შემოქმედებითი ინდუსტრიები

როგორი იქნება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა

შემოდგომაზე თბილისში  რიგით მე-9  საერთაშორისო თეატრალუ ფესტივალი გაიმართება.  ღონისძიება  18 სექტემბერიდან  აიღებს სტარტს და 14 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 18 სექტემბრიდან თბილისში გერმანიის, ირლანდის, იტალიის, რუსეთის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის მსოფლიო შედევრები და ახალი აღმოჩენები იქნება წარმოდგენილი.

” მაყურებელს შეუძლია ასევე იხილოს სახელგანთქმული კშიშტოფ ვარლიკოვსკის შედევრი „ფრანგები“ და „ჩეხოვის ბოლო პიესა“, ლევან წულაძის და დავით დოიაშვილის იტალიასა და რუმინეთში დადგმული სპექტაკლები; ბერლინის ოქროს ეპოქის მუსიკის პერფორმანსი და წარსულისაკენ გასროლილი კითხვები- მომავლის განსაზღვრისათვის – შტოლპეშტაინე”, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით,წელს  ღონისძიება იმით იქნება გამორჩეული, რომ  მასში ადგილობრივებთან ერთად, ბევრი უცხოური დასიც მიიღებს მონაწილეობას.

„ტრადიციული საშემოდგომო ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც უკვე მე-9 წელია ტარდება, ეს ღონისძიება წელს გამორჩეული იქნება იმით, რომ ძალიან ბევრი უცხოური დასი ჩამოვა და მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში ადგილობრივებთან ერთად. ღონისძიებების ნაწილი გაიმართება ღია ცის ქვეშ, შემოდგომის გრილ ამინდში, ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიქცევს და ჩვენი თანამოქალაქეები და ჩამოსული სტუმრები, ტურისტები ასევე ისიამოვნებენ ამ ღონისძიებებით. ფესტივალის ფარგლებში, 18 სექტემბრიდან თითქმის მთელი თვის განმავლობაში იქნება ღონისძიებები“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მერიის ინფორმაციით, ტრადიციულად, წელს ღია ცის ქვეშ მაყურებელი როკ-ბენდის და საჰაერო შოუს სინთეზს „მუარეს“ იხილავს (კომპანია „დუშამ პილოტი“ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი), ამწეზე დაკიდებული პერფორმერები ჰაერში სკულპტურულ კომპოზიციებს, სხვადასხვა ფიგურებს გამოსახავენ, ამ ყველაფერს კი ფონად „დიუშამ პილოტის“ ორიგინალური მუსიკა ახლავს.

”2-6 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი – ქართული სპექტაკლების პროგრამა Georgian ShowCase. ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული სეზონის (2016-2017) შეჯამებაა. შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე 90-მდე საერთაშორისო სტუმარს ელოდებიან”, – განმარტავენ მერიაში.

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა დეტალურად:  http://www.tbilisiinternational.com/ge/program/full-program

კომენტარები

კომენტარი