შემოქმედებითი ინდუსტრიები

რატომ ჩაიშალა გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელის დაჯილდოება Black Sea Arena-ზე?

ქართული საგუნდო მუსიკის განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოპულარიზაციისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ცირამუას სახელმწიფო ჯილდო Black Sea Arena-ზე, ქეთი მელუას კონცერტის დასრულების შემდეგ უნდა გადასცემოდა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ამის საშუალება არ მიეცა.

ადგილზე შექმნილი უხერხულობის მიზეზი მოგვიანებით კულტურის მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა განმარტა და თქვა, რომ დაჯილდოება საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული არ იყო. მოგვიანებით,  ჩაშლილი დაჯილდოების სხვადასხვა ვერსიებიც  გავრცელდა – მათ შორის, ერთ-ერთ მიზეზად ისიც დასახელდა, რომ კონცერტს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

“პრეზიდენტის ადმინისტრაციის სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ საკონცერტო დარბაზში თეონა ცირამუსათვის ღირსების ორდენის გადაცემა ვერ მოხერხდა. თეონა ცირამუა ჯილდოს გადაცემას მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე ნამდვილად იმსახურებდა.  მე ვიცოდი, რომ ჯილდოს გადაცემა უნდა მომხდარიყო Black Sea Arena -ზე, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, არ მომეცა საშუალება თეონა ცირამუა დამეჯილდოვებინა Black Sea Arena -ზე. ვფიქრობ, რომ თეონა ცირამუა იმსახურებდა ამ ჯილდოს მიღებას მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე.  წარმატებას ვუსურვებ ქეთი მელუას და გორის კაპელას ამ ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტის დროს. მადლობა ქეთი მელუას, რომ ის ასეთ პოპულარიზაციას უწევს ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

საკითხის კომენტირებისას კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა თქვა, რომ   ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა, რომ Black Sea Arena -ზე გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას დაჯილდოება იგეგმებოდა.

„კულტურის სამინისტროს პირველად ესმის ეს თემა, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ჩვენი სსიპ არის გორის ქალთა გუნდი, მაგრამ პრეზიდენტის ჯილდოს თაობაზე არაფერი ვიცი, პირველად მესმის,“ – განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.

შეკითხვაზე Black Sea Arena -ზე ბიძინა ივანიშვილის მისვლა ხომ არ იყო დაჯილდოების ჩაშლის მიზეზი,  მანანა ბერიკაშვილი პასუხობ, რომ მსგავსი ეჭვები წარმოუდგენლად მიაჩნია.

მიუხედავად Black Sea Arena -ზე დაჯილდოების ჩაშლისა, თეონა ცირამუას პრეზიდენტის ჯილდო ბათუმში გადასცეს.

 

კომენტარები

კომენტარი