კულტურა

საგანძურის მცველებსა და ექსკურსიამძღოლებს 250 და 280 ლარი რომ აქვთ ხელფასი, რომელ მოტივაციაზე ვბედავთ ლაპარაკს – ზვიად კვარაცხელია

მწერალი და რედაქტორი ზვიად კვარაცხელია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, რომ სამეგრელოში, დედოფლისეული სასახლის ექსკურსიამძღოლებსა და საგანძურის მცველებს 250-280 ლარი აქვთ ხელფასი.

განცხადების ადრესატები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები არიან:

“ბოლო ხანებში ჩემს სტუმრებთან ერთად რამდენჯერმე ვეწვიე დედოფლისეული სასახლის საგამოფენო დარბაზებს ზუგდიდში. ოქროს ფონდმა და ექსპოზიციამ, როგორც ყოველთვის, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რამდენიმე ჩამოქცეული დარბაზი რომ სასწრაფო მიხედვას საჭიროებს – ეს ერთი და მთავარი, მაგრამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – ტურისტებითა თუ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დამთვალიერებლებით მუდმივად დატვირთული საგანძურის მცველებსა და ექსკურსიამძღოლებს 250 და 280 ლარი რომ აქვთ ხელფასი, რომელ მოტივაციასა და ღირსებაზე ბედავთ ამის შემდეგ საერთოდ ლაპარაკს?! წილხვდომილობის დღესასწაულის აღნიშვნაზე მთელი სახელმწიფო და სასულიერო ინსტიტუციების მობილიზებას, აჯობებდა, ღვთისმშობლის კვართისა და უდიდესი მნიშვნელობის ექსპონატთა მცველებისთვის მიგექციათ ყურადღება.

P. S. მინისტრყოფილ გიორგაძეს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ეს პრობლემები ვერ შეასმინეს. იქნებ ახლა მაინც მოიხედოს ვინმე ღვთისნიერმა ზუგდიდისკენ, და მთავრობაში მყოფმა თუ მთავრობას ჩახუტებულმა ზუგდიდელებმაც ცოტა ხელი რომ გამოიღოთ, ურიგო არ იქნებოდა.” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დედოფლისეული სასახლის არქიტექტორი ედვიგ იაკობის ძე რაისია, რომელიც 1851-1852 წლებში ტფილისში მეფისნაცვლის კარზე არქიტექტორის და სამოქალაქო კანცელარიის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებში გადაკეთდა მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო

კომენტარები

კომენტარი