საშემსრულებლო ხელოვნება

„რევიზორი“ თანამედროვე ცეკვის ენაზე

კანადის თეატრმა – Kidd Pivot ლონდონში წარადგინა ნიკოლაი გოგოლის „რევიზორის“ ერთობ უჩვეულო ინტერპრეტაცია. სპექტაკლი წარსდგა თეატრ Sadler’s Wells-ის სცენაზე, რომელიც არის თანამედროვე ცეკვების სამშობლო და ანონსშიც ეწერა, რომ ესაა საცეკვაო ჩვენება. რეალობა კი აღმოჩნდა უფრო რთული და საინტერესო.

ვინ საუბრობს და ვინ ცეკვავს?

კოსტიუმები და დეკორაცია თითქმის რუსულია, თითქმის XIX საუკუნის დასაწყისის, მაგრამ მხოლოდ თითქმის. გარეგნული მსგავსების მიღმა არის აბსტრაქცია თუ არა განზოგადება მაინც, რომელიც გვაძლევს საშუალებას თვალი ავარიდოთ დროით და სივრცით მოცემულობას და დავინახოთ მთავარი გოგოლის სიუჟეტის ამ ინტერპრეტაციაში. ეს მთავარი არის დიდი რუსი მწერლის მიერ შეკრებილი და შხამიანად გამასხარავებული უნივერსალური ადამიანური ნაკლოვანებების ფართო ასორტიმენტი.

მაგრამ ეს ყოველივე ჩვენ უკვე ვიცით „რევიზორის“ შესახებ უკვე თითქმის ორასი წელია. კანადის თეატრმა მოგვცა საშუალება შევხედოთ კლასიკურ, უნივერსალურ და ამის გამო დროის გარეშე მდგარ ისტორიას სრულიად სხვა, უჩვეულო, უნიკალური და მოულოდნელი მხრიდან.

პირველივე წამებიდან საკმაოდ მოულოდნელად ცხადი ხდება, რომ ამ თეატრისათვის დოგმას არ წარმოადგენს საცეკვაო ჩვენებაში მოქმედი პირების „სიმუნჯე“ და სათქმელის ექსკლუზიურად მოძრაობებით გამოხატვა. სპექტაკლი სავსეა მეტყველებით, პერსონაჟებიდან ემოციურად საუბრობს ყველა, თითქმის გოგოლის ენით, თუმცა ინგლისურად, შექმნილი მდგომარეობის მთელი იუმორი და აბსურდი თვალსაჩინოა იმდენად, რომ დარბაზს სიცილი ანგრევს.

მაგრამ ყველა მსახიობი ამავე დროს გამუდმებით მოძრაობს, ეს არავითარ შემთხვევაში არაა ბალეტი, ესაა ცეკვა, თანამედროვე ცეკვა – მკვეთრი, დატეხილი, ფაქტურული მოძრაობები. ზოგჯერ ისინი საუბარს ახლავს, როგორც ილუსტრაცია, ზოგჯერ საუბრის დამატებაა, ზოგჯერ კონტრაპუნქტად წარმოსდგებიან, ზოგჯერ კი უბრალო ფანტასმაგორიულ, სიურრეალისტურ ოინად.

იბადება კითხვა: ასეთი დაძაბული, უწყვეტი და თვით პროფესიონალი მოცეკვავეებისთვისაც ფიზიკურად რთული მოძრაობების დროს, როგორ ახერხებენ მსახიობები ისაუბრონ კიდეც? და ეს ხომ აშკარაა, რომ ისინი საუბრობენ… ან იქნებ არა? ყოველ შემთხვევაში, ისინი რეგულარულად აღებენ პირს და ტუჩებით არტიკულირებენ ყოველ წარმოთქმულ სიტყვას.

და როდესაც შენს წინაშე ეს კითხვა იბადება, პასუხიც იქვე ცხადი ხდება: საუბრობს სხვა და ცეკვავს სულ სხვა. კიდევ ერთი წამიც და ხვდები, რომ საუბარი წინასწარ ჩაწერილია. საესტრადო შესრულებისას ესოდენ მოძულებული ფონოგრამა აქ, დრამატულ-საცეკვაო ჰიბრიდში უეცრად იძენს სრულფასოვან, ძალიან მკაფიო და ძალიან დამაჯერებელ თეატრალურ მნიშვნელობას.

ახალი თეატრალური ფორმა

Kidd Pivot პირველად არ აკეთებს მსგავს სინთეზს, რომლითაც თავად მისი სტრუქტურაა განსაზღვრული, მას ხელმძღვანელობენ: ქორეოგრაფი კრისტალ პაიტი და დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი ჯონათან იანგი. მაგრამ „რევიზორი“ განსაკუთრებით რთული ნამუშევარია. თავად იანგი ხლესტაკოვის როლს ასრულებს. პაიტი მუშაობდა სასცენო მოძრაობებზე, რომლებიც, რაც უნდა იყოს – ტექსტის მთელი მნიშვნელოვნობის ფონზეც – მაინც სპექტაკლის მთავარ შემადგენლად რჩება.

პაიტისთვის, როგორც ქორეოგრაფისთვის ასეთი სინთეზური მიდგომა იქცა გამოსავლად სპეციფიკურად საცეკვაო ენის შეზღუდულობისგან, რომელიც  უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა მისთვის: „მეჩვენება, რომ თანამედროვე ცეკვა ცუდად უმკლავდება შინაარსით რთულ ისტორიებს და მე არ ვისურვებდი, რომ ეს ვითარება გახდეს ბარიერი სერიოზულ კონტენტთან მუშაობისას. მე მიყვარს ცეკვა, მიყვარს ქორეოგრაფია, მაგრამ რაღაც მომენტში მომინდა მომენახა საგანთა არსის გახსნის სხვა გზები – როგორც ჩემთვის, ასევე პუბლიკისათვის.“

„სპექტაკლში საუბრის არსებობა გვაიძულებს ვიმოძრაოთ სხვაგვარად, ის აძლევს ცეკვას სხვა აზრს, ამდიდრებს და ართულებს მას“ – აგრძელებს ქორეოგრაფი.

ჯონათან იანგიც დარწმუნებულია, რომ ტექსტისა და ცეკვის სინთეზი ხსნის ახალ შესაძლებლობებს ორივე ფორმისათვის: „მე ჩვენ ვუყურებთ ენას, როგორც არტეფაქტს, ჩვენ მას ვაცალკევებთ სხეულისგან. მე მუდამ მაინტერესებდა ენის კავშირი სხეულთან, აქ კი ჩვენ ვშლით, ვანაწევრებთ ამ კავშირს შემდგენელ ნაწილებად. ჩვენ ყველანი – ენის ქმნილებანი ვართ და ენა გავლენას ახდენს ჩვენზე ყველაზე“.

რატომ „რევიზორი“?

სწორედ ეს – ენის მეტაფიზიკური არსი დამალული გოგოლის სიუჟეტში, მაგრამ გამოვლენილი Kidd Pivot-ის თეატრის ინტერპრეტაციაში, გახდა მეტწილად შემობრუნების წერტილი სპექტაკლისათვის ლიტერატურული მასალის შერჩევისას. ჯონათან იანგი ამბობს, რომ ამ ნაწარმოების ფარსული ბუნება იდეალური აღმოჩნდა ახალი სინთეზური ჟანრისთვის.

განსაკუთრებით იმიტომაც, რომ იანგისთვის, როგორც თეატრის, განსაკუთრებით ავანგარდული თეატრის წარმომადგენლისთვის, კარგად იყო ნაცნობი „რევიზორის“ ლეგენდარული ექსპრესიონისტული დადგმა 1926 წელს, ვსევოლოდ მეიერჰოლდის მიერ. მით უფრო, რომ კანადელი თეატრალისთვის ის ასევე გასხივოსნებული იყო სტალინური რეპრესიების დროს დაღუპული საბჭოთა რეჟისორის ტრაგიკული ბედით.

და აი აქ ენა, მოულოდნელად და დრამატურგის აზრებსა და იდეებთან სრულ შესაბამისობაში, კვლავ წინა პლანზე გადმოდის.  ინგლისურენოვან სივრცეში გოგოლის პიესას ძირითად ეწოდება “The Government Inspector”, იანგისთვის კი უფრო საინტერესო აღმოჩნდა რუსული სახელწოდების სიახლოვე ინგლისურ სიტყვასთან revise – რაც ნიშნავს შემოწმებას, კორექტირებას, გამოსწორებას. ამ კალამბურის გამო იანგმა სხვა თვალით შეხედა გოგოლის პიესას ანუ როგორც ადამიანის არსისა და ბუნების და მისი ენასთან მიმართების გამუდმებულ, მარადიულ გადახედვას.

გოგოლი და კაფკა

პატარა ჩინოვნიკის თემა ერთ-ერთი ძირითადია გოგოლისათვის, თუ ყველაზე ძირითიდი არა, ისევე როგორც ფრანც კაფკასთვის, ვისთანაც იგი თავისი არარაობით  ხან გრეგორ ზამზას ფიზიკურ ფორმას იძენს „მეტამორფოზიდან“ ან დაუნდობელი ბიუროკრატიული წნეხით გასრესილი იოზეფ კ.-ს  „პროცესიდან“.

კაფკასეული სახეხატები და იდეები მოულოდნელად იჭრებიან კანადური „რევიზორის“ ქსოვილში. რაღაც მომენტში დეკორაციები ქრება, მსახიობები კოსტიუმებს იშორებენ და სპექტაკლი მთლიანად ცეკვას ეთმობა – უბრალო მოძრაობა – გამომხატველობითი, ექსპრესიონისტული, მაგრამ როგორც ეს თანამედროვე ცეკვას ახასიათებს, უსაზღვროდ აბსტრაქტული მოწყვეტილი ხლესტაკოვის ისტორიას.

საუბარი ამ დროს ისმის – მაგრამ ეს უკვე დიალოგი აღარაა, ესაა მონოტონური უაზრო ლუღლუღი, ურიცხვი ბიუროკრატიული უწყებების და დადგენილებების მუხლების ჩამოთვლა, ანუ სწორედ ის, რითიც არიან დაკავებულები ყოველდღიურ სამსახურში როგორც ივან ალექსანდრეს ძე ხლესტაკოვი, ასევე აკაკი აკაკის ძე ბაშმაჩნიკი და რის წნეხის ქვეშაც იღუპება უბედური იოზეფ კ.

უეცრად მოცეკვავეებს შორის გამოჩნდება ადამიანი ხვლიკის ხერხემლით და გრძელი, ირმის განტოტვილი რქებივით ხელებით – თათებით? საცეცებით?

ეს მაინცდამაინც გრეგორ ზამზას ხოჭო არაა, მაგრამ მასში ვხედავთ იმ დაღვრემილ, სასოწარკვეთილ სახეს, რომელიც იმალება „რევიზორის“ მხიარული, დამცინავი სიუჟეტის მიღმა.

კომენტარები

კომენტარი