი), Cité de la Misique, Radio France Concert Hall (პარიზი, საფრანგეთი), Victoria Hall, Tonhalle Zurich (შვეიცარია), Lutoslawski Concert Hall (ვარშავა, პოლონეთი), National Philarmonic Kiew (უკრაინა) და სხვა.

1 მარტის სარამოს შესრულდება ე. ბლოხის, ლ. ბოკერინის, ო. რესპიგისა და ჯ. სოლიმას ნაწარმოებები ჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის.

კონცერტის დასაწყისი 19:00

კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი