ლიტერატურა

სამი გამორჩეული ლექსი დედაზე

ზამთარი

ყოველთვის,

როცა მერცხლები წავლენ…

ყოველთვის,

როცა ფიფქები მოვლენ…

გულო! რამხელა მოწყენას ავლენ!

გულო! რამხელა სინანულს ავლენ!

დედას მაგონებს მე ყველა ფიფქი,

სიცივეც,

ქარიც,

გრიგალიც,

თოვლიც…


… გარეთ ქარბუქი არხევდა ჭადრებს,

მინებზე ზამთარს ხატავდა რთვილი,

დედა წვებოდა ყველაზე ადრე,

რომ მე ლოგინი მქონოდა თბილი.

ყველაზე ადრე დგებოდა დილით,

ცოცხით ოთახის სიჩუმეს გვიდა,

ბავშვს ხომ უნდაო, საუზმე თბილი,

სადილი გვინდა… რაღაცა გვინდა…

და მოკვდა იგი, გამრჯე და შემძლე,

მას დარდად გაჰყვა ფიქრები ჩემზე.

არა, აღარ ზის ის საჩეჩელთან

ათოვს დედის გულს, თოვლივით სუფთას.

ის ადრე მოკვდა, ვინ იცის ჩემთვის

ცივი სამარის გათბობაც სურდა…


და მუდამ, როცა მერცხლები წავლენ,

ყოველთვის, როცა ფიფქები მოვლენ,

გულო! რამხელა მოწყენას ავლენ,

გულო! რამხელა სინანულს ავლენ,

მე ეს სიცივე მაგონებს დედას,

დედის ჭაღარას მაგონებს თოვლი…

ავტორი: ტარიელ ჭანტურია

ჩემო დედი

ჩემო დედი,

დაბერდი და,

ლექსებს ირჩევ სევდიანს.

შენი ძვლები წამდაუწუმ

სატირალზე სხდებიან.

შენი ფიქრნი სად არ წავლენ

სად არ გადასწვდებიან.

აღმართსა და აღმართს შორის

ბილიკს გაიტკეპნიან.

დედი, იის ძირში ცხოვრობ,

სახლი გიდგას ფერებით.

სახლს კარიც აქვს,

მაგრამ, ვაი, 

მე ვერ შემოვეტევი.

რაა, დედი,

ამ ბოლო დროს, 

სულ საფლავზე გხედავენ!

ბებოჩემი, პაპაჩემი,

შენს თავს შემომედავნენ.

და თუ მაინც წაგიყვანეს,

თუ გაუწყრათ გამჩენი,

კიბეს ხომ მეც ამომაწვდი,

როგორც ხეზე დარჩენილს.

ჩამოვყვები კიბეს, დედი,

სისხლიანი ფეხებით.

დედი, როგორ გავიხარებთ,

როგორ გადავეხვევით.

ავტორი: ბესიკ ხარანაული

დედა და შვილები

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, 
თორო იქნება ვკვდებოდე, 
და შენ კი ჩემად სახსოვრად 
სააქაოსა რჩებოდე, 
გიმღერდენ ჩემებრ სწორები 
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე, 
ქვეყანა მხიარულობდეს, 
და მე საფლავში ვლპებოდე. 
ნეტავი, ჩემო სახელო, 
დიდხანამც იხსენებოდე, 
ჩემო ნათქვამო სიტყვაო, 
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე. 
შენ, ჩემო საფლავის კარო, 
შენამც კი აჰყვავდებოდე, 
სახლო, არ დაიშლებოდე, 
ცოლო, არ გათხოვდებოდე… 
ერთ ეგეც უნდა ვიკითხო, 
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა, 
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა, 
საქმეს ვინ გაიჭირებსა? 
ამასა ვფიქრობ და გულიცა 
ამასვე ანამდვილებსა. 
დედის მეტს ჩემი სიკვდილი 
არავის აატირებსა. 
თუმც ნათესავნი, და-ძმანი 
აღარ აისხმენ ღილებსა, 
ცოლიც ძალიან მიტირებს, 
ქვეყანას გააკვირვებსა, 
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა 
სხვისა ჭირს გაახლინებსა. 
სულ ყველას დავავიწყდები, 
ყველას სხვა დაათირებსა, 
მე დედის გულში ვიქნები, 
ძილსაც ვერ დაიძინებსა, 
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა, 
გულით ეგ დამიტირებსა, 
დედას უყვარვართ შვილები, 
დედა არ გვახსოვს შვილებსა, 
იმითა გვტანჯავს გამჩენი, 
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

ავტორი: მიხა ხელაშვილი

კომენტარები

კომენტარი