არქიტექტურა, არქეოლოგია

პრიცკერის პრიზი არქიტექტორ ქალებს გადაეცათ

არქიტექტურის საერთაშორისო პრემია – პრიცკერის პრიზი გადაეცათ კომპანია “გრაფტონ არქიტექტსის“ დამაარსებელ ქალბატონებს – ივონ ფარელსა და შელი მაკნამარას. მათ 1978 წელს დუბლინში დააფუძნეს თავიანთი კომპანია.

ჟიურის განცხადებით, პრიზი მათ დაიმსახურეს „მათი მიდგომის მთლიანობისათვის, როგორც მათი შენობებისადმი, ასევე იმ გზისადმი, როგორითაც ისინი ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას“ – კერძოდ, ჟიურიმ აღნიშნა ის, თუ როგორ უძღვებიან ისინი კომპანიას და „მათი კეთილშობილება კოლეგების მიმართ“. ჟიურის თქმით, ისინი არიან „პიონერები სფეროში, რომელიც ტრადიციულად იყო და ისევ რჩება მამაკაცების მიერ დომინირებულ სფეროდ“ და „მაგალითები სხვებისთვის, რადგან ისინი კაფავენ თავიანთ სამაგალითო პროფესიულ გზას“.

ლუიჯი ბოკონის უნივერსიტეტი, მილანი

აღსანიშნავია, რომ მათ ასევე აიღეს ბრიტანეთის არქიტექტურის სამეფო ინსტიტუტის სამეფო ოქროს მედალი შარშან. 2008 წელს მათ აიღეს წლის მსოფლიო შენობის ჯილდო მილანში ლუიჯი ბოკონის უნივერსიტეტისთვის და ბრიტანეთის არქიტექტურის სამეფო ინსტიტუტის საერთაშორისო პრიზი პერუს დედაქალაქ ლიმაში ინჟინერიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კამპუსისთვის.   

ინჟინერიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კამპუსი, ლიმა

მათ დიზაინში იგრძნობა ღრმა პატივისცემა ადგილობრივი კულტურისა და კონტექსტისადმი, იმგვარად, რომ ახერხებენ თანამედროვე და კოსმოპოლიტური შტრიხების ჩართვასაც. ასევე ისინი ითვალისწინებენ გარემოს დაცვის საკითხებს და ინტიმური, მყუდრო და მეგობრული გარემოს შექმნას შენობის შიგნით იმგვარად, რომ შიდა სივრცეებში მუდამ აღწევს სინათლე და ნარჩუნდება კავშირი გარემოსთან, რაც ორიენტირებასაც აადვილებს.

კომენტარები

კომენტარი