შემოქმედებითი ინდუსტრიები

პლატფორმა “მდგომარეობებს შორის” აცხადებს საკონკურო იდეების მიღებას გამოფენისთვის

მედია ხელოვნების პლატფორმა “მდგომარეობებს შორის” აცხადებს საკონკურსო იდეების მიღებას გამოფენისთვის Post.Digital.Dreams.

“Post.Digital.Dreams ეს არის რეფლექსია დღევანდელ ცვალებად ეპოქასთან მიმართებაში, სადაც ტექნოლოგიური განვითარების უსწრაფესი ტემპი, ციფრული ინფორმაციის გავრცელების უმართავი პროცესები, დროისა და სივრცის მუდმივი ინტერნეტკავშირი, მედია მანიპულაციები, ყალბი “ცოდნები” და ინფორმაცია, ალტერნატიული თუ სიმულაციური რეალობები ფუნდამენტურად [გარდა]ქმნის ადამიანის, როგორც აღქმის, ისე გამოხატვის პერსპექტივებს.

პოსტ-ციფრულ ერაში აღარ გვიკვირს ტექნოლოგიური მიღწევები, აღარ გვიკვირს შავი ხვრელის პირველი ფოტო-გამოსახულება, მარსის კოლონიზაციის გეგმა, ილონ მასკის საყოველთაო ინტერნეტ-კავშირის იდეაფიქსი, არც ხელოვნური ინტელექტის ავტონომიურობა, ნეირომეცნიერების განვითარება, ცნობიერების ატვირთვა, მარადიული ციფრული სიცოცხლე, აღარც მედიის და მედიუმის მანიპულაციის თემა, აღარც სოციალურ ქსელებში გადაბარგება და იქიდან ვირტუალურისა და რეალურის ზღვარზე არსებობა წარმოადგენს განსაკუთრებული ყურადღების საგანს.
ერთი რამ ცხადია, გარემო ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც მანამდე იყო. აპოკალიფსი და დემონები, რომელიც კაცობრიობის კოლექტიური ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა, არასდროს ყოფილა მატერიალიზებასთან ისე ახლოს, როგორც დღეს. ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია, სადაც ჩვენ ამ ყველაფერზე კი არ ვფიქრობთ, არამედ ეს ყველაფერი იქცა ჩვენი აზროვნების ნაწილად.

შესაძლოა, მომავლის პერსპექტივა ბევრად უფრო ნათელია – ვადაპტირდებით, ვტრანსფორმირდებით, მოვერგებით, დავიბადებით და მოვკვდებით. თუმცა, ეს უკანასკნელი საეჭვოა… უკვდავების რეალობად ქცევის პერსპექტივა ასე ხელშესახები არასდროს ყოფილა. ჩვენი გონება, ჩვენს მიერ ოდესმე განცდილი თითოეული წამი, შესაძლოა ტრანსფორმირდეს უკვადების დაუსრულებელ, სხეულებრივი მონაცვლეობის წრებრუნვაში. ამ ყველაფერის ფონზე, იმ ფაქტს, რომ გლობალური, “ტექტონური” ცვლილებებისა და ახალი გამოწვევების პერიოდში ვცხოვრობთ, ვერსად გავექცევით. პერიოდში, სადაც არსებული მდგომარეობა ნაცვლდება ახლით.

და მაინც, რა არის ჩვენი ინდივიდუალური გამოხატვის როლი აქ და ახლა? სად ვართ ჩვენ და სად არის პოსტ-პოსტ რეალობის ხატება? ან რა არის ახალი სამეტყველო ენა, რომლითაც ამ რეალობაზე ვსაუბრობთ?” – აღნიშნულია პრესრელიზში, რომელიც გამოფენის ორგანიზატორებმა “არტნიუსს” მიაწოდეს.

მდგომარეობებს შორის” ტრანსდისციპლინურ სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია ხელოვნებას, ახალ ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვა [სინთეზურ] მოცემულობებს აერთიანებს.

პლატფორმის ფუნქციონირების მთავარ პრინციპს კომპლექსური კურატორული მიდგომა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ცვალებადი სოციო-პოლიტიკური კონტექსტბის იდენტიფიცერებას, კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი ცოდნებისა და გამომსახველობითი ფორმების მანიფესტაციების გენერირებას საგამოფენო კონტექსტში.

კომენტარები

კომენტარი