კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ჟენევაში, გაეროს შტაბ-ბინაში ზურაბ წერეთლის გამოფენა გაიხსნა

ჟენევაში, გაეროს შტაბ-ბინაში, რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის, რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტის, ზურაბ წერეთლის გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე სულ 11 ნამუშევარია წარმოდგენილი. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა თავად ზურაბ წერეთელმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს.

“მიხარია თქვენი ნახვა. თქვენ, ყველას კეთილი თვალები გაქვთ” – ასე მიმართა წერეთელმა საზოგადოებას. მან გაეროს ჟენევის შტაბ-ბინას საჩუქარიც გადასცა – ორიგინალური ტექნიკით შესრულებული სურათი, წმინდა გიორგის გამოსახულებით. აღსანიშნავია, რომ ზურაბ წერეთლის კიდევ ერთი ნამუშევარი, “სიკეთე სძლევს ბოროტებას”, რომლის მთავარი გმირიც წმინდა გიორგია, ნიუ-იორკში, გაეროს შენობის წინ დგას.

ზურაბ წერეთელმა რუსეთის ცენტრალურ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან (ТАСС) საუბრისას აღნიშნა, რომ მას ჟენევაში თავისი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა სთხოვეს. “სიამოვნებით გამოვგზავნე ჩემი ნამუშევრები აქ. ამ დარბაზში ყველაფერი ძალიან ლამაზად და გემოვნებითაა წარმოდგენილი” – განაცხადა მხატვარმა.

გამოფენა გაეროს ოფისის გენერალური დირექტორის, ტატიანა ვალოვაიას ხელშეწყობით გაიხსნა. რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანლის, გენადი გატილოვის თქმით, წერეთლის გამოფენა 2020 წელს დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებათა შორის პირველია. “ჩვენი აზრით, ეს საუკეთესო საშუალებაა ჟენევის საერთაშორისო საზოგადოებისთვის წერეთლის ნამუშევრების გასაცნობად. აქ წარმოდგენილ ნამუშევრებში ჩანს მისი შემოქმედების მთელი დიდებულება, სამყაროს მისეული ხედვა” – აღნიშნა მან.

გამოფენის მთავარი თემა ფორმულირებულია ფრაზით “სიცოცხლის სურვილი და ცხოვრებით ტკბობა”, ამიტომ, წარმოდგენილ ნამუშევრებში, ძირითადად, ნათელი ფერები ჭარბობს.

კომენტარები

კომენტარი