ვიზუალური ხელოვნება

როგორ მოქმედებს მხატვრობა ნერვულ სისტემაზე? – ფრენსის ბეკონის ნახატების ნეირომეცნიერული ანალიზი

ბოლო 20 წლის განმავლობაში ნეირომეცნიერები სწავლობენ თუ როგორი რეაქცია აქვს ადამიანის ტვინს ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშზე. ტვინის სკანერის გამოყენებით ისინი აკვირდებიან სხვადსხვა უბნების აქტივობას.

ხელოვნება ადამიანის გარემოსა და შინაგანი სამყაროს აღწერის გზაა. მას ჩვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, რადგან სხვა არსებულ ორგანიზმებს შორის ადამიანი ერთადერთი სახეობაა, რომელსაც შემოქმედების უნარი ასე მძაფრად აქვს განვითარებული. ის გვეხმარება სხეულის ფიზიოლოგიური ჯანმრთელობის ასპექტებშიც, ზეგავლენა აქვს ჩვენს ხასიათზე, ფიქრებზე, მოტორულ ფუნქციებზეც კი. ნეირომეცნიერებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ ნეიროესთეტებს უწოდნებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ახსნიან ჩვენი ნერვული სისტემის მახასიათებლებს, რომელიც ჰომო საპიენსს შემოქმედად აქცევს.

ახლახანს გამოვიდა წიგნი ბეკონი და გონება: ხელოვნება, ნეირომეცნიერება და ფსიქოლოგია. წიგნში 5 ესეია ფრენსის ბეკონის ნახატების შესახებ. ავტორები ცდილობენ ახსნან, თუ რისი გადმოცემა უნდოდა ბეკონს თავისი ნახატებით და როგორ გამოუვიდა მას ეს. ისინი ჩვეული და ტრადიციული ინტერპრეტირების გზით წარმოგვიდგენენ თავიანთ ჰიპოთეზებს, მაგრამ ამ ინტერპრეტაციების გამოცდა ნეირომეცნიერული და ფსიქოლოგიური თეორიებით მაინც არის შესაძლებელი.

ფრენსის ბეკონი წარმოშობით ირლანდელი ექსპრესიონისტი მხატვარი იყო. ის არ უნდა აგვერიოს ფილოსოფოსს ფრენსის ბეკონში, რომელიც მისი შორეული ნათესავი იყო. დანიელი ნეირომეცნიერი მარტინ სკოვი ფიქრობს, რომ ბეკონის ნაახატები საუკეთესო მასალაა ასეთი კუთხით სამუშაოდ, რადგან თავად ბეკონი ამბობდა, რომ ის მუდმივად ცდილობდა ტილოზე თავისი ნერვული სისტემის მახასიათებლები გადმოეტანა. როგორც ვიცით, მისი ცხოვრება მარტივი არ იყო და ბევრი ტრავმის გადატანა მოუხდა, მეცნიერები სწორედ მათ ამოცნობას ცდილობენ მის ნახატებში.

მკველვარები ამბობენ, რომ ბეკონის ნახატების ნახვისას ადამიანთა უმრავლესობა ნერვული სისტემის შოკს განიცდის. ამ ფაქტზე წიგნში მხოლოდ ნეირობიოლოგები სემირ ზეკი და ტომოჰირო იშიზუ საუბრობენ. ისინი აღწერენ თუ როგორ მუშაობს ადამიანის ვიზაულური შეგრძნების უნარი.

ადამიანის ტვინი იმგავრად არის მოწყობილი, რომ ნანახსა და გამოცდილს რაღაცგვარ სისტემებში აწყობს, რადგან გონება ყველა ფაქტს ერთნაირად ვერ დაიმახსოვრებს, ამიტომ გამოცდილების დაგროვების მიზნით ჩვენი ტვინი შაბლონებს ინახავს. დაგროვილი  შაბლონებიდან ყველაზე მეტი ადამიანის სახეებსა და სხეულზე მოდის.

როგორც ვხედავთ, ფრენსის ბეკონის ნახატებში ბევრია ადამიანის სახე და ტანი, რომლებიც ხშირად ძალიან არასასიამოვნოდ გამოიყურებიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბეკონი მართლაც ცდილობდა თავისი შინაგანი სამყაროს გამოხატვას და როგორც ჩანს, ძირითადად,  ნეგატიური დატვირთვით. ხოლო ნეგატიური, უარყოფითი შეგრძნების აღმძვრელი სისტემური შაბლონი არქეტიპულად ყველა ადამიანს მსგავსი აქვს, ამიტომ მისი შეგრძნებები ჩვენთვის სრულიად გასაგებია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამიტომ არის ხელოვნება ემოციებისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო გზა.

კომენტარები

კომენტარი