ლიტერატურა

რომანი-გამოცანა – იტალო კალვინოს “თუ ზამთრის ღამით მოგზაური”

“კარგად მოკალათდი: დაჯექი, გადაწექი, იდაყვებს დაეყრდენი ან სულაც წამოწექი. გულაღმა, გვერდზე, პირქვე – როგორც გინდა. სავარძელზე, დივანზე, სარწეველა სკამზე, პუფზე ან ჰამაკში, თუ გაქვს ჰამაკი. გნებავს, საწოლზე გაკოტრიალდი ან ლოგინში ჩაწექი. თუ გინდა, საერთოდ თავდაყირა დადექი, იოგას პოზაში, ოღონდ წიგნის ამოტრიალება არ დაგავიწყდეს. კითხვისათვის იდეალური პოზა არ არსებობს” – ვკითხულობთ ცნობილი იტალიელი მწერლის, იტალო კალვინოს რომანში – “თუ ზამთრის ღამით მოგზაური”, რომლის დაუსრულებელი სათაური ზუსტად შეესატყვისება თავად წიგნის სპეციფიკას.

კალვინო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რომანის დასაწყისში ცდილობს, რომ კითხვისთვის შესაბამისი პოზის შერჩევაში დაეხმაროს მკითხველს, შემდეგ კი იწყება საოცარი, დაუვიწყარი თავგადასავლების მთელი სერია.

ხშირად “თუ ზამთრის მოგზაურს” მეტარომანსაც უწოდებენ, რადგან ის სიუჟეტურად, სტრუქტურულად არ ჰგავს არცერთ რომანს, რომელიც წაგიკითხავთ.

კალვინოს ეს წიგნი ნამდვილი ლაბირინთია – ის შედგება ათი დამოუკიდებელი ტექსტისგან, რომელთაგან ვერცერთის დასასრულის შესახებ ვერაფერს იგებს მკითხველი.

იწყებთ კითხვას ტექსტის მთავარ, უსახელო პერსონაჟთან ერთად და როდესაც ამბავი განვითარების ყველაზე კულმინაციურ მომენტს მიაღწევს, აღმოჩნდება, რომ წიგნი საგამომცემლო ხარვეზის გამო წუნდებულია, მისი ფურცლები დაკარგულია და მოულოდნელად, ისე რომ ვერც კი შეამჩნიე, უკვე სხვა რომანის სიუჟეტში ეფლობი. და ასე გრძელდება უსასრულოდ ისე, რომ ვერცერთი ამბის დასრულებას ვერ ახერხებ. ერთმანეთს ენაცვლება განსხვავებული ჟანრის, სტილის და ენობრივი პოზიციის ტექსტები: დეტექტივი, სათავგადასავლო ჰორორი, თითქმის იაპონური პორნოც კი…

“თუ ზამთრის ღამით მოგზაური” – ნამდვილი პოსტმოდერნისტული რომანია თავისი დაუსრულებლობის, სიუჟეტური ცენტრის არქონის და იმ ენობრივი თამაშებისა და მკითხველთან უჩველო ინტერაქციის გამო, რომელსაც გვთავაზობს.

“სურვილიც იქამდეა ნამდვილი, სანამ მისი მუხტი გაცნობიერებული ნებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს” – წერს კალვინო და ხვდები, რომ სწორედ ეს გაუცნობიერებელი სურვილი, მკითხველის ინსტინქტი გიბიძგებს იმისკენ, რომ კითხვა გააგრძელო და მიჰყვე სიუჟეტის იმ ჩუმ, შეფარულ დინებას, რომელიც ამ კალეიდოსკოპური თხრობის პარალელურად ძალას იკრებს.

ბოლოს კი, როდესაც კითხვას ასრულებ, ხვდები, რომ იმ ამბებს, რომლებსაც, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, რაღაც უხილავი, გამოუთქმელი ლიტერატურული მაგია აკავშირებს ერთმანეთთან.

იტალო კალვინო

იტალო კალვინო იტალიური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორია. “თუ ზამთრის ღამით მოგზაური” ქართულ ენაზე 2018 წელს გამოიცა და ის თარგმნა ხათუნა ცხადაძემ – იტალიური ლიტერატურის, განსაკუთრებით კი უმბერტო ეკოს რომანებისა და ესეების ცნობილმა მთარგმნელმა.

ქართულ ენაზე ამ რომანის გარდა მისი სხვა წიგნების წაკითხვაც შეგიძლიათ – ტრილოგიის “ჩვენი წინაპრები” (“განახევრებული ვიკონტი, “არარსებული რაინდი” და “ბარონი ხეზე”) და რომან “უხილავი ქალაქების”.

კომენტარები

კომენტარი