კულტურა

როგორი იყო 2019 წელი საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის?

საფრანგეთის სახელგანთქმულ ქალაქ არლში ვან გოგისა და ფიროსმანის შედევრები ერთმანეთის გვერდით პირველად გამოიფინა. ქართველმა მხატვარმა, ავსტრიის შემდეგ კიდევ უფრო დიდი აღიარება მოიპოვა. მისი სახელი საფრანგეთის ყველა ცენტრალურ ბილბორდსა თუ საერთაშორისო ბეჭდური გამოცემის გარეკანზე გამოჩნდა. 

2019 წელი განსაკუთრებულად დაიწყო და ასეც გაგრძელდა.        

იტალიური თავბრუდამხვევი ექსპოზიციები ქვეყნის ორ მთავარ საგამოფენო სივრცეში ერთმანეთს ენაცვლებოდა. მათ შორის იყო ჯორჯო დე კირიკოს, ტინტორეტოს, ბერნინისა და კანალეტოს ნამუშევრები, იტალიური მოზაიკები კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან, საგანმანათლებლო-მულტიმედიური გამოფენები – „Opera Omnia – ლეონარდო და ვინჩი” და „IMMAGICA”. იტალიური ხელოვნების კლასიკურმა და თანამედროვე შედევრებმა დამთვალიერებელი იტალიის საელჩოს ინიციატივითა და მხარდაჭერით იტალიური ხელოვნების არაერთ ეპოქაში ამოგზაურა. ამ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებიც დაგვეხმარა. გასულ წელს, პირველად, სამუზეუმო სივრცეში, ვირტუალური რეალობის სათვალეები გამოჩნდა, რამაც ახალგაზრდა თაობა, განსაკუთრებით კი ბავშვები დააინტერესა. 

„ბავშვები მუზეუმში” – ეს იყო 2019 წლის მუზეუმის ყველაზე საპასუხისმგებლო პროექტი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრმა სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ტური დაგეგმა და მოსწავლეები გამოფენის კურატორებს, არქეოლოგებსა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს შეახვედრა. საგანმანათლებლო პროცესმა საკლასო ოთახიდან მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გადაინაცვლა, სწავლა უფრო სახალისო და ინტერაქტიული გახდა.

სამუზეუმო სივრცეში ვიზიტორების ჩართულობა კიდევ უფრო გაზარდა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის ბეჭდური ვერსიის გამოჩენამ და მასში დამონტაჟებულმა ინტერაქტიულმა მონიტორებმა. რუკის დახმარებით დამთვალიერებელი ეცნობა სამხრეთ კავკასიის ბუნების მრავალფეროვნებას. აღნიშნული პროექტი National Geographic Magazine საქართველოსთან ერთად რამდენიმეწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად განხორციელდა.

ტექნოლოგიური სიახლე ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და დმანისის მუზეუმშიც დაინერგა – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, მუზეუმი ვიზიტორებს, ადგილობრივ გარემოზე მორგებულ ახალ გამოცდილებასსთავაზობს. მაგალითად, დმანისის მუზეუმში მისულ ვიზიტორს ახლა უკვე ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული აპლიკაციის გამოყენებით შეუძლია იხილოს ზეზვასა და მზიას ტექნოლოგიებთან ადაპტირებული ვერსია.

2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა ბრიტანეთის მუზეუმში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტის საქართველოში ჩამოტანა გახდა. მონეტამ პირველად დატოვა ბრიტანეთის საზღვრები და დროებით სამშობლოში დაბრუნდა. მისი საქართველოში ჩამოტანა ბრიტანეთის საელჩოს, ბრიტანეთის საბჭოსა და ეროვნული მუზეუმის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. 3 თვის განმავლობაში მონეტასთან შეხვედრა თითოეული ქართველისთვის ამაღელვებელი იყო. განსაკუთრებულ აღელვებას და სიამაყეს კი მონეტის რევერსზე წარმოდგენილი ქართული ასომთავრული წარწერა იწვევდა – „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა”. სპილენძის ამ მონეტას ანალოგი დღემდე არ მოეძებნება.

2019 წელს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. მათ შორის იყო ფიროსმანაშვილის გამოფენა ტალინში, აზერბაიჯანული და აღმოსავლური კოლექციების გამოფენა ჰეიდარ ალიევის ცენტრში, XIX საუკუნის II და XX საუკუნის I ნახევრის ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა ეროვნულ გალერეაში, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ჰენრიკ ჰრინევსკისა და იაპონელი კალიგრაფის გამოფენები სიღნაღის მუზეუმში, გამოფენა „სვანეთის-ხალდეს აჯანყება”, თანამედროვე ქართველ კერამიკოსთა და ჩინური ხელოვნების ექსპოზიციები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, გამოფენათა ციკლი თბილისის ისტორიის მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში. ტრადიციულად მაისში გაიმართა „მუზეუმის ფესტივალი” და „ღამე მუზეუმში”, სექტემბერი კი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალმა მოიცვა. გასული წელი დატვირთული იყო სამეცნიერო კვლევებით, ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაციით, არქეოლოგიური აღმოჩენებით, წიგნების პრეზენტაციითა და ფესტივალებით. 

მუზეუმმა რამდენიმე საიუბილეო თარიღი მნიშვნელოვანი ღონისძიებებით აღნიშნა. ქართული მარკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა გამოფენა „მარკებით მოთხრობილი ისტორია”, გამოიცა პუბლიკაციები „შალვა ამირანაშვილი 120″ და „ჰენრიკ ჰრინევსკი 150″, დაიბეჭდა წიგნი „დიმიტრი ერმაკოვი ირანში”, რომელიც საქართველოს მუზეუმის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

2019 წელს საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა საერთაშორისო სამეცნიერო წრეებისა და მედიის ყურადღების ცენტრში – დმანისში აღმოჩენილი უძველესი მარტორქის ბიომოლეკულარული, ასევე დმანისელი დათვებისა და აფრიკის გარეთ ადამიანის განსახლების შესახებ ფართომასშტაბიანი კვლევები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალში Nature გამოქვეყნდა. 

კომენტარები

კომენტარი