საშემსრულებლო ხელოვნება

“შავკანიანთა მუსიკამ დაიწყო რევოლუცია მსოფლიოში” – ჯონ ლენონი

ჯონ ლენონისთვის, არ იარსებებდა ბიტლზი არენბის (R&B) გარეშე: “მე არასდროს შევწყვეტ ამის აღიარებას: შავკანიანთა მუსიკა ჩემი ცხოვრებაა. ბიტლზი და Sgt. Pepper და ყველა ეს ჯაზი – არაფერს ნიშნავს. ის, რაზეც მე ვსაუბრობ არის 1958 წელი, როცა მე მოვისმინე [Little Richard-ის] ‘Long Tall Sally’, როცა მოვისმინე ჩაკ ბერის ‘Johnny Be Good’, როცა მოვისმინე ბოუ დიდლი. ამან შეცვალა ჩემი ცხოვრება მთლიანად.“ – ამბობს მომღერალი 1972 წლის ინტერვიუში.

ამ დროისათვის ჯონ ლენონი სწავლობდა ლივერპულის ხელოვნების კოლეჯში. ის შეხვდა პოლ მაკარტნის 1957 წლის ზაფხულში, ლენონის სკიფლის ჟანრის (ჯაზის, ბლუზის, ფოლკის და რუტსის ნაზავი) ჯგუფის Quarrymen-ის კონცერტზე წმინდა პეტრეს ეკლესიაში. მაკარტნი ოქტომბერში შეუერთდა ჯგუფს, შემდეგ მოვიდა ჯორჯ ჰარისონი თებერვალში. ბირთვი ბიტლზისათვის უკვე შედგა. „მე თავი დავანებე ხელოვნების კოლეჯს, გამოვედი სკოლიდან“, ამბობს ლენონი, „მე ყველაფერს თავი დავანებე. მე მქონდა გიტარა და ამით ყველაფერი დასრულებული იყო“.

იმ ადრეული წლების განმავლობაში, როცა მათი, როგორც ჯგუფის ხმა ჩამოყალიბდა, ბიტლზი ინარჩუნებდა კავშირს მუსიკასთან, რომელიც წარმოიშვა შავკანიანთა ამერიკაში. ლენონის თქმით, ჩაკ ბერიმ, ასევე ბოუ დიდლიმ და Little Richard-მა უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე: „არ არსებობს თეთრკანიანთა ერთი ჯგუფიც კი დედამიწის ზურგზე, რომელსაც მათი მუსიკა არ აქვთ – და მე მუდამ მათ ვუსმენდი. ერთადერთი თეთრკანიანი, რომელსაც მე ოდესმე ვუსმენდი, იყო [ელვის] პრესლი თავის ადრეულ წლებში და ეს იყო შავკანიანთა მუსიკა. პრესლი მემფისში იყო; აშკარაა, ის უსმენდა ამ [შავკანიანთა] მუსიკას. მე მას არ ვამტყუნებ, რომ სურდა ამ მუსიკის კეთება. მეც მსურდა“ – ამბობს მომღერალი 1972 წელს.

 „მე ვთქვი: „რატომ არ შემიძლია ვიმღერო ასე?“ მე მსურდა ამის კეთება, ასე რომ ვცადე ამის გაკეთება“, აღიარებდა ლენონი. „მე მათი სიმღერების ასლს ვაკეთებდი და ბიტლზის სხვა წევრებიც იმავეს აკეთებდნენ – სანამ ჩვენი საკუთარი სტილი არ განვავითარეთ“.

ჯონ ლენონი ყვება, რომ გემებს მათ ზღვისპირა ქალაქ ლივერპულში ჩამოჰქონდათ ამერიკული მუსიკა და ის გაიზარდა ბლუზის, ქანთრის და დასავლური მუსიკის ჰანგებზე, შემდეგ კი ადვილად გადაინაცვლა არენბიზე. საბოლოოდ, ლენონის მუსიკა შორს გასცდა ამ ჟანრებს, მაგრამ იგი მუდამ უბრუნდებოდა მათ. მან ბენ ი. კინგის „Stand By Me” ჩაწერა, რომელმაც 1975 წლის ზაფხულის ჩარტებში საკმაოდ წარმატებული პოზიცია დაიკავა.

ლენონი ასკვნის: „შავკანიანთა მუსიკამ დაიწყო რევოლუცია მსოფლიოში, ეგრეთ წოდებული ახალგაზრდული რევოლუცია: სტილის, დამოკიდებულების მთელი ეს ცვლილება დაიწყო როკენროლით – და როკენროლი შავკანიანთა მუსიკაა.“

კომენტარები

კომენტარი