კინო

რუსული “ჩერნობილის” ტრეილერს ლაფსუსების გამო დასცინეს

სერიალ “ჩერნობილის” რუსული ვარიანტის ტრეილერს ფანებმა უზუსტობებისა და ლაფსუსების გამო დასცინეს. შეცდომების ამსახველი ფოტომასალა Twitter-ის მომხმარებლებმა საკუთარ გვერდებზე გამოაქვეყნეს.

მაყურებელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ორ სხვადასხვა კადრში გამოჩენილ ავტომობილებს ერთი და იგივე სანომრე ნიშნები აქვთ.

Посмотреть изображение в Твиттере

სერიალის ტრეილერი გააკრიტიკეს, აგრეთვე, ამერიკელი შპიონის სცენის გამო, რომელიც მთავარ ისტორიაშია ჩართული. ინტერნეტმომხმარებლების თქმით, სერიალის რუსულ ვარიანტში ყველაფერი ისე ხდება, როგორც მოსალოდნელი იყო: ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარია ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დივერსანტის გამო ხდება.

რუსული ტრეილერის გამოსვლამდე, HBO-ს მიერ გადაღებულ “ჩერნობილში” აკადემიკოს ვალერი ლეგასოვის როლის შემსრულებელმა, მსახიობმა ჯარედ ჰარისმა, სერიალის რუსულ ვარიანტს სწორედ იმის გამო დასცინა, რომ მისი სიუჟეტის მიხედვით, ჩერნობილის კატასტროფაში დამნაშავე, დიდი ალბათობით, ამერიკა აღმოჩნდებოდა.

HBO-სა და Sky Atlantyc-ის მიერ გადაღებული მინი-სერიალი “ჩერნობილი” ხუთსერიანი ისტორიული დრამაა, რომელიც სსრკ-ში, ქალაქ პრიპიატში, 1986 წლის აპრილში, ჩერნობილის ტრაგედიის რეალურ ამბავს და საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნების მიერ აფეთქების დაფარვის მცდელობებზე მოგვითხრობს. სერიალი ნობელის პრემიის ლაურეატი ბელარუსი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის “ჩერნობილის ხმები” მიხედვით არის გადაღებული. სერიალმა დიდი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიო მასშტაბით და გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ყველა რეიტინგის სათავეში მოექცა.

“ჩერნობილმა” მოწონება ვერ დაიმსახურა მხოლოდ რუსეთში. რუსული სახელმწოფო მედია, ჟურნალები და გამოცემები სერიალს მკაცრად აკრიტიკებდნენ და წერდნენ, რომ “ჩერნობილი” რუსეთის სახელწიფოს იმიჯს ჩრდილს აყენებდა. პარტია “რუსეთის კომუნისტებმა” ცენზურის სააგენტოს, “როსკომნადზორს”, HBO-ს სერიალის აკრძალვაც კი სთხოვეს იმ მიზეზით, რომ სერიალში ნამდვილი ტრაგედია იდეოლოგიური მანიპულაციის საგანი გახდა.

“ჩერნობილის” რუსული ვარიანტის რეჟისორი ალექსეი მურადოვია. სერიალი 12 ეპიზოდით იქნება წარმოდგენილი და მისი პრემიერა რუსულ ტელეარხ НТВ-ზე შედგება.

კომენტარები

კომენტარი