კინო საშემსრულებლო ხელოვნება

“პატარა ქალთევზას” რიმეიქში პრინცი ერიკის როლის შემსრულებელი ნაპოვნია

რამდენიმეთვიანი ძიების შემდეგ, “პატარა ქალთევზას” რიმეიქში პრინცი ერიკის როლის შემსრულებელი ნაპოვნია. ის მსახიობი ჯონა ჰაუერ კინგია, რომელსაც Disney-ს ახალ ფილმში ჰოლი ბეილთან, მელისა მაკარტისა და ხავიერ ბარდემთან ერთად ვიხილავთ.

ერიკის როლზე, თავდაპირველად, ჰარი სტაილსი, კოულ სპროუსი, ასევე, მისი ძმა – დილანი, ზეინ მალიკი, კოდი ფერნი, ჯორდან ფიშერი, ჩარლზ მელტონი, და სხვები განიხილებოდნენ. მას შემდეგ, რაც 25 წლის ბრიტანელმა მომღერალმა და მსახიობმა, ჰარი სტაილსმა, რეჟისორ რობ მარშალის წინადადება არ მიიღო და პრინცის როლზე უარი თქვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Disney არცევანს კამერონ კაფესა და ჯონა ჰუერ კინგზე გააკეთებდა.

“პატარა ქალთევზას” ადაპტაციაში არიელის როლს, როგორც იცით, ჰოლი ბეილი შეასრულებს, მისი ბოროტი მტრის, ურსულას როლში მელისა მაკარტს ვიხილავთ, არიელის მამის, მეფე ტრიტონის როლზე კი ესპანელი მსახიობი, ხავიერ ბარდემი დაამტკიცეს.

ფილმისთვის მუსიკას ალან მენკენი და ლინ-მანუელ მირანდა დაწერენ.

“პატარა ქალთევზას” ახალი ფილმის სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის Disney-ს 1989 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გავრცობილი ვარიანტი იქნება.

ანიმაციური ფილმი ეფუძნება დანიელი მწერლის, ჰანს კრისტიან ანდერსენის ამავე სახელწოდების ზღაპარს. მასში მოთხრობილია ქალთევზა არიელზე, რომელსაც უყვარდება უფლისწული და ოცნებობს, ადამიანად იქცეს. 

კომენტარები

კომენტარი