კულტურა

რას ფიქრობს მონარქიის აღდგენაზე სამეფო ოჯახის ერთადერთი შთამომავალი

კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ  პატრიარქის წინადადებას  პირველად პასუხობს  ბაგრატიონთა იმერეთის შტოს პირდაპირი შთამომავალი. ირაკლი ბაგრატიონმა ინტერვიუ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ს მისცა. იგი  ღიად აცხადებს, რომ მონარქიის აღდგენას საქართველოში მომავალი აქვს.

„მეფე არის პირველ რიგში ქვეყნის სახე და მეორე მხრივ როდესაც მეფე ყავს ერს, უფლის კურთხევა გადმოდის მეფეზე,“ – ახადებს ირაკლი ბაგრატიონი.

სოლომონ მეფის პირდაპირი შთამომავალი, საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის ოფიციალურად შემოღებამდე, საჯარო დისკუსიას ითხოვს. ირაკლი ბაგრატიონი, რომელიც შესაძლოა სამეფო ტახტის ერთ-ერთი პრედენტენტი იყოს, ფიქრობს რომ ორსაუკუნოვანი წყვეტის მიუხედავად, სამეფო ოჯახისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც ხალხზეა.

„არჩევანის უფლება უნდა გვქონდეს ყველას, თქვენც და მეც. ვთქვათ, თქვენ მოწინააღმდეგე მხარე ხართ, მე მომხრე მხარე ვარ. რატომ მინდა ეს მე და რატომ არა შენ? – თუ ეს დისკუსია არ იქნება, ამის გარეშე მე მეფე მინდა თუ პრეზიდენტი, ესე არ ხდება“ – ამბობს ბაგრატიონი.

ირაკლი ბაგრატიონი სამეფო ოჯახის ერთადერთი შთამომავალია, რომელიც პატრიარქის ინიციატივის შემდეგ,  კონსტიტუციური მონარქიის შემოღებამდე, იმ აუცილებელი ნაბიჯების შესახებ საუბრობს, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას.

„ამაზე  დისკუსია უნდა იყოს ხალხში  და იქნებ მონარქისტები გახდეთ თქვენც, აი ვკითხოთ ახალგაზრდა თაობასა და ხალხს,”- ამბობს ბაგრატიონი და დასძენს, რომ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტმა ვერ გაამართლა და მონარქიის აღდგენა საქართველოსთვის სტაბილურობის გარანტი იქნება.

“ასე დავსვამდი კითხვას – გვყავს პრეზიდნეტი ? –  ჩვენ პრეზიდენტები შევცვალეთ. დამისახელეთ პრეზიდენტებიდან რომელიმე რომელიც ქართველ კაცში დარჩა საბოლოოდ ღირსეულ ადამიანად?,”- აღნიშნავს ირაკლი ბაგრატიონი.

სოლომონ მეფის შთამომავალი მიიჩნევს, რომ პატრიარქის ინიციატივა კონსტიტუციური მონარქიის შემოღებაზე დროულია, რადგან ხელისფლება პირად ინტერესებს აყენებს წინ  და ხალხი მათთვის მეორეხარისხოვანია.

„როცა ემსახურებოდა ბევრი მთავრობა საკუთარ ოჯახს და არ ცდებოდა ეს ინტერესები საკუთარ ინტერესებს, ეს არის წუხილი. ალბათ პატრიარქი ამიტომ ბრძანებს და ფიქრობს,  რომ მონარქია არის – გზა მომავლის,“- აცხადებს ირაკლი ბაგრატიონი

დათანხმდება თუ არა შეთავაზების შემთხვევაში, თავად იყოს სამეფო ოჯახის მეთაური, ირაკლი ბაგრატიონს ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვს. ახლა რიგითი მოქალაქის სტატუსით ცხოვრობს. ბავშვობა თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკეთში გაატარა და სკოლაც იქ დაამთავრა. პროფესიით ინჟინერია და უკვე 4 წელია ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო ცენტრ – „ტრანს მენეჯმენტს“ ხელმძღვანელობს.

„ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანის ცხოვრება გამაჩნია. უშუალო შთამომავალი რომ ვარ ამის აფიშირებას არასოდეს ვახდენ. ჩემი აზრით, არ არის საჭირო. ადამიანი შენ თვითონ ხარ და შენ უნდა შექმნა შენი ცხოვრება.“ -განაცხადა ირაკლი ბაგრატიონმა.

როგორი უნდა იყოს მეფე – კითხვას მოკლედ პასუხობს, რომ მეფე უნდა იყოს უბრალო და არ ეთანხმება თავადაზნაურთა საკრებულოს ერთ-ერთი დამფუძნებლის, ია ბაგრატიონ-მუხრანელის პოზიციას, რომ მეფობის შესაძლო კანდიდატები საპატრიარქოში უნდა აღიზარდონ. ბაგრატიონი ფიქრობს, რომ ეს საკითხი მშობლების გადასაწყვეტია და შვილზე მშობლებმა უნდა იზრუნონ.

ღვანკეთელი ბაგრტიონების სოლომონ მეფის შთამომავალს პატრიარქის ინიციატივის შემდეგ კომუნიკაცია ბაგრატიონების სხვა შტოების წარმომადგენელთან არ ჰქონია. თუმცა დარწმუნებულია, რომ მეფეს და მონარქიას 21-ე საუკუნის საქართველოშიც აქვს მომავალი.

„შეიძლება შორეულ პერსპექტივაში გვქონდეს ეგ დასახული, თუმცა მთავარია ამაზე დისკუსია აუცილებლად იყოს,“ – აცხადებს ირაკლი ბაგრატიონი.

კომენტარები

კომენტარი