კინო

რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ზაზა ხალვაში დღეს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზაზა ხალვაში დაიბადა 1957 წლის 17 მაისს, ბათუმში, ცნობილი პოეტის ფრიდონ ხალვაშის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ლიტერატურათმცოდნეობის განხრით, ასევე საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით 1983 წელს (თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო).

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა “ქართულ ფილმში” დამდგმელ რეჟისორად, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელერადიო დეპარეტამენტის თავმჯდომარედ, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის მაღალმთიანი რაიონების რესურსცენტრის უფროსად, 2007 წლიდან იყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.

ზაზა ხალვაშმა, როგორც რეჟისორმა, რამდენიმე სრულიად გამორჩეული ნამუშევარი შექმნა: „დრო“ (1981), „იქ, ჩემთან” (1991), „მიზერერე“ (1996), „სოლომონი“ (2015), „ნამე“ (2017). „წვიმა ორ ნაპირზე” რეჟისორის ბოლო ფილმია, რომლის გადაღებაც ცოტა ხნის წინ დაასრულა.

ზაზა ხალვაშს მიღებული აქვს ჟიურის ,,ვერცხლის პრიზი” მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე, მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი „არსენალი” საუკეთესო რეჟისურისათვის, ჟიურის სპეციალური პრიზი მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე „არრე“, ბაბელსბერგის ახალგაზრდული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო უცხოური ფილმისთვის და სხვა.

კომენტარები

კომენტარი