კულტურა

რაჰელ აიმა – „ჩაკეტილი ოთახი“

„ჩაკეტილი ოთახის“ პირველი წესი: აკრძალულია ჩაკეტილი ოთახის შესახებ საუბარი. მეორე წესი: აკრძალულია საუბარი ერთმანეთთან ან ნებისმიერი მასალის გატანა ჩაკეტილი ოთახიდან ან რამენაირად მისი დოკუმენტირება.

1969 წლის სექტემბერშილონდონის წმინდა მარტინის ხელოვნების სკოლის პირველი წლის მოსწავლეებს დახვდათ ოთახები, სადაც იყო მასალები და მათი სახელებით მონიშნული ადგილები იატაკზე გარკვეული ინტერვალებით, დისტანციაზე ერთმანეთისგან. სტუდენტებს უთხრეს, რომ მათ არ შეეძლოთ ოთახის დატოვება დილის ათი საათიდან ხუთის ნახევრამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სურდათ ახალი ინსტრუმენტების მოტანა. მათ მუდამ აკვირდებოდა სულ მცირე ერთი პროფესორი, ჩუმად.

ტექნიკურად, ეს იყო ხელოვნების კლასი. მაგრამ ის ასევე იყო პედაგოგიური ექსპერიმენტი, რომელსაც გაგრძელება არ ჰქონია და მხოლოდ ახლახანს გაიხსენეს და ხელახლა შეაფასეს, 2019 წლის ერთ-ერთ გამოფენაზე სახელწოდებით – „ჩაკეტილი ოთახი. ოთხი წელი, რომელმაც შეარხია ხელოვნება და განათლება 1969-73“.

პროექტის მიზანი იყო გამოეკვლია, როგორც ურთიერთობდნენ ადამიანები, კონტროლირებულ სიტუაციაში – და ის უნდა გამხდარიყო გარკვეული ცვლილებების ინსპირაცია  ხელოვნების კეთებასა და სახელოვნებო განათლებაში. ერთ-ერთო მასწავლებლის – გართ ევანსის მიზანი იყო დაპირისპირებოდა იმდროინდელ სახელოვნებო განათლებას, რომელიც იყო მოშვებული, სტრუქტურის და რეგულაციის გარეშე.

ევანსი ამბობს, რომ პროექტის იდეა გაჩნდა სწავლების დიდაქტიკური მოდელებით, ენის არაეფექტურობით და „შიშველ ობიექტებსა და სიტყვებს შორის არსებული შეუთავსებლობით“ მასწავლებლებში გამოწვეული ფრუსტრაციის შედეგად. „ამან მიგვიყვანა იდეამდე. რატომ არ მივცეთ სტუდენტებს მასალა და სხვა არაფერი? არავითარი ინსტრუქციები და მივცეთ ნება იმუშაონ მასზე“ – ამბობს ევანსი.

სტუდენტებს მხოლოდ დროს უნიშნავდნენ და სიტყვიერი კომუნიკაცია მათთან მხოლოდ წესის დარღვევის დროს შენიშვნის მიცემის შემთხვევაში ხდებოდა. „ჩაკეტილი ოთახი“ იმ დროს სკანდალური იყო. სტუდენტების მენტალური ჯანმრთელობით შეშფოთებულმა სკოლის დირექტორმა მოიწვია ფსიქიატრი სიტუაციის შესაფასებლად. მაგრამ სრულად შესაძლებელია, რომ ეს ექსპერიმენტი იყო იმ დროისათვის ევროპაში დაბადებული კონცეპტუალური ხელოვნების წინამორბედი.

ისიც შეიძლება ითქვას, რომ ხელოვან ჯოზეფ ბოისის იდეა – „სოციალური სკულპტურა“, ამ ექსპერიმენტითაა შთაგონებული – ესაა ხელოვნების სახეობა, რომელიც იქმნება როგორც მისი შემოქმედის, ასევე იმ ადამიანების მიერ, ვინც მასთან ურთიერთობს. ზოგიერთმა სტუდენტმა მართლაც აღიქვა ის, როგორც კონცეპტუალური ნაწარმოები, იმპლიციტურად.

ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე – კინემატოგრაფი ტონი ჰილი ამბობს, რომ მკაცრი ლიმიტების პირობებში რაიმეს გამოგონების და შექმნის მცდელობა სასარგებლოა სტუდენტებისთვის, თუმცა ერთმანეთთან ურთიერთობითაც ბევრს სწავლობენ ისინი. შესაძლოა ეს გამოცდილება სასარგებლო აღმოჩნდეს დღეს იმ სტუდენტებისთვის, ვინც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.   

კომენტარები

კომენტარი