კინო

პროდიუსერი: ,,ფილმის დაფინანსებაზე უარი სამინისტროდან მეორედ მივიღეთ”

ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პროდიუსერი, ქეთი დანელია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ფილმის დაფინანსებაზე უარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან უკვე მეორედ მიიღეს.

მისი თქმით თქმით, სამინისტრომ უარი განაცხადა, რომ დაეფინანსებინა 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირების შესაძენად. პროდიუსერის ინფორმაციით, ელოდებიან საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს, რომელიც თანხის გამონახვას ცდილობს.

“თან მეცინება, თან ვბრაზდები ამ წრეზე ბრუნვით. მეორე უარი კულტურის სამინისტროდან. მეორე უარყოფა. რომ მეუბნებიან რატომ თხოვ რამეს, ხომ იცი რომ მაინც არ მოგცემენ, უფრო მეტად ვბრაზდები. უფრო მეტად მინდება ბრძოლა.

არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ, რომ მიიღონ ეს ფილმი, ძალიან პრინციპულია რომ მიიღონ. ძალიან მეცინება არგუმენტზე” „ეს ხომ არ არის ქართული პროექტი?, ხომ შვედეთმა წარადგინა?“. დიახ, ქართულია!!! უნდა მიიღონ ეს მოცემულობა, რომ ქართულია! რაც ფილმში ხდება, ყველაფერი ქართულია!! საქართველოზეა, თბილისზეა, ჩვენზეა, ჩვენს მეგობრებზეა, ჩვენ გვერდით რომ ცხოვრობენ იმ ადამიანებზეა. ჩვენს კულტურაზეა – კულტურის სამინისტროვ. „მანდარინებიც“ ესტონეთმა წარადგინა ოსკარზე, მაგრამ დავაფინანსეთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი და როგორ. დავაფინანსეთ, მივიღეთ და ძალიან გვიხაროდა ყველას ქართული კინო ოსკარზე!

ახლა ყველაზე გადამწყვეტი ეტაპია ფილმისთვის – წინასაოსკარე კამპანია, რომელშიც უამრავი შრომა, ენერგია და ფინანსებია ჩადებული. სხვადასხვა ქვეყანაში იმართება სპეციალური ჩვენებები კინოაკადემიის წევრებისთვის. ხომ წარმოგიდგენიათ ერთი სეანსის მოწყობაც კი რამხელა რესურსს მოითხოვს, თუნდაც საქართველოში. ჰოდა, ასეთი ძალიან ბევრი ჩვენებაა უკვე გაკეთებული მსოფლიოს მასშტაბით და კიდევ ბევრი დაგეგმილი. ამ ყველაფერზე არავის ვაწუხებთ, მართლა გაგებით ვეკიდებით. მგონი, 50 ფესტივალზე ვიყავით და არც ერთხელ სამგზავრო გრანტი, ან სხვა აქტივობის დაფინანსება არ მოგვითხოვია.

მთელი ამ მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, ერთადერთი რაც ვითხოვეთ, ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ძალიან მნიშვნელოვან ჩვენებაზე და მიღებაზე, (სადაც აუცილებლად უნდა იყოს ჯგუფი) 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირების შეძენა იყო. 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირები.

ახლა, ველოდებით კინოცენტრს, რომელიც ცდილობს თანხა გამოძებნოს.” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც “მოცეკვავეს ამბიციური მეტოქე, ირაკლი შეუყვარდება.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” ქართული კომპანიის Takes Film და შვედური კომპანიის French Quarter Film კოპროდუქციაა. ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს გამოვა.

კომენტარები

კომენტარი