ლიტერატურა

რას ამბობს ქართული პოეზია თოვლზე?

“არტნიუსი” გთავაზობთ ლექსებს ქართული პოეზიიდან, რომელიც თოვლზე დაიწერა ან თავად თოვლი იყო ამ ლექსის დაწერის ინსპირაცია;

თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ… ვხედავ შენს ხელებს,

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში…

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში…

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში

და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული ფიფქით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

გალაკტიონ ტაბიძე

 

დილის ბინდში

დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით …

თოვდა, თოვდა … რა კარგია თოვა …

გადამიდგა და ბოდიშის მოხდით

გამაჩერა, სიგარეტი მთხოვა …

 

მივაწოდე, – გაიხარა კაცმა,

მოვუკიდეთ, – მთვრალი ვარო, მითხრა,

გავაბოლეთ, – გულის ფსკერზე დათბა,

სთქვა მადლობა, რა დროაო, მკითხა …

 

მე ვუთხარი, – ხუთი იყო დილის,

ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა.

”ეჰეჰეი!” – შეუძახა თბილისს

და ღიღინით ვერის შეღმართს აჰყვა …

 

თოვდა, თოვდა, სიგარეტი გვქონდა,

თოვდა, თოვდა, რა კარგია თოვა …

რა კარგია – რა ბევრი და ცოტა:

თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!

მურმან ლებანიძე

დეკემბრის დამდეგი

თოვს…რა გაათბობს ცარიელ ოთახს?თოვლს არ აქვს შენი თითების გემო.და ხდება ხოლმე, ცივდება დროთა
განმავლობაში გრძნობები, ჩემო.უხასიათოდ თოვს მთელი ღამე,
სულერთი არის, ისე თოვს, დუნედ.(უფალო, იქნებ ამაღამ… ამინ!).თოვლს არ აქვს შენი სხეულის სუნი.
თოვლს არ აქვს შენი მუხლები, მხრები.
რა ვქნა, მე ამ თოვლს ვერაფერს ვუგებ.
არ მინდა თოვდეს. არ მინდა ხლება
ხელის. მე შენი შიშველი ზურგი
მახსოვს და როგორ ვიყავით ერთად
და მერე, მერე… მიხვდები, ვბოდავ…დგას ამ თოვაში შემკრთალი ღმერთი
და ვეუბნები თვალებით – მოდი.და რაც არ უნდა ითოვოს დიდხანს,
თოვლი თოვლია და მაინც დნება
ოდესმე. ღმერთიც თავისთან მიჰყავს
სხვას. მე კი შენი გაშლილი თმები
სულ თვალწინ მიდგას.მე გავძლებ ცოტას,
სულ ცოტას კიდევ, სულ ცოტას, ჩემო…თოვს…რა გაათბობს ცარიელ ოთახს?თოვლს არ აქვს შენი თითების გემო.

ნიკა ჩერქეზიშვილი

 

დაკოჭლება

ზამთარში წვიმა. ეს არაფერს არ ნიშნავს. თითქმის.

მაგრამ მე ვამბობ. ღამეა და. ზამთარში წვიმა.

და ჩემში ღამე. ახლა უკვე სხვა იმიჯს იქმნის.

ვთქვათ. კორონერის. ვთქვათ. მარსალის. მიგლოვეთ. იმათს.

 

ვინც ყველაფერი გაწირეს და საფლავში წვანან.

თქვენს. ვისაც რაღაც დაგრჩენიათ და ნაზად დასდევთ.

საყურადღებოდ. მე ვამბობ რომ. ღამეში. თანაც

ასეთ ღამეში. ასეთ წვიმას თოვლივით დასდებს.

 

მე. არამზადა. ხვალ დილითვე. წარსულის მსგავსად.

იქ. კომბინატში ვეახლები ვიღაცა დებილს.

მე ეს ამბავი ბოღმითა და ტკივილით მავსებს.

მე არ ვუყვარვარ საქართველოს. მე ამას ვხვდები.

 

ეს ჩემი ღმერთი წამოდგა და ჩემიდან მიდის.

ჩემი თვალები. სამუდამო დარდების ზონა.

ძარღვებშიც. როგორც ჩემს ოთახში. ხანია დიდი.

რაც ხსენებული წვიმის დიდი წვეთები ჟონავს.

 

წვიმა. ასევე ზამთარში და ამასთან კოჭლიც.

ორი დღით ადრე გადაყრიან ხიდიდან დასტებს.

ჩემს თავს. ბებერ თავს. ერთნაირად თეთრსა და მოჭრილს

მოიტანს. თქვენთან მოიტანს და თოვლივით დასდებს.

რეზო გეთიაშვილი

თოვლი თოვს

თოვლი თოვს. თეთრი ქარია,
თეთრ სამოსელით ვირთვები.
ჩიტებო, რა გიხარიათ,
რისთვის მღერიხართ ჩიტები.
დიდი ზამთარი იქნება?
ნეტამაც ასე ინებოს!
თქვენ მაინც რა გეფიქრებათ,
რა გენანებათ, ჩიტებო?
გადივლის, დაიფარება
ფიქრებით, თოვლის ქულებით. . .
თქვენ მაინც ვინ გეყვარებათ
ამ პაწაწინა გულებით?
თოვლი თოვს, უფრო თოვდება,
თეთრ სამოსელით ვირთვები.
მივდივარ, აღარ მშორდება
მკერდგაღეღილი ჩიტები.

ალიოშა საჯაია

თოვლი მაინც იყო

ზამთარს ოთახებში ვაშამათებ,
ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი.
თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი,
თუნდაც აქა-იქ და იშვიათად.
ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით
დროის ინდოეთის ოკეანეს –
ისე გაიწელა ნაკიანი,
როგორც დარღვეული პროსოდია.
თოვლი მაინც იყო… მოხვიდოდი..

გიო საჯაია

თოვლიანი საღამო

მიდიხარ თოვლში თოვლივით კარგი

და კარგი ბიჭის ერთგული ცოლი,

და სუსტი მხრებით შენ მიგაქვს ხარკი –

ათასი ბიჭის ნასროლი თოვლი.

გამახსოვრდება გაშლილი მხრები…

გაკრთობს ქუჩაში ნაპოვნი ვნება,

მაგრამ ოჯახში იოლად თბები…

და სხვისი თოვლიც… იოლად დნება.

ტარიელ ჭანტურია

*** 

შემიშვი თოვლის სამშობლოში,
გემუდარები,
სადაც მზე არი, ლურჯი თოში,
ვერცხლის ზარები,
სადაც შენა ხარ ღვთის ზამთარი
და არა ლოთი.
უსასრულობას რომ ამთავრებ თვალების ძროთი.
ალბათ, ამასაც გაჰყიდიან რომ მისცე ნება,
ბავშვსაც ზეცაში რომ ჰკიდია, მიმოზის თმებით.
ეს პალტო ოფლით გაზინთული,
თმა ქერტლიანი.
გინდათ გიჟის და ღვთის სინთეზი მრავალწლიანი
რა თავში იხლით მეტაფორას განსაკუთრებით?
გინახავთ სისხლი, გადახრილი ფანჯრის კუთხიდან?
ან კუთხეს კიდევ იდაყვები რომ მივახმარო…
სევდის კიდეზე
გაშენდება ჩემი სამყარო
შენ შემიყვანე
მის სიღრმეში, ქარების მხრიდან
და ცოტა, მაინც შემიყვარე
იმ შენი ციდან.”

ლია სტურუა

 

კომენტარები

კომენტარი